ალექსანდრე გოლდშტეინი
ალექსანდრე გოლდშტეინი | |
---|---|
დაბადების სახელი | ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გოლდშტეინი |
დაბადების თარიღი |
1910 ტფილისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
5 დეკემბერი, 1979 თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
მოქალაქეობა | სსრ კავშირი |
ალმა-მატერი | საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი |
საქმიანობა | კრივის მწვრთნელი |
დამსაქმებელი | თბილისის განათლების განყოფილება, საქართველოს სპორტკომიტეტი |
ორგანიზაცია | „დინამო“ თბილისი, „დინამო“ მოსკოვი |
ჯილდოები |
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გოლდშტეინი (დ. 1910, ტფილისი, რუსეთის იმპერია — გ. 5 დეკემბერი, 1979, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა მოკრივე და კრივის მწვრთნელი. საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1937), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1939).[1][2][3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრე გოლდშტეინი თბილისში, 1910 წელს დაიბადა. კრივში ვარჯიში სპორტკლუბ მოსკოვის „დინამოში“, კონსტანტინე გრადოპოლოვთან დაიწყო.[კომ. 1] მონაწილეობდა სხვადასხვა შეჯიბრებებში.[4]
1926 წლის 14 მაისს მოსკოვში ჩატარდა შეჯიბრებები ახალბედა მოკრივეთა შორის, სადაც თავისი კარგი ტექნიკითა და მკვეთრი დარტყმებით ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა ალექსანდრე გოლდშტეინის გამოსვლამ. ამ შეჯიბრებიდან ნახევარი წლის შემდეგ იგი რუსეთის ფედერაციის მოკრივეთა ნაკრებში მიიწვიეს.[5]
1927 წლის იანვარში ლენინგრადში გამართულ რუსეთის ფედერაციის პირველობაზე კრივში, ალექსანდრე გოლდშტეინმა 51 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის წოდება, ხოლო ოსლოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი მოიპოვა.[5]
1928 წლის იანვარში ნიჟნი-ნოვგოროდში გამართულ სპორტსაზოგადოება „დინამოს“ პირველობაზე კრივში, ალექსანდრე გოლდშტეინმა კვლავ მოიპოვა ჩემპიონის წოდება, ამჯერად 54 კგ წონით კატეგორიაში.[5]
საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტისა და მწვრთნელთა უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მოკრივეთა აღზრდას მოჰკიდა ხელი. სამწვრთნელო ასპარეზზე კიდევ უფრო თვალსაჩინოდ და სრულად გამოვლინდა ალექსანდრე გოლდშტეინის გამორჩეული ნიჭი და უნარი ახალგაზრდა მოკრივეთა აღზრდისა და მომზადების საქმეში.
რამდენიმე წელი ბაქოში მუშაობდა, 1936 წლიდან კი თბილისში განაგრძო მოღვაწეობა, სადაც მთელი თავისი ძალა და ენერგია მოახმარა საქართველოში კრივის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეს. მის მიერ მომზადებული მოკრივეები მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ ქვეყნის უძლიერეს მოკრივეთა შორის, როგორც რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო დონეზე.[6]
17 წლის მანძილზე საქართველოს სსრ მოკრივეთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი იყო.[კომ. 2][7] ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა სსრ კავშირის ნაკრები გუნდის მზადებაშიც. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა გუნდმა სსრ კავშირის გუნდური პირველობა მოიპოვა.[8][კომ. 3][9][10]
სხვადასხვა დიდ შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდნენ ალექსანდრე გოლდშტეინის აღზრდილები: გაბრიელ ხანუკაშვილი,[11][12][13] გიორგი ვართანოვი,[14] ანდრო ნავასარდოვი,[15][16][17] ედუარდ არისტაკისიანი,[18] შალვა გორგასლიძე, ბორის მელაძე,[19] ლევან ღუდუშაური[20][21] და სხვები.[22]
