ბათუმისათვის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბათუმისთვის ბრძოლა)
ბათუმისათვის ბრძოლა
რუსეთ-საქართველოს ომის (1921) ნაწილი
თარიღი 18 მარტი19 მარტი, 1921
მდებარეობა ბათუმი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
შედეგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამარჯვება
მხარეები
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია საქართველოს დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მეთაურები
ოსმალეთის დროშა მუსა ქიაზიმ ყარაბექირი საქართველოს დროშა გიორგი მაზნიაშვილი
ძალები
3500 ჯარისკაცი[1] 3000 ჯარისკაცი[1]
დანაკარგები
200-ზე მეტი მოკლული 84 მოკლული

ბათუმისათვის ბრძოლა1921 წელს გამართული ბრძოლა ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას ქემალისტურმა თურქეთმა საქართველოს ართვინის და არტაანის გადაცემა მოსთხოვა ულტიმატუმის სახით. საქართველოს მთავრობამ ეს ულტიმატუმი არ მიიღო, თუმცა აღნიშნული ქალაქები დაცალა, რადგან ორ ფრონტზე ბრძოლა არ შეეძლო, თურქულმა ჯარმა 23 თებერვალს აღნიშნული ქალაქები დაიკავა, რაც ქართულმა მთავრობამ იურიდიულად არ ცნო. ამის შემდეგ თურქული მხარის პრეტენზიები თითქოს ამოიწურა და მათ საქართველოს დახმარება შესთავაზეს რუს ბოლშევიკებთან ბრძოლში. 11 მარტს თურქული ჯარის მეწინავე ნაწილები ბათუმში შევიდნენ. მათი მიზანი ბათუმის ოლქის დაკავება იყო და არა ქართვლებთან ერთად ბრძოლა ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ეს უფრო ავანტიურული ნაბიჯი გახლდათ, რადგანაც მოსკოვში მიმდინარეობდა მოლაპარაკება საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის, რაც 1921 წლის 16 მარტს მოსკოვის ხელშეკრულებით დასრულდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის ოლქი ჯერ კიდევ ბოლომდე დაუპყრობელ საქართველოს რჩებოდა, მაგრამ საბჭოთა საქართველოს. რუსეთ-საქართველოს ომი კი სრულდებოდა, მცირერიცხოვანი ქართული შენაერთები ბათუმის ოლქსა და საჯავახოს ხაზზე იყო განლაგებული. დიმიტრი ჟლობას მეთაურობით რუსული არმიის ერთი დაჯგუფება კი გოდერძის უღელტეხილის გავლით ბათუმის ოლქში ქართული არმიის ზურგში გადავიდა.

17 მარტს, ბათუმში მყოფ თურქულ ნაწილებზე დაყრდნობით, ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გუბერნატორად გამოაცხადა, თურქულმა ნაწილებმა დაიკავეს ყაზარები, ფოსტა-ტელეგრაფიის, მილიციის და სხვა შენობები. 17-18 მარტს, ქუთაისის მოლაპარაკების შედეგად, რუსეთ-საქართველოს ომი დასრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძვნებელი კრების გადაწყვეტილებით, მთავრობა ემიგრაციაში წავიდა და ქვეყნის ოკუპაცია იურიდიულად არ ცნო. ქუთაისის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, ომის შეწყვეტასთან ერთად, ბათუმიდან თურქული ნაწილების განდევნა იყო.

საბრძოლო მოქმედებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

18 მარტის ბრძოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაზნიაშვილმა სწრაფად ჩამოყალიბა შტაბი, მოადგილედ დანიშნა გენერალი გიორგი სუმბათაშვილი, რომელიც გამოიხმო ლანჩხუთიდან და შექმნა ორი საბრძოლო უბანი: „ბარცხანა – კახაბერი“ (მეთაური ვ. წულუკიძე) და „სტეფანოვკა – ანარია“ (მეთაური დ. ართმელაძე). ბათუმიდან დაუყოვნებლივ გაგზავნა ცარიელი ვაგონები გურიიდან წითელი არმიის დანაყოფების ბათუმში ჩამოსაყვანად.

