შინაარსზე გადასვლა

ალ-ბარბაჰარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-ბარბაჰარი
არაბ. البربهاري
დაბ. თარიღი 867[1]
დაბ. ადგილი ბაღდადი, აბასიანთა სახალიფო
გარდ. თარიღი 940 ან 941[1]
გარდ. ადგილი ბაღდადი, აბასიანთა სახალიფო
მოქალაქეობა  აბასიანთა სახალიფო
საქმიანობა თეოლოგი, ფაკიჰი და muhaddith

აბუ მუჰამმად ალ-ჰასან იბნ 'ალი იბნ ხალაფ ალ-ბარბაჰარი (არაბ. أبو محمد الحسن بن علي بن خلف البربهاري; დ. დაახლ. 867/ ჰიჯრით 253, ბაღდადი — გ. 940/ ჰიჯრით 328, იქვე) — ჰანბალი სწავლული, ფაყიჰი, თეოლოგი და პოლემისტი.

ალ-ბარბაჰარი დაიბადა ბაღდადში და სწავლობდა აჰმად იბნ ჰანბალის მიმდევრებიდან და თავადაც ჰანბალი მაზჰაბის მიმდევარი იყო, თუმცა მისი წვლილი სამართლებრივ საკითხებში ნაკლებია, იგი უფრო პოლემისტურ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. მისი ნისბა მომდინარეობს ბარბაჰარიდან, რაც ინდოეთიდან შემოტანილ სამკურნალო საშუალებებს ერქვათ, სავარაუდოა რომ თავად იგი ან მისი წინაპრები დაკავშირებული იყვნენ ამ საქმესთან.
ალ-ბარბაჰარის დიდი წარმატებები ჰქონდა პოლემისტურ მიმართულებაში. მის მიერ შედგენილი წიგნი, შარჰ ას-სუნნა, სწორედ იმ მიზნით იყო დაწერილი, რომ მცირე თეოლოგიური განათლების მქონე სუნიტებსაც შეძლებოდათ გამოეცნოთ ერეტიკოსები, რომლებიც "მორიელებივით ქვიშაში ჩაფლულები ელიან მომენტს, რომ დაგესლონ მსხვერპლი." ალ-ბარბაჰარი ძალიან პოპულარული იყო ბაღდადის მოსახლეობის დაბალ ფენებში და ხშირად მის მიერ ინსპირირებულნი ისინი თავს ესხმოდნენ სექტანტებსა და სხვადასხვა ცოდვების ჩამდენთ. ხალიფა ალ-მუყთადირ ბი ლ-ლაჰი მფარველობდა ჰანბალი მაზჰაბს, ისევე როგორც ალ-ყაჰირ ბი ლ-ლაჰი თავისი მმართველობის პირველ წლებში. მუჰამმად იბნ ჯარირ ატ-ტაბარი, რომელიც ჯარირი მაზჰაბის ფუძემდებლად ითვლება (დღეს მისი მიმდევრები პრაქტიკულად აღარ არსებობენ) არ ახსენებდა ჰანბალიტ სწავლულებს, როცა ჩამოთვლიდა სხვადასხვა მაზჰაბის სწავლულების შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე. ამის პასუხად ალ-ბარბაჰარის თაოსნობით ჰანბალიტებმა რამდენიმეჯერ იერიში მიიტანეს მის სახლზე ისე, რომ სახელმწიფოს მოუწია მათი დაშოშმინება. ატ-ტაბარის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფომ უზრუნველყო მისი ჩუმად დასაფლავება საიდუმლო ადგილას, რათა ჰანბალიტების მიერ დამკრძალავ პროცესიაზე თავდასხმისა ეშინოდა. ალ–ბარბაჰარის თაოსნობით ჰანბალიტები ხშირად უსწორდებოდნენ შიიტებს ბაღდადში. მოგვიანებით, როცა ალ-ყაჰირ ბი ლ-ლაჰმა შეწყვიტა ჰანბალიტების მფარველობა, ალ-ბარბაჰარი თავად ხდებოდა თავდასხმების მსხვერპლი, ხოლო მისი მოსწავლეების უმეტესობა ბასრაში გადაასახლეს. ხალიფა არ-რადი ბი ლ-ლაჰის დროს ალ-ბარბაჰარი დაბრუნდა ბაღდადში და მალევე მოაგროვა ბევრი მომხრე. არსებობს გადმოცემა რომ ერთ-ერთი ქადაგებისას ალ-ბარბაჰარიმ დააცემინა და როდესაც მისმა მსმენელებმა ღვთის წყალობა უსურვეს, იმხელა გუგუნი წარმოიშვა, რომ ხმამ ხალიფის სასახლეშიც მიაღწია.[2]
მოგვიანებით მისი დევნა განახლდა და მას კვლავ მიმალვა მოუწია. ისტორიკოსი აზ-ზაჰაბი გადმოსცემს: იგი გარდაიცვალა დევნილი 328 წლის რაჯაბის თვეში (940 წლის აპრილი-მაისი) და საიდუმლოდ დამარხეს თუზუნის (თურქი მხედართმთავარი აბასიანთა სამსახურში) დის ეზოში. გადმოცემულია, რომ მისი ცხედრის გარეცხვის შემდეგ მისი ჯანაზა ილოცა მარტო ერთმა მსახურმა, ხოლო როდესაც თუზუნის დამ ფანჯრიდან შეიხედა იმ ოთახში, სადაც მსახური ლოცულობდა, დაინახა რომ ის თეთრებში გამოწყობილი ადამიანებით იყო სავსე. მოგვიანებით მან უთხრა მსახურს – ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც შენთან ერთად ლოცულობდნენ ალ-ბარბაჰარის ჯანაზას, მინდოდა შემოსვლა მაგრამ კარი ვერ გავაღეო, რაზეც მსახურმა უპასუხა: მე მარტო ვიყავი ოთახში და კარიც საგულდაგულოდ ჩავკეტეო.[3]

ალ-ბარბაჰარიმ დატოვა პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაშრომი "სუნნის განმარტება" (არაბ. شرح السنة; შარჰ ას-სუნნა)[4] მისი ანტაგონისტური და შეურიგებელი პოზიცია ერეტიკოსების მიმართ აისახა გვიანდელი ჰანბალი სწავლულების პოზიციებშიც.

  1. 1.0 1.1 Czech National Authority Database
  2. البربهاري; الأعلام للزركلي
  3. سير أعلام النبلاء Islam web
  4. شرح السنة დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. islam web