შალვა გორგასლიძე
შალვა თეოფილეს ძე გორგასლიძე (დ. 23 სექტემბერი, 1917, სოფ. უსახელო, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი — გ. 23 აგვისტო, 1991, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (მოკრივე). სსრკ სპორტის ოსტატი (1939), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951); საკავშირო კატეგორიის (1959) და სსრკ საპატიო მსაჯი (1969) კრივში. საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1967).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1940 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. კრივში ვარჯიში დაიწყო 1932 წელს (პირველი მწვრთნელი – თ. ფურცელაძე, შემდეგ გ. გასპარიანი და ა. გოლდშტეინი). 1937 წელს იყო საქართველოს ნაკრების წევრი, 1945 წელს კვლავ საქართველოს ნაკრების წევრი გახდა; მოიპოვა სსრკ გუნდური ჩემპიონობა. სსრკ ჩემპიონი (1944, მსუბუქ წონაში); 1937, 1938 და 1945 წლებში სსრკ პირველობის მესამე პრიზიორი. საქართველოს 13-გზის ჩემპიონი. რინგზე ჩაატარა 149 ორთაბრძოლა, მოიგო 132, აქედან 24 ნოკაუტით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჭიჭინაძე უ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 101.