ღამის 4 საათზე მაზნიაშვილი და ჟღენტი მივიდნენ ქავთარაძესთან, რომელსაც მოახსენეს გეგმის შესახებ. 18-ში დღის პირველ ნახევარში ოფიცრებთან ერთად ნაპირზე გადმოვიდა გ. კვინიტაძე, რათა გაერკვია რა ხდებოდა ქალაქში, გაგზავნილი იუნკრებისგან უახლესი ცნობები, ხოლო ვ. წულუკიძისგან წერილი მიიღო და უკან დაბრუნდა.

დილის 6 საათზე ქალაქის ყველა ქუჩაში გამოკრული იყო ბრძანება მაზნიაშვილის სარდლად და გენერალ-გუბერნატორად დანიშვნის შესახებ. მაზნიაშვილმა წაუყენა ულტიმატური ოსმალებს 1 საათის განმავლობაში დაეტოვათ ბათუმის ოლქი, წინააღმდეგ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებდა. ქიაზიმ ბეიმ ულტიმატუმს არ უპასუხა.

7 საათზე გაიცა ბარცხანას ფორტის და ყაზარმების დაკავების ბრძანება. ქართულმა დანაყოფებმა დაიკავეს ნავთსადგომი და ორი მხრიდან შეუტიეს საბარგო სადგურს, რომლის უკანაც ბარცხანას ფორტი იყო. 16:00-მდე ფორტებთან ბრძოლა არ შეწყვეტილა. ამ დროს ჩაქვის მხრიდან შემოვიდა ეშელონი, ოსმალები გამოვიდნენ ფორტიდან, გააჩერეს ეშელონი და ჯარისკაცების განიარაღება დაიწყეს, რადგან ქართველები ეგონათ. არადა ეს ეშელონი წითელი არმიის ის პირველი ეშელონი იყო, რომელიც მაზნიაშვილის ბრძანებით გამოატარეს გურიიდან და მათ ბრძოლაში ჩაბმა აკრძალული ჰქონდათ. შექმნილი არეულობით და პაუზით ისარგებლეს ქართულმა რაზმებმა და მიუახლოვდნენ ფორტს, რომლის ალაყაფი ღია იყო.

სადგურის პაკჰაუზის უკან იდგა ცხენოსნი რაზმი ფრიდონ წულუკიძის მეთაურობით, ფრიდონი გამოიჭრა საფრიდან, ცხენით გადაევლო შლაგბაუმს და ხმლით ხელში დაერია ოსმალებს, მას ცხენოსნები და ქვეითები მიყვნენ. ნახევარი საათის შემდეგ ბარცხანის გარნიზონი განადგურებულ იქნა. ტყვედ ჩავარდა 218 ასკერი, რომლებიც შტაბში მოიყვანეს. მატარებელს გზა გაეხსნა, შემოვიდა სადგურში, სადაც რევკომის წევრები დახვდნენ და ქალთა გიმნაზიის შენობაში დააბინავეს. აღსაღნიშნავია რომ წითელ არმიას არანარი მონაწილეობა არ მუღია ბათუმის ბრძოლაში, რადგან სასტიკად ჰქონდათ აკრძალული მოკავშირე ოსმალებთან შეტაკება. ბარცხანას აღების შემდეგ ქობულეთისკენ გაიყვანეს ქართველი კავალერისტები, რადგან ცხენების საკვები ქალაქში არ იყო. საღამოს 21:00-ზე მაზნიაშვილთან გამოცხადდა მე-18 ცხენოსანი დივიზიის წარმომადგენელი და აცნობა რომ გოდერძის უღელტეხილიდან ქალაქს მოუახლოვდა დ. ჟლობა თავის დივიზიასთან ერთად და მდ. აჭარისწყალზე გაჩერდა. ოსმალები დღის განმავლობაში ცდილობდნენ კახაბერის (N2 ფორტი) აღებას, საჭირო იყო მიხმარება. ამ მიზნით მაზნიაშვილმა გადაწყვიტა ჟლობას დანაყოფები ჩაეყენებინა სტეფანოვკის (N5 ფორტი) და ანარიის ფორტებზე, ხოლო გამონთავისუფლებული ძალით დახმარებოდა კახაბერის ფორტს. ორი საათის შემდეგ მაზნიაშვილისგან გაგზავნილი მანქანით ჟლობა ბათუმში ჩამოვიდა და რევკომში მიიყვანეს. ჟლობა დათანხმდა დაეკავებინა ფორტები და უკან დაბრუნდა დივიზიის ჩამოსაყვანად. მაზნიაშვილმა უბრძანა ფროტების გარნიზონებს კახაბერის ფორტებისკენ წასულიყვნენ.

