არმაზისხევის აბანო
არმაზისხევის აბანო — II-III საუკუნეების აბანო არმაზისხევში (მცხეთა), ერისთავთა სამყოფელ-განსასვენებლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. გაითხარა 1937-1938 წლებში (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე).
არმაზისხევის აბანო, ჯერჯერობით, უძველესია საქართველოს ტერიტორიაზე. შედგება ხუთი განყოფილებისაგან: გასახდელი დარბაზი, საცეცხლფარეშო და 3 საბანაო განყოფილება — ცხელი (კალდარიუმი), თბილი (ტეპიდარიუმი), ცივი (ფრიგიდარიუმი). ნაგებობა ორსართულიანია. ქვედა სართულში გასათბობი განყოფილებაა (კალორიფერუ ანუ ჰიპოქაუსტი), ზევით — ცხელი და თბილი აბანოები. შენობის სიგრძეა 22 მ, ხოლო უდიდესი სიგანე — 8,80 მ. ცივ აბანოს ორივე სართული უკავია.
არმაზისხევის აბანო განეკუთვნება რომაულ აბანოთა ჯგუფს, რომლის აღწერას პირველად ვიტრუვიუსთან ვხვდებით. მსგავსი აბანოები გავრცელებული იყო მცირე აზიაში, სირიაში. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება, აგრეთვე, არმაზციხეში, ბიჭვინთაში, შუხუთში, ნოქალაქევში. ასეთი აბანო აღმოჩენილია სომხეთშიც (გარნისი). უბნების მიხედვით აბანოების განლაგება მცხეთაში გვიანდელი ანტიკური საქართველოს ქალაქური ცხოვრების, კერძოდ, სანიტარული კომუნალური კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს.
არმაზისხევის აბანო საოჯახო აბანოს წარმოადგენდა, აქ მხოლოდ პიტიახშები და მათი ოჯახის წევრები ბანაობდნენ და ისვენებდნენ. ისინი, როგორც წესი, საბანაოდ შუადღით მიდიოდნენ. აბანო შედგება 5 განყოფილებისაგან: გასახდელისაგან, გასათბობისა და სამი საბანაო — ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებისაგან. მობანავეები ჯერ ხის იატაკიან გასახდელში შედიოდნენ, აქ განიმოსებოდნენ და აქედან ცივი აბანოს გავლით ჯერ თბილ, ხოლო შემდეგ ცხელ განყოფილებაში ხვდებოდნენ. ცხელ აბანოს დასავლეთიდან ეკვროდა გასათბობი განყოფილება, რომლის ძირითადი დანიშნულება აბანოში ცხელი წყლისა და სითბოს უზრუნველყოფა იყო. გასათბობში შემოდიოდა არმაზისხევიდან მომავალი წყალსადენი მილი და საცეცხლურში შედიოდა. ამდენად, აბანოს ცხელი წყალი აქედან მიეწოდებოდა. გასათბობშივე დატანებული იყო საკვამლე სარკმელი, რომლიდანაც საცეცხლურში დაგროვილი კვამლი გარეთ გადიოდა. გასათბობი განყოფილების აღმოსავლეთ კედელსა და ცხელი აბანოს შორის მდებარეობდა საცეცხლე განყოფილება, რომელშიც ხუთსაფეხურიანი კიბით ჩადიოდნენ. საცეცხლურში საალეა გამართული. სწორედ აქ შემოდიოდა სპილენძის მილი, რომელშიაც წყალი ცხელდებოდა და ცხელი წყლის აუზში შედიოდა. საცეცხლურის წინ დადებული იყო უნაგირის მსგავსი ლოდი, იმისთვის რომ შეშის მორები, თავდაღმა ჩაყუდებული ყოფილიყვნენ საცეცხლურში, სწრაფი წვისა და დიდი აალებისათვის. ცხელი აბანო ორსართულიანია, ქვედა სართული კალორიფერს წარმოადგენს ზედა კი საბანაო განყოფილება იყო. აუზი ორადაა გაყოფილი: ცხელი წყლის და ცივი წყლის აუზებად. აუზს წყალი რომ არ გასვლოდა, კედლები შელესილი იყო წყალგაუმტარი ხსნარით. ცხელი აუზი დაახლოებით 2850 ლიტრს იტევდა. ცხელი აბანოდან გადაინაცვლებდნენ თბილ აბანოში, სადაც ჩრდილოეთით ნახევარწრიული ნიშაა. შენობის ეს ნაწილი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. თბილი წყლის აუზი 1000 ლიტრ წყალზე იყო გათვლილი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, აუზი 1 მეტრის სიგანისა და სიგრძის ნაგებობა უნდა ყოფილიყო. ცხელი და თბილი აბანოს ქვეშ გამართული იყო ორგანყოფილებიანი გასათბობი განყოფილება — ჰიპოკაუსტი. თითოეულ მათგანში აგურის მრგვალი და ოთხკუთხა სვეტები — კალორიფერებია აღმართული. სვეტების აგურებით აგება აადვილებდა ცხელი და ცივი აბანოების დაქანებული იატაკის გამართვას. სვეტების მრგვალი აგურებით გამართვა განპირობებული იყო ცეცხლგამძლეობისა და გარსშემოდენილობის დიდი უნარით. აღსანიშნავია, რომ თბილი აბანოს კალორიფერლში უმეტესად ოთხკუთხა სვეტებია გამოყენებული. როგორც ჩანს, მშენებლები აქ ცხელი გაზების სწრაფ მოძრაობას აღარ აქცევდნენ ყურადღებას. ჰიპოკაუსტის ჭერთან, თითო საკვამლე კერამიკული მილია ჩაყოლებული. ეს საკვამლე ამომწოვი მილები ჰიპოკაუსტის ორივე განყოფილებაში ისეა განლაგებული, რომ ცხელი გაზები მის მთელ ჭერს მოსდებოდა და გაეხურებინა იგი. ცხელი ჰაერი კალორიფერიდან ცხელ აბანოში ადიოდა კედლებში დატანებული სწორკუთხა კრამიტის მილებითა და კერამიკული მილებით. ჰიპოკაუსტის თითოეულ სვეტზე დალაგებული იყო თიხის ოთხკუთხა ფილები, რომლებიც იმავე დროს ცხელი და თბილი აუზის იატაკს წარმოადგენდა. იატაკი სიგნინით ანუ ჰიდრავლიკური ხსნარით იყო გადალესილი, იმისთვის, რომ აბანოდან წყალი ქვემოთ არ ჩასულიყო. თბილი აბანოდან გადიოდნენ ცივ აბანოში, სადაც უკვე გახურებული სხეულის გაგრილება და გაკაჟება ხდებოდა. აქვე ხშირად იკეთებდნენ მასაჟებს. ცივი აბანოს სამხრეთ ნაწილში აუზი იყო მოწყობილი და იქ სამსაფეხურიანი ქვის კიბეებით ჩადიოდნენ. აუზის იატაკი დაქანებულია და კუთხეებში დატანებულია წყლის გასასვლელი კერამიკული მილები. არქიტექტორს უზრუნია იმაზეც თუ სად დაიღვრებოდა ნაბანი წყალი. იგი ცხელი აბანოდან მოყოლებული, თბილისა და ცივ აბანოთა გავლით კარში მოწყობილ შემკრებ ღარში გაედინებოდა და შემდეგ ტრაპში იღვრებოდა. ტრაპი თავის მხრივ, ასევე, მოკალული იყო. მის ქვემოთ გაკეთებული იყო წყალშემკრები ჭა, რომლიდანაც წყალი რუში მიედინებოდა. რუ თავად მოკალული იყო და მის ქვეშ სადრენაჟე ღორღი იყო გაშლილი. ეს იმისთვის, რომ თუ საკანალიზაციო რუდან წყალი გაჟონავდა, იგი სწრაფად დაიწრიტებოდა. კანალიზაცია უერთდებოდა კოლექტორს — ანუ ნაბანი წყლის შემკრებ აუზს, აქედან კი წყალი მდინარე მტკვრისაკენ მიმავალ არხს უერთდებოდა. აბანო მარაგდებოდა ორი წყალსადენით. ერთი მათგანი სამხრეთიდან, არმაზისხევიდან, მოემართებოდა და საცეცხლე განყოფილებასთან ერთვოდა სადინარის მუხლს. არმაზის აბანოს სამხრეთის კელდებში დატანებული ჰქონდა ფანჯრები, რომლიდანაც მზის სხივები საბანაო განყოფილებაში იჭრებოდა. მთელი ნაგებობა კი გადახურული იყო კრამიტით. „ზღურბლიანი ნაგებობა“ ნაწილობრივაა გამოვლენილი. დამხრობილია გრძივ ღერძზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფაქიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 576.