ბავეანი
ბავეანი (ინდონ. Pulau Bawean) ― კუნძული ინდონეზიაში. მდებარეობს სურაბაიიდან 150 კმ-ით ჩრდილოეთით, იავის ზღვაში. შედის აღმოსავლეთ იავის პროვინციის გრესიკის სარეგენტოში. კუნძულის დიამეტრი დაახლოებით 15 კმ-ია. ბავეანის ცენტრი ჩამქრალ ვულკანს უკავია, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 655 მეტრს შეადგენს. 2010 წელს კუნძულის მოსახლეობა 70 000 ადამიანს შეადგენდა, თუმცა 26 000 მეტი ადამიანი (მამამკაცთა 70%) დროებით ინდონეზიის სხვა ნაწილებში, სინგაპურსა და მალაიზიაში მუშაობს და ცხოვრობს.[1] კუნძულის მუდმივი მოსახლეობის 77%-ს ქალები შეადგენენ, რის გამოც კუნძულს ხშირად „ქალების კუნძულს“ (ინდონ. Pulau Putri) უწოდებენ.[2][3] 2020 წლის აღწერის მიხედვით კუნძულის მოსახლეობა 80 289 ადამიანს შეადგენს.[4]
კუნძულის ტერიტორია ორ ადმინისტრაციულ რაიონად იყოფა: სანგკაპურად და ტამბაკად. მოსახლეობის 63% (დაახლოებით 50 612 ადამიანი) სანგკაპურის რაიონში ცხოვრობს და ამავე სახელწოდების მქონე ქალაქის ცენტრში არიან კონცენტრირებული, რომელიც კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს.[5] დარჩენილი 37% ტამბაკის რაიონში, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს. კუნძული მდიდარია ენდემური სახეობებით, როგორიცაა ბავეანის ირემი, რომელიც მხოლოდ ამ კუნძულზე გვხვდება და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაშია შეყვანილი. კუნძულის ირგვლივ ნავთობისა და ბუნებრივი აირის წყალქვეშა საადოები მდებარეობს.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის სახელწოდება ძველი იავური ენიდან წარმოდგება. ბა სინათლეს, ვე მზეს, ხოლო ან ყოფნას აღნიშნავს, რაც საერთო ჯამში ითარგმნება, როგორც „მზით განათებული“. ლეგენდის თანახმად, იაველი მეზღვაურები 1350 წელს ნისშლი დახეტიალებდნენ და კუნძულს ასე უწოდეს იმის გამო, რომ მის ირგვლივ სუსტი სინათლე შენიშნეს. მანამდე კუნძულს არაბული სახელი მაჯიდი ჰქონდა.[6][7][8][9][10]
XVIII-XX საუკუნეებში ნიდერლანდელთა კოლონიზაციის პერიოდში კუნძულს სახელი გადაარქვეს და ლუბოკი უწოდეს, თუმცა ადგილობრივები და თვით ნიდერლანდელების კი ბავეანს ეძახდნენ.[7][11] 1940-იანი წლებიდან ნიდერლანდელთა სახელწოდება აღარ გამოიყენება.
ლინგვისტური ცვლილების გამო კუნძულს ბოიანს, ხოლო მაცხოვრებლებს ბოიანელებს ეძახიან. სახელწოდებები გავრცელებულია მალაიზიასა და სინგაპურში, რადგანაც იქ ბევრი ბავეანელი ვიზიტორი ჩადის.[9][10] კუნძულს „ქალთა კუნძულადაც“ მოიხსენიებენ, რაც ბავეანზე მუდმივად მცხოვრები ქალების დიდ რაოდენობასთანაა დაკავშირებული. XIX საუკუნიდან მოყოლებული მამაკაცები კუნძულს გარეთ ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს იღებენ ხოლმე. 2009 წელს ქალი მოსახლეობის ნომინალური წილი 52%-ს უდრიდა, თუმცა კუნძულიდან წასული რეზიდენტების გათვალისწინებით მათი ფაქტობრივი წილი 77%-მდე იზრდება. აღნიშნული დისბალანსი ეროვნული და საერთაშორისო კვლევების საგანია.[1][2]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული იავის ზღვაში მდებარეობს, კუნძულ მადურიდან 150 კმ-ით ჩრდილოეთით. ბავეანს წრიული ფორმა აქვს. დიამეტრი 11-18 კმ-ის ფარგლებში. სანაპიროზე ბევრი პატარა ყურეა.[1][11] კუნძულის სანაპიროდან 600 მეტრის რადიუსში ბევრი პატარა ქვიშის კუნძული (ნოკო), კლდე და მარჯნის რიფია. დიდი სატელიტი კუნძულებია: სელაიარი, სელაიარ-ნოკო, ნოკო-გილი, გილი-ტიმური და ნუსა.
