შინაარსზე გადასვლა

ამბელაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამბელაუ

ამბელაუ ან ამბალაუ ― ვულკანური კუნძული ბანდის ზღვაში, მოლუკის კუნძულების შემადგენლობაში. ეკუთვნის ინდონეზიას. კუნძული ინდონეზიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რაიონია (ინდონ. Kecamatan Ambalau) და სამხრეთ ბურუს სარეგენტოს (ინდონ. Kabupaten Buru Selatan) შემადგენლობაში შედის, რომელიც მალუკუს პროვინციას ეკუთვნის (ინდონ. Provinsi Maluku). კუნძულის ფართობი 306 კმ²-ია. 2010 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 6 846 ადამიანს შეადგენს.[1] ადმინისტრაციულ ცენტრია ვაილუა, კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარე დასახლება. მოსახლეობის თითქმის ნახევარს აბორიგენი ამბელაუს ტომის ხალხი შეადგენს, რომლებიც ამბელაუს ენაზე საუბრობენ. მეორე ნახევარს მოლუკის კუნძულებიდან და იავიდან ჩასული იმიგრანტები შეადგენენ.

გეოგრაფია და გეოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბურუს რუკა. კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ამბელაუ მდებარეობს.

კუნძული ბანდის ზღვაში, მანიპის სრუტის სამხრეთ შესასვლელთან მდებარეობს. იგი კუნძულ ბურუდან 20 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. კუნძულს გლუვი, ოვალური მოყვანილობა აქვს. მცირედით წაგრძელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მაქსიმალური დიამეტრი 10 კმ-ის ტოლია.[2]

კუნძული ვულკანური წარმოშობიაა. შედგება კაინოზოური ხანის დანალექი ქანებისგან. რელიეფი მეტწილად მთიანია. კუნძულის უმაღლესი წერტილები: ბაულა (ზღვის დონიდან 608 მეტრი) და ნონა (ზღვის დონიდან 559 მეტრი), დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.[3] კუნძული ვერტიკალურადაა აზევებული ზღვის დონიდან. ვაკე ადგილები მხოლოდ სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზეა. ტერიტორიის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, მთიანი ტერიტორიები, ტროპიკული ტყეებითაა დაფარული.[4] კუნძული სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ხშირია მიწისძვრები. ბოლო პერიოდში ორი მნიშვნელოვანი მიწისძვრა 2006 წლის აგვისტოსა[5] და 2016 წლის იანვარში მოხდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დასავდა და ორ სოფელში 120-მდე სახლი დაზიანდა.[6] კუნძულის ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია და ბურუს მსგავსია. ამბელაუს სანაპიროს მახლობლად უხვადაა მარჯნის რიფები.[4]

ამბელაუს რუკა

კუნძული ინდონეზიის მალუკუს პროვინციას მიეკუთვნება. 1999 წლამდე იგი ცენტრალური მალუკუს სარეგენტოს (ინდონ. Kabupaten Maluku Tengah), შემდეგ კი ბურუს სარეგენტოს (ინდონ. Kabupaten Buru) შემადგენლობაში შედიოდა, რომელშიც ცალკე ადმინისტრაციულ რაიონად (ინდონ. Kecamatan Ambalau) იყო გამოყოფილი. 2008 წელს, როდესც ბურუს სარეგენტოს სამხრეთ ბურუს სარეგენტო გამოეყო, კუნძული ამ უკანასკნელის ნაწილი გახდა და მისი სტატუსი (kecamatan) შეინარჩუნა.[7] კუნძული შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფა, რომელთაც სოფლები (ინდონ. desa) ან დასახლებები (ინდონ. kelurahan) ეწოდებათ. ეს ერთეულებია: კამპუნგ-ბარუ, ლუმოი, მასავოი, სელასი, სივარი, ულიმა და ელარა.[2][4]

