IELTS

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

IELTS (/ˈaɪ.ɛlts/) აბრევიატურაა ფრაზისა "International English Language Testing System" (ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა) და წარმოადგენს ინგლისური ენის სტანდარტიზებულ ტესტს. IELTS იმართება სამი ორგანიზაციის მიერ: University of Cambridge ESOL Examinations, British Council და IDP Education Pty Ltd[1]. სისტემა დაარსდა 1989 წელს.

არსებობს ორი ვერსია IELTS–ისა: აკადემიური ვერსია (Academic Version) და ზოგადი ვერსია (General Training Version).

  • აკადემიური ვერსია განკუთვნილია მათთვის, ვისაც ინგლისურენოვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სურს ან პროფესიული პრაქტიკის წარმოებას აპირებს ინგლისურენოვან ქვეყანაში (მაგალითად, საექიმო პრაქტიკისა).
  • ზოგადი ვერსია განკუთვნილია მათთვის, ვინც გეგმავს არააკადემიური ტრენინგის გავლას, მუშაობას ან ემიგრაციას ინგლისურენოვან ქვეყანაში.

აკადემიური და ზოგადი ვერსიებს წერისა და კითხვის სხვადასხვა ტესტები აქვთ. აკადემიური ვერსიის ტესტები უფრო რთულად მიიჩნევა, რადგანაც უფრო დიდ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და აკადემიურ სიმკაცრეს მოითხოვს.

IELTS ინგლისური ენის ფლობის აღიარებული საზომია ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის უმეტეს აკადემიურ დაწესებულებებში, ამერიკის შეერთებული შტატების 3000–ზე მეტ აკადემიურ დაწესებულებასა და პროფესიულ ორგანიზაციაში. საერთო ჯამში IELTS 135 ქვეყანაშია აღიარებული[2]. ამასთანავე, მისი გარკვეულ დონეზე ჩაბარება წარმოადგენს აუცილებელ პირობას ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში ემიგრაციისთვის.

IELTS ტესტის ჩასაბარებელი მინიმალური ზღვრული ქულა არ განისაზღვრება[3]. შედეგები, ანუ IELTS–ის შედეგების ფორმა (IELTS Report Form) გაიცემა ყველა კანდიდატზე მიუხედავად შედეგისა. ასეთი მოწყობის მიზეზია ის, რომ სხვადასხვა ორგანიზაცია და სასწავლო დაწესებულება IELTS–ის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად აწესებს სხვადასხვა გამსვლელ ქულას საკუთარი მოსაზრებებისა თუ საჭიროებების მიხედვით. IELTS–ის ადმინისტრაცია ურჩევს ორგანიზაციებს, რომ 2 წელზე უფრო ძველი ტესტი აღარ განიხილონ, როგორც კანდიდატის ინგლისური ენის ფლობის რეალური საზომი.[4]

2007 წელს IELTS სისტემით გამოიცადა 1 მილიონი კანდიდატი, რითაც ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ტესტად იქცა უმაღლესი განათლებისა და ემიგრაციისთვის[5]. 2009 წელს IELTS სისტემით 130 ქვეყნის მასშტაბით 1.4 მილიონი ადამიანი გამოიცადა.


IELTS–ის მახასიათებლები[რედაქტირება]

IELTS ტესტი გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

  • ტესტი ამოწმებს კანდიდატის ოთხ ძირითად ენობრივ უნარს: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. ყოველი უნარი მოწმდება კონკრეტულად მისთვის გამოყოფილ მოდულში.
  • ყოველი მოდულის შესაფასებლად გამოიყენება შეფასების ქულა (Band Score) შეფასების შკალიდან (Band Scale). შეფასების შკალა წარმოადგენს მთელ რიცხვებს 0–დან ("არ უცდია ტესტის შევსება") 9–მდე ("ექსპერტი").
  • ტესტში წარმოდგენილია წერის მრავალნაირი სტილი და მრავალი სალაპარაკო აქცენტი, რათა არ იყოს ლინგვისტური მიკერძოება.
  • ლაპარაკის მოდული (Speaking Module) წარმოადგენს IELTS–ის ერთ–ერთ საკვანძო კომპონენტს. იგი ტარდება გამომცდელთან ერთი–ერთზე ინტერვიუს სახით. გამომცდელი ლაპარაკის პროცესშივე აფასებს კანდიდატის შესაძლებლობებს, მაგრამ საუბარი იწერება იმ შემთხვევისთვის, თუ კანდიდატი გაასაჩივრებს შედეგს და მოდულის თავიდან შეფასებას მოითხოვს.
  • ტესტებისთვის მასალის შედგენაში მრავალი ქვეყნის (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნები) გუნდები მონაწილეობენ.