1939 წელს საქართველოში კრივის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.[5][23]
1943 წლის დეკემბერში სოხუმში გაიმართა მოკრივეთა შეჯიბრება საქართველოს სსრ პირველობაზე. სხვადასხვა წონით კატეგორიებში ჩემპიონები გახდნენ ზურაბ კანდელაკი,[24] გაბრიელ ხანუკაშვილი, გიორგი ვართანოვი, ბორის მელაძე, ლევან ღუდუშაური და ანდრო ნავასარდოვი.[კომ. 4] გუნდური პირველობა მოიპოვა ალექსანდრე გოლდშტეინის მიერ მომზადებულმა თბილისის „დინამოს“ გუნდმა. მეორე ადგილზე შავი ზღვის ფლოტის მოკრივეთა გუნდი გავიდა.[7]
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960 წლის სექტემბერში საქართველოს პროფკავშირულ სპორტსაზოგადოებების კრივის წარმომადგენელთა თათბირმა აირჩია კრივის რესპუბლიკური სექცია[კომ. 5] 15 კაცის შემადგენლობით, ხოლო სექციის თავმჯდომარედ — სპორტის დამსახურებული ოსტატი ალექსანდრე გოლდშტეინი.[25]
ფიზკულტურასა და სპორტში მოღვაწეობის პარალელურად, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქფოტოს მთავარ ინჟინრად, პოლიგრაფიული სუვენირების ლაბორატორიის უფროსად, თბილისის განათლების განყოფილების მთავარ მწვრთნელად, ხოლო 1977 წლიდან გარდაცვალებამდე — საქართველოს სპორტკომიტეტში ინსტრუქტორ-ორგანიზატორად.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Черневич, Г. Л.; Школьников, Е. А., Динамо. Энциклопедия, М.: ОЛМА Медиа Групп, 2003. — გვ. 34. 480 გვ.
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრივი // „კომუნისტი“, 10 ოქტომბერი, 1943, № 212 (6837), გვ. 4.
- შეჯიბრება კრივში // „კომუნისტი“, 12 დეკემბერი, 1943, № 256 (6881), გვ. 4.
- ბერიევი, მ., როგორ არ უნდა ჩატარდეს შეჯიბრება // „ლელო“, 1 ივლისი, 1953, № 51 (650), გვ. 3.
- გიორგაძე, ე., ლეონიდ ლეონოვი — კრივის მოყვარული // „ლელო“, 3 ივნისი, 1979, № 103 (6414), გვ. 4.
- ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გოლდშტეინი // „ლელო“, 6 დეკემბერი, 1979, № 233 (6544), გვ. 4.
- ჭიჭინაძე, უშანგ., ძმობა სპორტითაც იჭედებოდა // „ლელო“, 3 მარტი, 1988, № 45 (9712), გვ. 4.
- ნოზაძე, ოთარ. ჩვენებურია, თბილისელი... // გაზ. „კავკასიონი“, 16 სექტემბერი, 1995, № 164 (233), გვ. 11.
სტატიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრივი. მწვრთნელის ზოგიერთი მითითება // „ლელო“, 30 ივნისი, 1950, № 26 (414), გვ. 2.
- კრივში მოქნილი ტაქტიკისათვის // „ლელო“, 28 იანვარი, 1953, № 9 (608), გვ. 3.
- კრივი // „ლელო“, 22 ივლისი, 1953, № 57 (656), გვ. 2.
- დავნერგოთ კრივი ჭაბუკთა შორის // „ლელო“, 6 მარტი, 1958, № 28 (1198), გვ. 4.
- საიმედო შედეგები // „ლელო“, 14 იანვარი, 1969, № 9 (3748), გვ. 1.
- ერთი შეჯიბრების გაკვეთილი // „ლელო“, 17 სექტემბერი, 1970, № 183 (4177), გვ. 2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კონსტანტინე გრადოპოლოვი (რუს. Градополов, Константин Васильевич) — ცნობილი საბჭოთა მოკრივე და კრივის მწვრთნელი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1940), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1956). 1930-იანი წლების შუა ხანებში მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა და აქ ჩამოაყალიბა კრივის სკოლა სრულიად განსხვავებული ხედვითა და სამწვრთნელო მიდგომით, რამაც რესპუბლიკის მოკრივეებს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი განვითარებისა და თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ასვლის საქმეში, როგორც სპორტული ოსტატობის, ასევე სხვადასხვა შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების თვალსაზრისით.
