არჩილ კერესელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კერესელიძე.
არჩილ კერესელიძე

არჩილ პავლეს ძე კერესელიძე (დ. 24 დეკემბერი, 1912, დაბა. ღუნიბი, დაღესტანი — გ. 21 დეკემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1912 წლის 24 დეკემბერს დაღესტანში, დაბა ღუნიბში. მის სახელს უკავშირებენ ქართული საკომპოზიტორო სკოლას. მისი მუსიკა მოიცავს სხვადასხვა ჟანრებს, რომელთა შორის არის: ქართული ესტრადა, ოპერეტა, დრამატული თეატრი, კინომუსიკა.

არჩილის მამა, პავლე კერესელიძე, უკრავდა გიტარაზე და გააჩნდა იშვიათი ბარიტონი, ხოლო არჩილის დედა — ნინო ივანეს ასული ჯაფარიძე-კერესელიძე — მუსიკასთან ნაზიარები ქალბატონი იყო. მშობლების სურვილითვე პატარა არჩილმა დაიწყო მეცადინეობა ფორტეპიანოზე დაკვრაში.

სახელოვანმა კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა თავად გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო არჩილის მუსიკალურ აღზრდაში. ქართველი მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი იხსენებდა, რომ ზაქარია ფალიაშვილი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ არჩილ კერესელიძე მისი ყველაზე საყვარელი და ნიჭიერი მოწაფე იყო.

1922 წელს არჩილ კერესელიძე თბილისის კონსერვატორიაში ჩაირიცხა პროფესორ ანასტასია ვირსალაძის კლასში, სადაც იგი დაეუფლა განსაკუთრებულ პიანისტურ ტექნიკას და ჩამოუყალიბდა დახვეწილი მუსიკალური გემოვნება. არჩილ კერესელიძეს მუსიკალურ ცოდნას სხვადასხვა დროს ასევე უზიარებდნენ პროფესორები: ლ. ტრუსკოვსკი, ლ. ქუთათელაძე, ა. სვანიძე და თ. ჩხარტიშვილი.

16-17 წლის ასაკში კერესელიძემ უკვე შექმნა ორი ცეკვა — „ფარიკაობა“ და „მთიულური“, რაზეც მან მაღალი შეფასება მიიღო თვით ზაქარია ფალიაშვილისაგან. ფალიაშვილმა კერესელიძე საკუთარ ბინაში წაიყვანა და ორკესტრობის პირველი გაკვეთილებიც თავად ჩაუტარა.

მეორე კურსზე ყოფნისას კერესელიძე საკომპოზიტორო ფაკულტეტზე გადაიყვანეს, რაც აღმოჩნდა ახალი ეტაპი მისი პროფესიული ცოდნის გაღრმავების და დაუფლების გზაზე. იგი სულ რაღაც 17 წლის სტუდენტი იყო, როცა საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი გახდა.

1935 წელს კერესელიძე მოსკოვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა. გამოცდებზე აჩვენა რა კერესელიძემ ბრწყინვალე შედეგები იგი პირდაპირ მეორე კურსზე პროფესორ ნიკოლოზ მიასკოვსკის კლასში დასვეს.

კერესელიძემ კონსერვატორიაში სწავლისას დაწერა „ტოკატა“, რომელმაც წარმატება ჰპოვა და სრულდებოდა მოსკოვში, ლენინგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) და თბილისში.

1942 წელს კერესელიძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ მიიწვიეს. მისი მოღვაწეობით და მონაწილეობით სხვადასხვა დროს (1942-1954 წლებში) თეატრის სცენაზე დაიდგა: „დავით აღმაშენებელი“, „მეფე ერეკლე“, „რომეო და ჯულიეტა“, „კაცია ადამიანი?!“, „მაია წყნეთელი“ და სხვა.

არჩილ კერესელიძე აქტიურად მოღვაწეობდა ქართულ კინოში. მისი მუსიკა ჟღერს ფილმებში „მაგდანას ლურჯა“, „ჩვენი ეზო“, „სხვისი შვილები“, „ფატიმა“, „მე, ბებია, ილიკოა და ილარიონი“, „ბიჭი და ძაღლი“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და სხვ.

თბილისში, კერძოდ კი დიდუბეში არის არჩილ კერესელიძის ქუჩა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 212, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]