IELTS ტესტის სტრუქტურა[რედაქტირება]

ყველა კანდიდატს მოეთხოვება ტესტის ოთხივე მოდულის (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი) გავლა საბოლოო შეფასების ქულის მოსაპოვებლად, რომელიც შემდეგ მათი შედეგების ფორმაში იწერება. ტესტირებისას ყველა კანდიდატი გადის მოსმენისა და ლაპარაკის ერთსა და იმავე მოდულებს, ხოლო კითხვისა და წერის მოდულები სხვადასხვაა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც ტესტის სხვადასხვა ვერსიას (აკადემიური/ზოგადი) გადიან.

მოსმენა[რედაქტირება]

მოსმენის მოდული ოთხი სექციისგან შედგება. თითოეული სექცია იწყება მოკლე აუდიო შესავლით და კანდიდატს აწვდის ინფორმაციას სექციაში მოყვანილი სიტუაციისა და მასში მონაწილე მოსაუბრეების შესახებ. შემდეგ კანდიდატებს ეძლევათ ცოტა დრო სექციის კითხვებთან გასაცნობად. პირველი სამი სექციის შუაში მცირე შესვენებაა გათვალისწინებული, რათა კანდიდატებმა გადახედონ დარჩენილ შეკითხვებს. ყოველი სექცია ისმინება მხოლოდ ერთხელ და არ მეორდება არავითარ შემთხვევაში.

კითხვა[რედაქტირება]

ტესტის აკადემიური ვერსიის კითხვის მოდული შედგება სამი სექციისგან. თითოეულში ერთი ტექსტია და დაახლოებით 13–14 კითხვა აქვს (ჯამში 40). ზოგადი ვერსიის კითხვის მოდულიც სამი სექციისგან შედგება, მაგრამ მასში მოყვანილი ტექსტები უფრო მცირეა მოცულობაში და ამიტომ რაოდენობით შეიძლება 5–მდე იყოს.

წერა[რედაქტირება]

წერის მოდული შედგება ორი სექციისგან. მეორე სექციაში მოცემული დავალება მოითხოვს ესეს დაწერას.

ლაპარაკი[რედაქტირება]

ლაპარაკის მოდული სამი სექციისგან შედგება. პირველი სექცია წარმოადგენს ინტერვიუს, რომლის დროსაც კანდიდატებმა შეიძლება მიიღონ კითხვები მათი პროფესიის, ინტერესების, IELTS გამოცდის გავლის მიზეზების და სხვა ისეთი ზოგადი თემების გარშემო, როგორებიცაა ჩაცმულობა, თავისუფალი დროის განაწილება, კომპიუტერები, ინტერნეტი, ოჯახი და ა.შ. მეორე სექციაში კანდიდატებს ეძლევათ თემის ბარათი (Topic Card) და ერთი წუთი მოსამზადებლად, რის შემდეგაც ისინი 2 წუთის განმავლობაში საუბრობენ თემის ბარათზე მოცემული თემის გარშემო. მესამე სექციაში კანდიდატს ძირითადად ეძლევა კითხვები მეორე სექციაში განხილული თემიდან.

ხანგრძლივობა[რედაქტირება]

მოსმენის, კითხვისა და წერის მოდულების ერთიანი ხანგრძლივობა არის 2 საათი და 45 წუთი.

  • მოსმენა: 40 წუთი. აქიდან 30 წუთის განმავლობაში მოისმინება ოთხი სექცია, ხოლო 10 წუთი გათვალისწინებულია პასუხების პასუხების ფურცელზე გადასატანად.
  • კითხვა: 60 წუთი. გათვალისწინებულია სამივე სექციის წასაკითხად და პასუხების გადასათეთრებლად.
  • წერა: 60 წუთი. გათვალისწინებულია ორივე სექციის დავალებების შესასრულებლად და გადასათეთრებლად.
  • ლაპარაკი: 15 წუთი.

პირველი სამი მოდული – მოსმენა, კითხვა და წერა ტარდება ერთსა და იმავე დღეს, ერთმანეთის მიყოლებით (ამავე მიმდევრობით) შესვენების გარეშე. ლაპარაკის მოდული ტარდება ტესტის თარიღიდან ერთი კვირის მანძილზე.


შედეგების ინტერპრეტაცია[რედაქტირება]

ყოველი მოდული (და ტესტის საბოლოო შედეგი) ფასდება ცხრა ბალიან შკალაზე. თითოეული ქულა აღნიშნავს ინგლისური ენის ფლობის გარკვეულ დონეს. საბოლოო ქულა მიიღება ოთხი მოდულის ქულების გასაშუალებით და შემდეგ ნახევარ ქულამდე დამრგვალებით (მაგ: 7.0, 8.5).

დამრგვალება ხდება შემდეგნაირად: თუ ოთხი მოდულის ქულების საშუალო მთავრდება .25–ით, მაშინ ის მრგვალდება ზედა ნახევარ ქულამდე (მაგალითად, 7.25 მრგვალდება 7.5–მდე), ხოლო თუ ის მთავრდება .75–ით, მრგვალდება ზედა სრულ ქულამდე (მაგალითად, 6.75 მრგვალდება 7.0–მდე).