აბორიგენულ ენების ფონეტიკის მიხედვით, კუნძულის სახელწოდებაში მეორე მარცვლის ხმოვანი რედუცირდება. შედეგად, დასავლურ წყაროებში კუნძული მოიხსენიება როგორც ამბელაუ, ხოლო თანამედროვე ინდონეზიური წყარობი მის სახელს გამოთქვამენ როგორც ამბალაუს, განსაკუთრებით ოფიციალურ დოკუმენტებსა და ბურუსა და სამხრეთ ბურუს სარეგენტოების ოფიციალურ ვებგვერდებზე.[2]

ამბელაუს მოსახლეობის უმრავლესობა სანაპირო ტერიტორიაზე სახლობს: კამპუნგ-ბარუ (969), ლუმოი (1 209), მასავოი (750), სელასი (606), სივარი (890), ულიმა (970) და ელარა (1 452).[4] მოსახლეობის ნახევარს აბორიგენი ამბელაუები შეადგენენ, მეორე ნახევარს კი ― იმიგრანტები მოლუკის კუნძულებიდან, რომლებიც სულავესის (მეტწილად, ბუგისები) ან იავის ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნეებიან. იმიგრანტები ძირითადად 1900-იან წლებში ნიდერლანდების კოლონიური მმართველობის და 1950-1990-იან წლებში ინდონეზიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ფართომასშტაბიანი მიგრაციების პროგრამების დროს გადასახლდნენ ამბელაუზე. ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა ენასა და დიალექტზე საუბრობენ, მაგალითად, ამბელაუს ენაზე. ინდონეზიური ენა საჯარო სფეროში ან სხვა ტომებთან საკომუნიკაციოდ გამოიყენება. ამბელაუს მკვიდრების უმრავლესობა სუნიზმის მიმდევარია. მცირე ნაწილი ქრისტიანია. მოსახლეობის ნაწილი ტრადიციული ადგილობრივი რწმენის მიმდევარია.[4]

ადგილობრივ ეკონომმიკაში წამყვანია სოფლის მეურნეობა. რეგიონში ყველაზე გავრცელებულია ბრინჯის მოყვანა, მაგრამ კუნძულზე მის კულტივაციას მთიანი რელიეფი და ბაბირუსას სიმრავლე უშლის ხელს. მუსლიმური ტრადიციების გამო ბაბირუსაზე იშვიათად ნადირობენ, რის გამოც გარეული ღორები მოსავალს აზიანებენ. სანაპიროების მახლობლად ნაყოფიერი ნიადაგი სიმინდის, ტკბილი კარტოფილის, ქოქოსის, კაკაოს, საგოსა და ჯავზის მოსაყვანად გამოიყენება. მასავოისა და ულიმოს სოფლებში თევზჭერაა განვითარებული. სოფლის მეურნეობისა და თევზის მრეწველობის ზოგიერთი პროდუქტი მახლობელ კუნძულებზე გააქვთ ექსპორტზე, მეტწილად, ბურუზე მდებარე ქალაქ ნამლეის ბაზარზე.[4]

  1. Biro Pusat Statistik, Jakarta, 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Pemekaran BURSEL Indonesian. Pemerintah Kabupaten Buru (Official site of Buru Regency) (29 November 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 27 March 2010.
  3. National Geospatial-intelligence Agency (2004). Prostar Sailing Directions 2004 New Guinea Enroute. ProStar Publications, გვ. 46. ISBN 978-1-57785-569-9. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Local knowledge and fisheries management. Center for Coastal and Marine Resources Studies, Bogor Agricultural University. ციტირების თარიღი: 2010-11-03
  5. Tremor jolts Banda Sea. Antara (15 August 2006).
  6. „Indonesia earthquake injures eight, damages houses“. Agence France Presse. January 17, 2016. ციტირების თარიღი: January 17, 2016.
  7. Undang-Undang Republik Indonesia Nomor 32 Tahun 2008 tentang Pembentukan Pembentukan Kabupaten Buru Selatan di Provinsi Maluku (Indonesian Law No. 32 of 2008 establishing south Buru district in the Maluku province) Indonesian. LL Sekretariat Negara. ციტირების თარიღი: 2010-11-03