ფრიდონ წულუკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ (ფრიდონ) ალექსანდრეს ძე წულუკიძე (დ. 8 ოქტომბერი, 1894, თბილისი, — გ. 7 ნოემბერი, 1976, მადრიდი) — თავადი, ქართველი სამხედრო მოღვაწე.

პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაირიცხა რუსეთის იმპერიის არმიის მე-7 ოლვიოპოლის ულანთა პოლკში. 1915 წელს დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა ბრძოლებში გალიციის ტერიტორიაზე, სადაც 1917 წელს დაიჭრა. ჰქონდა კორნეტის, შემდეგ შტაბს-როტმისტრის წოდება. დაჯილდოებული იყო IV ხარისხის გიორგის ჯვრით. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში პოდპოლკოვნიკის, შემდეგ პოლკოვნიკის წოდებით. თავი გამოიჩინა ბათუმიდან თურქეთის ჯარის განდევნის ოპერაციაში 1921 წლის მარტში (თავის მოგონებებში ამ ეპიზოდის აღწერისას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი წულუკიძეს „თავზედხელაღებულ მამაც პოლკოვნიკს“ უწოდებს[1]). გასაბჭოების შემდეგ ერთხანს მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში. 1923 წლიდან ემიგრაციაში იყო საფრანგეთში. 1936-1939 წლებში მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში ნაციონალისტების მხარეზე.

მეორე მსოფლიო ომის წლებში (1939-1945) წულუკიძეს რთული სამხედრო ბიოგრაფია ჰქონდა. 1940 წლის ივნისიდან 1941 წელის სექტემბრამდე მსახურობდა საფრანგეთის არმიაში. 1942 წელის ოქტომბრიდან 1944 წლის აგვისტომდე იყო გერმანიის ვერმახტის ერთ-ერთი კავკასიური ფორმირების მეთაური კელცეში. 1944 წლის აგვისტოდან „სს“-ის რეზერვში ირიცხებოდა. 1945 წლის თებერვალში ვაფენ-შტანდარტენფიურერის წოდებით სათავეში ჩაუდგა ვაფენ-სს-ის ქართულ ჯგუფს (SS-Waffengruppe Georgien), რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში იყო განლაგებული. იმავე წლის აპრილში იტალიელი პარტიზანების მხარეს გადავიდა. ომის შემდეგ ცხოვრობდა ესპანეთში და მუშაობდა ესპანეთის ნაციონალური რადიოს რუსულ სექციაში. გარდაიცვალა მადრიდში 1976 წელს, 82 წლის ასაკში.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრიდონ წულუკიძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მაზნიაშვილი, გიორგი. მოგონებანი : 1917-1925. თბილისი : სახელმწიფო გამომცემლობა. — 1927. — გვ. 203.
  2. Часовой. - Париж - Брюссель, 1961, № 417, № 418.