საბოლოო ქულის ინტერპრეტაცია შემდეგია[6]:

9 Expert User სრულად ფლობს ენას. სრულფასოვნად შეუძლია კომუნიკაცია ნებისმიერ სიტუაციაში.
8 Very Good User სრულად ფლობს ენას, თუ არ ჩავთვლით იშვიათ, არასისტემური ხასიათის შეცდომებს. გაუგებრობა შეიძლება წარმოიშვას უცნობ სიტუაციებში. შეუძლია კომუნიკაციის წარმოება მაღალ დონეზე.
7 Good User შეუძლია კომუნიკაციის წარმოება, თუმცა ხანდახან უშვებს შეცდომებს. ზოგიერთ სიტუაციაში შესაძლოა წარმოიშვას გაუგებრობა. როგორც წესი, ენის რთული კონსტრუქციების გამოყენება არ უჭირს და კარგად აღიქვამს მსჯელობას.
6 Competent User ნორმალურად ფლობს ენას მიუხედავად იმისა, რომ უშვებს შეცდომებს და ვერ ერკვევა ზოგიერთ სიტუაციაში. შეუძლია საკმაოდ რთული ენობრივი კონსტრუქციების აღქმა და გადმოცემა, განსაკუთრებით მისთვის ნაცნობ სიტუაციებში.
5 Modest user რამდენადმე ფლობს ენას და უმეტეს შემთხვევაში იგებს კომუნიკაციის ძირითად აზრს, თუმცა მოსალოდნელია ბევრი შეცდომა. როგორც წესი, არ უჭირს საბაზისო კომუნიკაცია საკუთარ დარგში.
4 Limited User ენის გამოყენების უნარები შეზღუდულია მხოლოდ ნაცნობ სიტუაციებზე. აქვს ხშირი პრობლემა ენის რთული კონსტრუქციების გამოყენებისას.
3 Extremely Limited User იგებს და გადმოსცემს მხოლოდ ზოგად ინფორმაციას, მხოლოდ კარგად ნაცნობ სიტუაციებში.
2 Intermittent User ვერ აწარმოებს ნორმალურ კომუნიკაციას, თუმცა ნაცნობ სიტუაციებში შეუძლია გადმოსცეს ძალიან საბაზისო ინფორმაცია საკუთარი საჭიროებების შესახებ განყენებული სიტყვებისა და მარტივი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებით.
1 Non User არ აქვს ენის გამოყენების უნარი, თუ არ ჩავთვლით მცირე რაოდენობა განყენებულ სიტყვებს.
0 Did not attempt the test ინფორმაცია არასაკმარისია.

გადაყვანის ცხრილი[რედაქტირება]

ეს ცხრილი აჩვენებს, თუ როგორ გადაიყვანება მოსმენისა და კითხვის მოდულების ქულები შეფასების ქულებში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ხანდახან, ტესტის სირთულის შესაბამისად, ეს ცხრილი მცირედ იცვლება, რათა უფრო შედარებადი იყოს სხვა დროს ჩატარებული ტესტების შედეგებთან.

მოდულის ქულა 40 37 – 39 35 – 36 33 – 34 28 – 32 26 – 27 23 – 25 21 – 22 18 – 20 15 – 17 12 – 14 10 – 11 8 – 9 6 – 7 4 – 5 2 – 3 1 0
შეფასების ქულა 9.0 8.5 8.0 7.5 7.0 6.5 6.0 5.5 5.0 4.5 4.0 3.5 3.0 2.5 2.0 1.5 1.0 0.0


საგამოცდო ცენტრები და ტესტირების თარიღები[რედაქტირება]

IELTS ტესტი ყოველ წელს 121 ქვეყნის 500 საგამოცდო ცენტრში ტარდება და თავის კატეგორიაში მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტესტს წარმოადგენს. ტესტზე გამსვლელთა რაოდენობა 1999–2009 წლებში 80,000–დან 1,400,000–მდე გაიზარდა.

საქართველოში IELTS წელიწადში 12–ჯერ, თვეში ერთხელ ტარდება და მას British Council Georgia ატარებს. ტესტის ჩატარების თარიღები შეიძლება მოძიებულ იქნას IELTS–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, ბრიტანეთის საბჭოს ვებ–გვერდზე და ბრიტანეთის საბჭოს ოფისში.

ინგლისური ენის ცოდნის დონის შემმოწმებელი სხვა ტესტები[რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. IELTS : Institutions - Who owns IELTS?. წაკითხვის თარიღი: 8 აპრილი 2011.
  2. IELTS Test Takers - who accepts IELTS. წაკითხვის თარიღი: 8 აპრილი 2011.
  3. IELTS : Test Takers - Test results. წაკითხვის თარიღი: 8 აპრილი 2011.
  4. IELTS : Institutions - Test scores. წაკითხვის თარიღი: 8 აპრილი 2011.
  5. IELTS tests over one million candidates in a year. წაკითხვის თარიღი: 8 აპრილი 2011.
  6. IELTS : Test Takers - My test score. წაკითხვის თარიღი: 8 აპრილი 2011.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=IELTS&oldid=2396380“-დან