შინაარსზე გადასვლა

ბაიკონურის კოსმოდრომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაიკონურის კოსმოდრომი (რუს. Байконур < ყაზახ. Байқоңыр [Bajqoŋyr] — „მდიდარი ველი“) — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი კოსმოდრომი ყაზახეთში, ყიზილორდის ოლქში. მდებარეობს არალის ზღვიდან აღმოსავლეთში 200 კმ მანძილზე, მდ. სირ-დარიის ჩრდილო ნაპირზე, ქალაქ ტიურა-ტამთან ახლოს. იგი იჯარით აქვს აღებული რუსეთის ფედერაციას (2050 წლამდე) და მას განაგებს რუსეთის კოსმოსური სააგენტო. იგი აგებულ იქნა სსრკ-ის მიერ 50-იან წლებში, როგორც სამხედრო პოლიგონი საკონტინენტთაშორისო რაკეტებს გამოსაცდელად. სამართავი და ადმინისტრაციული პუნქტების გეოგრაფიული კოორდინატებია 45°55′12.64″ ჩ.გ. და 63°20′32.48″ ა.გ. მაშინ, როდესაც ერთ-ერთი სასტარტო მოედანი განლაგებულია 45°57′52.61″ ჩ.გ. და 63°18′18.26″ ა.გ.

ბაიკონურის კოსმოდრომი

სახელწოდება "ბაიკონური" სსრკ-ის ხელმძღვანელობის მიერ შერჩეული იქნა იმ მიზნით, რომ დასავლეთისათვის დაემალათ კოსმოდრომის ნამდვილი ადგილდებარეობდა და "ეჩვენებინათ", რომ თითქოს იგი მდებარეობდა ქალაქ ბაიკონურთან, რომელიც ნამდვილი კოსმოდრომიდან 200 კმ დაშორებით მდებარეობს ცენტრალურ ყაზახეთში.

ბაიკონურის კოსმოდრომი დაარსებულ იქნა 1955 წლის 2 ივნისს. თავდაპირველად იგი დაარსდა, როგორც სამხედრო პოლიგონი საკონტინენტთაშორისო რაკეტების გამოსაცდელად და მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა მან კოსმოდრომის ფუნქცია. სერგეი კოროლიოვმა, რ-7 რაკეტების მთავარმა კონსტრუქტორმა შეარჩია ადგილი რაკეტების რადიოთი სამართავად, რომელიც ამ კოსმოდრომიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით იყო დაშორებული. ყოველივე ამან ბაიკონურის კოსმოდრომი სსრკ-ის ერთ-ერთ უძვირეს წამოწყებად აქცია. კოსმოდრომთან ახლოს მთელი ქალაქიც კი გაშენდა, რომლის მოვალეობა კოსმოდრომის მომსახურება იყო და მას ლენინსკი ეწოდა 1966 წელს.

ბაიკონურის კოსმოდრომთან ბევრი ისტორიული გაფრენაა დაკავშირებული კოსმოსში: პირველი საკონტინენტთაშორისო რაკეტების გამოცდა, დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი (სპუტნიკ-1) 1957 წელს, პირველი ადამიანი კოსმოსში (იური გაგარინი) 1961 წელს, პირველი ქალი კოსმოსში (ვალენტინა ტერეშკოვა) 1963 წელს, ბევრი კოსმონავტი სხვადასხვა ქვეყნებიდან (ჩეხოსლოვაკია, ვიეტნამი, ბრაზილია). ბაიკონურის კოსმოდრომი არც კატასტროფებისგან იყო დაზღვეული, ერთ-ერთი ასეთი კატასტროფა მოხდა 1960 წელს, როდესაც რ-16 რაკეტის აფეთქებამ ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (იხ. ნედელინის კატასტროფა)

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 1991 წელს რუსულმა კოსმოსურმა პროგრამამ გააგრძელა თავისი მოღვაწეობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მფარველობის ქვეშ. 1995 წელს ქალაქს, რომელიც კოსმოდრომს ერტყა გარს, სახელი გადაერქვა და ბაიკონური ეწოდა. 2005 წელს დაიდო ხელშეკრულება რუსეთსა და ყაზახეთს შორის ბაიკონურის კოსმოდრომის იჯარით რუსეთისთვის გადაცემის შესახებ 2050 წლამდე. იჯარის ფასი 115 მლნ აშშ დოლარია, რაც უთანხმოებას იწვევს ამ ორ სახელმწიფოს შორის და რაც აიძულებს რუსეთს, რომ გააფართოვოს მის ტერიტორიაზე მდებარე პლესეცკის კოსმოდრომი.

კოსმოდრომის შესაძლებლობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიკონურის კოსმოდრომის მეშვეობით შესაძლებელია როგორც უპილოტო, ასევე პილოტირებული გაფრენების განხორციელება. ამ კოსმოდრომიდან უშვებენ საბჭოთა (ახლა რუსული) რამდენიმე თაობის რაკეტა-მატარებლებს როგორიცაა: სოიუზი, პროტონი, ციკლონი, დნეპრი და ზენიტი. აშშ-ის კოსმოსური პროგრამის დროებით შეჩერების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო შატლ "კოლუმბიის" დაღუპვით 2003 წელს ბაიკონურის კოსმოდრომზე გადავიდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომარაგება და მასზე კოსმონავტების გაშვება.

მომავლის პროექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის 22 დეკემბერს რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ, სადაც ორივე მხარეს 50 %-იანი წილი ექნება. ხელშეკრულების მიზანია რუსული "ანგარა" ტიპის რაკეტების გასაშვები კომპლექსის შექმნა და იგი 2009 წლისათვის უნდა აშენდეს. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება ორბიტაზე 26 ტონა ტვირთის გაგზავნა (ამჟამად 20 ტონა ტვირთი იზავნება "პროტონის" ტიპის რაკეტებით). ამას გარდა, "ანგარა" გამოიყენებს თხევად ჟანგბადს და ნავთს, რაც უფრო სუფთა საწვავი და მჟანგველია, ვიდრე ისინი, რომლებსაც ძველი რაკეტები იყენებდნენ (იგივე "პროტონი" მაგალითად. იგი იყენებს არასიმეტრიულ დიმეთილჰიდრაზინს საწვავად და აზოტის ოთხჟანგს მჟანგველად, ორივე ნივთიერება მეტად შხამიანია).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]