ენდემები
ენდემები (ბერძ. ἔνδημος — ადგილობრივი) — მცენარეები ან ცხოველები, რომელთაც უჭირავთ რომელიმე გეოგრაფიული რეგიონის, პროვინციის, ოლქის, რაიონის ცალკეული ადმინისტრაციული ან ოროგრაფიული ერთულის განსაზღვრული არეალი და დედამიწის ზედაპირის სხვა ნაწილში არ გვხვდებიან. შეიძლება იყოს კავკასიის, ყირიმის, ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, საქართველოს, კავკასიონის, თბილისის მიდამოების ენდემები და ა. შ. ენდემური შეიძლება იყოს მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, გვარები, ოჯახები და სხვა სისტემატიკური ერთულები. მაგ. ახალი ზელანდიის ენდემების პირველხვლიკების (Prosauria) ქვეკლასი, სამხრეთ ამერიკის — ნანდუსნაირთა (Rheiformen) რიგი, სამხრეთ აფრიკის — ჟირაფისებრთა (Giraffidae) ოჯახი, შორეული აღმოსავლეთის ენოტისმსაგვსი ძაღლის (Nyctereures) გვარი, კავკასიონისა — აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis) და დასავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra severtzovi). ზოგჯერ ენდემების არეალი ძალიან მცირეა. მაგ., კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus) მხოლოდ კავკასიონის მთამაღალზე გვხვდება; პრომეთეს მემინდვრის (Prometheomys schaposchikovi) — ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიონზე და გურია-აჭარის ქედზე; ჩიმბორასოს კოლიბრი (Oreotrochilus chimboraso) — მხოლოდ ჩიმბორასოს პიკზე (სამხრეთ ამერიკა); მეგრული არყი (Betula megrelica) მხოლოდ სამეგრელოში იზრდება; ბიჭვინთის ფიჭვი (Pinus pithyusa) — შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთიდან ანაპამდე; ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica) — ეილარ-ოუღის მთაზე; ქართული ნუში (Amygdalus georgica) — ქართლსა და გარეკახეთში; გიგანტური სეკვოიადენდრონი (Sequoiadendron giganteum) — სიერანევადის დასავლეთ კალთებზე (კალიფორნია).
ენდემებით განსაკუთრებით მდიდარია ღრმა ტბები, მთიანი ქვეყნები, ოკეანის კუნძულები. საქართველო, როგორც მთიანი ქვეყანა, მდიდარია ენდემური სახეობებით. აქ აღრიცხული გვიმრანაირი და თესლოვანი მცენარეების 4100-მდე სახეობიდან 400-ზე მეტი ენდემურია. კავკასიაში გავრცელებული მცენარეთა 16-მდე ენდემური გვარიდან საქართველოსათვის აღნიშნულია Alboviodoxa, Charesia, Pseudovesicaria, Symphyoloma და სხვა გვარები. ენდემებით მდიდარია აგრეთვე გეოგრაფიულად და ეკოლოგიურად იზოლირებული ქვეყნები. ასეთია მაგ., ავსტრალია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთგასავლიანების ჩანთოსანი ძუძუმწოვრების და ევკალიპტების მრავალი ენდემური სახეობა.
ცნობილია ენდემების 2 ჯგუფი: პალეოენდემები და ნეოენდემები. პირველს ეკუთვნის გიგანტური სეკვოიადენდრონის, პატერის და სხვა, ხოლო მეორე ჯიხვი და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშვილი ა., გაგნიძე რ., ქსე, ტ. 4, გვ. 151, თბ., 1979
- Juan J. Morrone (1994). „On the Identification of Areas of Endemism“ (PDF). Systematic Biology. 43 (3): 438–441. doi:10.1093/sysbio/43.3.438.
- CDL Orme, RG Davies, M Burgess, F Eigenbrod; et al. (18 August 2005). „Global hotspots of species richness are not congruent with endemism or threat“. Nature. 436 (7053): 1016–9. doi:10.1038/nature03850. PMID 16107848. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება
|author=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link) - JT Kerr (October, 1997). „Species Richness, Endemism, and the Choice of Areas for Conservation“ (PDF). Conservation Biology. 11 (55): 1094–1100. doi:10.1046/j.1523-1739.1997.96089.x. JSTOR 2387391. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2017-08-09. ციტირების თარიღი: 2012-09-17. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)