19 მარტის ბრძოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღამით ბრძოლები არ მიმდინარეობდა. დილიდან ოსმალებმა შეუტიეს კახაბერის ფორტს, მაგრამ მაიორ პ. ქარუმაძის ბატარეა ზუსტად უშენდა და არ აძლევდა წინსვლის საშუალებას, თუმცა დიდი დანაკარგების ფასად. ბატარიაში დაიღუპა და დაიჭრა ყველა მემიზნე და მომსახურე პერსონალი, ქვემეხის გათვლებთან ოფიცრები იდგნენ. მაზნიაშვილმა მილიციის უფროსის დახმარებით სასწრაფოდ შეკრიბა არტილერიაში ოდესღაც მომსახურე 20 მოხალისე და მიახმარა ქარუმაძეს. სტეფანოვკის და ანარიის გარნიზონები ქალაქში რამდენჯერმე შეეტაკნენ ოსმალებს და გაიკაფეს გზა კახაბერის ფორტისკენ. მტერმა გამოცდილი და მაღალი ჩინის ორი ოფიცერი დაკარგა, ვერ გაუძლო ბრძოლას და დიდი დანაკარგებით დაიფანტა.საღამოსკენ ბათუმის მიდამოები პრაქტიკულად თავისუფალი იყო. ოსმალები გამაგრდნენ მილიციის და ფოსტა-ტელეგრაფის შენობებში. რომლებსაც ჩვენებმა არტილერია დაუმიზნეს და ალყაში მოაქციეს.

ოსმალების დანებება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

20 მარტს, დილის 9 საათზე, მაზნიაშვილთან გამოცხადდა ქიაზიმ ბეის მდივანი და აცნობა რომ ოსმალები მზად იყვნენ ქალაქიდან გასასვლელად. ოღონდ ერთი დღის საკმარის პურს ითხოვდნენ, რადგან მესამე დღეა არაფერი ეჭამათ. მაზნიაშვილმა მიიღო პირობები და დაცვის თანხლებით გაუშვა ოსმალები ბათუმიდან. 12:00-ზე ქალაქი მთლიანად დაიცალა ოსმალებისგან და ბრძოლა დასრულდა. ქართულმა დანაყოფებმა დაკარგეს 84 მებრძოლი. ოსმალებმა 200-ზე მეტი. 21 მარტს 50-მდე ქართველი მეომარი დაკრძალეს აზიზიეს მოედანზე. კომუნისტებმა საძმო სასაფლაო მოაასფალტეს და მხოლოდ 1990 წელს, ეროვნული მოძრაობის გაძლიერების დროს მოხერხდა ასფალტის აყრა და გმირების ღირსეულად დაკრძალვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სილაქაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 60-61.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ლ. თოიძე, ბრძოლა ბათუმისათვის, 1921 წლის მარტი, თბ., 2009 გვ. 39