ანრიეტ ნევერელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანრიეტ ნევერელი
Henriette de Nevers.jpg
წოდებები
ნევერისა და რეთელის ჰერცოგინია, მანტუის პრინცესა
დაიბადა 31 ოქტომბერი, 1542
შერი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 24 ივნისი, 1601, (58 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საგვარეულო ლა მარკები
მეუღლე(ები) ლუიჯი I გონძაგა, ნევერის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ხუთი შვილი
მამა ფრანსუა I, ნევერის ჰერცოგი
დედა მარგარიტა დე ბურბონ-ლა მარში
რელიგია კათოლიციზმი

ანრიეტ ნევერელი (ფრანგ. Henriette de Nevers; დ. 31 ოქტომბერი, 1542, შერი, საფრანგეთი — გ. 24 ივნისი, 1601, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი დიდგვაროვანი და ლა მარკების დინასტიის წარმომადგენელი. თავისი ძმის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ გახდა ნევერისა და რეთელის ჰერცოგინია. ლუიჯი გონძაგაზე ქორწინებით გახდა მანტუის პრინცესა, რომელთანაც შეეძინა მანტუის ჰერცოგი კარლო II გონძაგა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანრიეტი დაიბადა 1542 წლის 31 ოქტომბერს შერში. იგი იყო ნევერისა და რეთელის ჰერცოგ ფრანსუა I კლეველისა და მისი მეუღლის, მარგარიტა დე ბურბონ-ლა მარშის უფროსი ქალიშვილი. ვინაიდან მამამისს ახლო ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-თან, პატარა ანრიეტის ნათლია თავად დოფინი ანრი დე ვალუა (შემდეგში საფრანგეთის მეფე ანრი II) გახდა.

ანრიეტას სულ სამი ძმა და ორი და ჰყავდა. მისი სამივე ძმა გახდა ჰერცოგი, თუმცა სამივე უშვილოდ გარდაიცვალა. რაც შეეხება მის დებს, კატრინი ცოლად ანრი I დე გიზს გაჰყვა, მარია კი კონდეს პრინც ანრი I დე ბურბონს.

ანრიეტა თავის ქმართან, ლუიჯი გონძაგასთან ერთად

1564 წელს ანრიეტის უკანასკნელი ძმა, ჟანიც უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც მთელი მემკვიდრეობა, ნევერისა და რეთელის საჰერცოგოების ჩათვლით, ანრიეტზე გადავიდა.

ანრიეტმა მალევე გაისტუმრა თავისი უზარმაზარი ვალები და გათხოვებაზე დაიწყო ფიქრი. 1565 წლის 4 მარტს მულინში, საფრანგეთში იგი დაქორწინდა ლუიჯი გონძაგაზე, მანტუისა და მონფერატის ჰერცოგ ფედერიკო II-ისა და მარგერიტა პალეოლოგინას უმცროს ვაჟზე, რითაც იგი მანტუის პრინცესაც გახდა.

მან რეთელისა და ნევერის ჰერცოგის წოდებები თავის ქმარს გადასცა, თავად კი მისი კონსორტი გახდა. მას და ლუიჯის სულ ხუთი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ორი მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

სულ მალე ანრიეტ ნევერელი თავად საფრანგეთის დედა-დედოფალ ეკატერინე მედიჩის პირისფარეში გახდა. სწორედ აქედან დაიწყო მისი და ეკატერინეს ქალიშვილის, პრინცესა მარგარიტა დე ვალუას საოცარი მეგობრობა, რომელიც მათი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.

რამდენადაც ცნობილია ანრიეტს რომანი ჰქონდა პიემონტელ თავგადასავლების მოყვარულ ანიბალ დე კოკონასთან, რომელსაც მარგარიტა ვალუას საყვარელ ჟოზეფ ბონიფაც დე ლა მოლთან ერთად 1574 წელს მოჰკვეთეს თავი საფრანგეთის მეფე შარლ IX-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის, რომლის მოთავეც თავად მეფის ძმა, ალანსონის ჰერცოგი ფრანსუა დე ვალუა იყო. როგორც ცნობილია, მოგვიანებით მან და მარგარიტამ თავიანთი საყვარლების მოკვეთილი თავები მოიპარეს და წესების დაცვით დაკრძალეს.

1595 წელს ანრიეტის მეუღლე გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი კვლავ დარჩა სამეფო კარზე, თუმცა მას შემდეგ, რაც 1599 წელს ანრი IV მარგარიტა ვალუას გაეყარა, ანრიეტმაც დატოვა სამეფო კარი და პარიზის გარე უბანში, ნევერის შატოში გადავიდა. იგი სწორედ აქ, 1601 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა 58 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კატერინა (1568-1629), ცოლად გაჰყვა ლუნევილის ჰერცოგ ანრი I-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი ანრი II;
  2. მარია (1571-1601), ცოლად გაჰყვა მაინის ჰერცოგ ანრი ლოთარინგიელს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  3. ფედერიკო (1573-1574), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ფრანჩესკო (1576-1580), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. კარლო II (1580-1637), მანტუისა და მონფერატის ჰერცოგი 1627 წლიდან გარდაცვალებამდე. ცოლად შეირთო კატრინ მაინელი, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, მათ შორის პოლონეთისა და ლიტვის ორგზის დედოფალი მარია ლუიზა გონძაგა და სიმერნის პფალცგრაფინია ანა გონძაგა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Boltanski, Ariane (2006). Les ducs de Nevers et l'État royal: genèse d'un compromis (ca 1550 - ca 1600) (in French). Librairie Droz.
  • Commire, Anne; Klezmer, Deborah, eds. (2000). Women in World History: Harr-I. Yorkin Publications.
  • Elliott, Lisa Keane (2012). "Charitable Intent in Late Sixteenth Century France: The Nevers Foundation and Single Poor Catholic Girls". In Scott, Anne M. (ed.). Experiences of Poverty in Late Medieval and Early Modern England and France. Routledge.
  • Strage, Mark (1976). Women of Power: The Life and Times of Catherine de' Medici. Harcourt Brace Jovanovich.