- ↑ სოხუმში გამართულ საქართველოს სსრ 1943 წლის მოკრივეთა პირველობაზე გუნდური პირველობა მოიპოვა თბილისის „დინამოს“ გუნდმა ალექსანდრე გოლდშტეინის ხელმძღვანელობით.
- ↑ საქართველოს მოკრივეთა ნაკრები გუნდი ორჯერ გახდა სსრ კავშირის გუნდური ჩემპიონატების გამარჯვებული — 1936 წელს (მ. ბერიევი, შ. გორგასლიძე, გ. ვართანოვი, ა. ავეტისოვი, ბ. კვინიხიძე, ზ. კანდელაკი, ვ. ონგემახი, ა. ბაქრაძე, ვ. რუდომეტკინი, ა. ნავასარდოვი) და 1945 წელს — (ბ. კალაძე, ე. მესიანი, ე. არისტაგოვი, გ. ვართანოვი, შ. გორგასლიძე, ბ. მელაძე, შ. დვალი, ლ. გუდუშაური, ა. ნავასარდოვი).
- ↑ მათ გარდა ჩემპიონის წოდება მოიპოვეს ასევე — აგასიევმა და შახპარონოვმა.
- ↑ სექციის მიზანს წარმოადგენდა სპორტსაზოგადოებების მოკრივეთა სპორტული სექციების მუშაობის ხელმძღვანელობა და ორგანიზაცია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ალექსანდრე გოლდშტეინი
- ↑ ალექსანდრე გოლდშტეინი
- ↑ Гольдштейн Александр Александрович
- ↑ Энциклопедия бокса
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Один из первых заслуженных мастеров спорта. А.Ткаченко. Проект "Бокс в СССР". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-08. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022
- ↑ Гольдштейн Александр Александрович — боксер, тренер
- ↑ 7.0 7.1 შეჯიბრება კრივში. „კომუნისტი“, 12 დეკემბერი, 1943, № 256 (6881), გვ. 4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-08.
- ↑ კრივი. ქართული სპორტი.
- ↑ 11-й чемпионат СССР, 1945 год, 1-11 июня, Москва. agents.sitecity.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23.
- ↑ Чемпионы и призёры чемпионатов СССР по боксу
- ↑ გაბრიელ ხანუკაშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022
- ↑ გაბრიელ ხანუკაშვილი. ქართული სპორტი. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022
- ↑ ირემაძე, ლ., მათ მოიპოვეს ოქროს მედალი — გაბრიელ ხანუკაშვილი // „ლელო“, 9 დეკემბერი, 1949, № 23 (385), გვ. 3.
- ↑ გიორგი ვართანოვი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022
- ↑ ანდრო ნავასარდოვი. საქ. ბიოგრაფ. ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022
- ↑ ანდრო ნავასარდოვი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022
- ↑ როგორ მოიგო ანდრო ნავასარდოვმა ამიერკავკასიის პირველობა კრივში. old.tbiliselebi.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-19. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022
- ↑ ედუარდ არისტაკისიანი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022
- ↑ ბორის მელაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022
- ↑ ლევან ღუდუშაური. საქ. ბიოგრაფ. ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022
- ↑ ლევან ღუდუშაური. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022
- ↑ ა. ა. გოლდშტეინი (ნეკროლოგი). „ლელო“, 6 დეკემბერი, 1979, № 233 (6544), გვ. 4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-08. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
- ↑ კრივი. „კომუნისტი“, 10.10.1943, № 212 (6837), გვ. 4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 08.03.2022. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022
- ↑ ზურაბ კანდელაკი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
- ↑ ხელმძღვანელი სექცია // „ლელო“, 27 სექტემბერი, 1960, № 115 (1597), გვ. 4.