კუნძულის დიდი ნაწილი მთიანია, გარდა წვრილი სანაპირო ხაზისა და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ვაკეებისა. ადგილობრივები ბავეანს ხშირად „99 ბორცვის კუნძულს“ უწოდებენ. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 655 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ინდონეზიურად მას გუნუნგ-ტინგი ჰქვია, რაც „მაღალ მთას“ ნიშნავს.[12] მაღლობები კუნძულის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილშია. კუნძულზე რამდენიმე კალდერული ტბაა, რომელთაგანაც ყველაზე დიდი კასტობის ტბაა (ინდონ. Danau Kastoba). ტბის ფართობი 0.3 კმ²-ია, სიღრმე ― 140 მ-ია და ზღვის დონიდან 300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[12][13] კუნძულზე რამდენიმე პატარა მდინარე და ჩანჩქერია.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავეანი მუსონურ კლიმატურ სარტყელშია. ტენიანობის მაჩვენებელი ინდონეზიის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. წლიური და დღიური ტემპერატურა მცირედ მერყეობს. საშუალო მაქსიმუმი 30 °C-ია (86 °F), ხოლო საშუალო მინიმუმი 24.5 °C (76.1 °F).[14] წვიმების სეზონი დეკემბრიდან მარტამდე გრძელდება, ხოლო საშუალო თვიური ნალექიანობა 402 მმ-ია დეკემბერში და 23 მმ ― აგვისტოში. წვიმების სეზონის დროს ჩრდილო-დასავლეთის ქარები, ხოლო მშრალი სეზონის დროს აღმოსავლეთის ქარები დომინირებენ.[12][14]
გეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული ცენტრში მდებარე ვულკანიდან წარმოიშვა. მისი ზედაპირის 85%-ს მაგმური ქანები შეადგენენ. ზოგან კირქვა, ქვიშაქვა და დოლომიტი გვხვდება.[12][15] სანაპირო ზოლში ძირითადად ალუვიონია, სადაც ქვიშა და ნაცრისფერი თიხა ჭარბობს.
ადმინისტრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავეანი აღმოსავლეთ იავის პროვინციას (ინდონ. Provinsi Jawa Timur) მიეკუთვნება. 1975 წელს გრესიკის სარეგენტოს (kabupaten) ნაწილი გახდა. კუნძული ორ ადმინისტრაციულ რაიონად (kecamatan): სანგკაპურად და ტამბაკად იყოფა. ორივე რაიონი ამავე სახელწოდების ქალაქების ირგვლივაა განლაგებული. სანგკაპურის რაიონი 17 სოფელს,[16] ხოლო დამბაკის რაიონი 13 სოფელს მოიცავს.[16] ორი რაიონი ბავეანის მახლობლად მდებარე 12 პატარა კუნძულსაც მოიცავს. 2020 წლის აღწერით სანგკაპურის რაიონში 50 612 ადამიანი, ხოლო ტამბაკის რაიონში 29 677 ადამიანი ცხოვრობს.
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (1978) Preliminary report of the status of the Bawean deer Axis kuhli. In: Threatened deer, proceedings of a working meeting of the Deer Specialist Group..
- (1979) Proposed Bawean Island Wildlife Reserve management plan.
- Blower, J.H. (1975). Report on a visit to Pulau Bawean. UNDP/FAO Nature Conservation and Wildlife Management Project INS/73/013. Field Report.
- Hoogerwerf, A. (1966). Notes on the island of Bawean, with special reference to the birds. Natural History Bulletin of the Siam Society, Vol. 21.
რესრუსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bawean Island - Tourism and Map
- UNESCO – Migration report on Malaysia
- Experience Asia Through the Eyes of a Traveler – Indonesia's Bawean Island: The Magic of Faith
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Ida Bagoes Mantra. Indonesian Labour Mobility to Malaysia (A Case Study: East Flores, West Lombok, And The Island Of Bawean).
- ↑ 2.0 2.1 Rebecca Soraya Leake. (July 2009) Pulau Putri: Kebudayaan Migrasi dan Dampaknya di Pulau Bawean.
- ↑ Pertanian di Bawean Terancam Puso Indonesian. Media Bawean (11 March 2010). ციტირების თარიღი: 24 October 2010
- ↑ Badan Pusat Statistik, Jajarta, 2021.
- ↑ Pertanian di Bawean Terancam Puso Indonesian. Media Bawean (21 March 2010). ციტირების თარიღი: 24 October 2010
- ↑ Bawean.
- ↑ 7.0 7.1 Bawean. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-17. ციტირების თარიღი: 2010-10-24
- ↑ Airport to be Built on Bawean Island. Indonesia Tourism News (29 July 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-07. mirror
- ↑ 9.0 9.1 Persatuan Bawean Singapura Indonesian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-25.
- ↑ 10.0 10.1 Orang Bawean di Singapura Indonesian (20 April 2010).
- ↑ 11.0 11.1 Bawean Russian. Brockhaus and Efron Encyclopedic Dictionary.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 Cagar Alam Pulau Bawean (Bawean Island Nature Reserve), Suaka Margasatwa. UNEP—WCMC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-09-15. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ Lake Kastoba. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-13. ციტირების თარიღი: 2010-10-24
- ↑ 14.0 14.1 (1979) Proposed Bawean Island Wildlife Reserve management plan. WWF-Indonesia, გვ. 63.
- ↑ Tanggapan Bencana Gerakan Tanah di Puiau Bawean, Kab. Gresik, Jawa Timur Indonesian (13 March 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-05.
- ↑ 16.0 16.1 Peta Wisata Gresik Indonesian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-12. ციტირების თარიღი: 2010-10-24