ჰონსიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰონსიუ
მშობ. სახელი: 本州

კუნძული ჰონსიუ გამუქებულია
გეოგრაფია
კოორდინატები 36°18′45″ ჩ. გ. 138°44′15″ ა. გ. / 36.31250° ჩ. გ. 138.73750° ა. გ. / 36.31250; 138.73750
ფართობი 227 962,59 კმ²
სიგრძე 1300 კმ
სიგანე 50-230 კმ
სანაპიროს სიგრძე 5450 კმ
უმაღლესი წერტილი 3776 მ
ფუძიამა
დემოგრაფია
მოსახლეობა 103 000 000 (2005)
სიმჭიდროვე 447 /კმ²

ჰონსიუ, ჰონდო (იაპონ. 本州) — იაპონიის ყველაზე დიდი, მთავარი კუნძული, ჰოკაიდოს სამხრეთით. გარს აკრავს წყნარი ოკეანე, იაპონიის ზღვა. იაპონიის შიგა ზღვა და ცუგარუს, კიისა და კამონის სრუტეები.

კუნძული სიგრძეა დაახლოებით 1300 კმ, ხოლო სიგანე მერყეობს 50-230 კმ-ს შორის. მისი საერთო ფართობია 227 ათ. კმ² და შეადგენს იაპონიის საერთო ტერიტორიის 60%-ს. ფართობით ის ოდნავ აჭარბებს დიდი ბრიტანეთის კუნძულს. ჰონსიუს 5450 კმ სიგრძის სანაპირო აქვს.

რელიეფი მეტწილად დაბალ- და საშუალომთიანია. ჩრდილოეთით სამი გასწვრივი ქედია. აქ ძირითადია ოუს ქედი. ცენტრალურ ნაწილში, სადაც ჰონსიუ გადაკვეთილია ფოსა-მაგნის ტექტონიკური ღრმულით, ვრცელდება ჰიდის, კისოს და აკაისის ქედები, რომელთა სიმაღლეა 2500-3000 მ და აქვთ რელიეფის ალპური ფორმები. ტერიტორია მეტად სეისმურია. მთაგორიან და ვულკანურ კუნძულს ხშირი მიწისძვრები ახასიათებს (დიდი კანტოს მიწისძვრამ ძლიერ დააზიანა ტოკიო 1923 წლის სექტემბერში); ჰონსიუს უმაღლესი პიკია აქტიური ვულკანური მთა ფუძიამა (3776 მ). სამხრეთ-დასავლეთით დადაბლებაში არის იაპონიის უდიდესი ტბა ბივა და შეჭრილია ოსაკის ყურე. სანაპიროს გასწვრივ პატარ-პატარა ვაკეებია. ჰავა ოკეანურია, მუსონური, ჩრდილოეთით — ზომიერი, ხოლო სამხრეთით — სუბტროპიკული. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 1000-3000 მ წელიწადში. ხშირია ტაიფუნი. კუნძულზე მიედინება მრავალი მდინარე, რომელთაგან აღსანიშნავია სინანო — იაპონიის უგრძესი მდინარე.

წყნარი ოკეანის სანაპიროზე ბევრია ყურე და უბე; იაპონიის ზღვის სანაპირო კი ნაკლებად არის შეჭრილ-შემოჭრილი.

2005 წლის აღწერით კუნძულზე ცხოვრობდა 103,000,000 ადამიანი. კუნძულზე მდებარე ქალაქებიდან აღსანიშნავია: ტოკიო, იოკოჰამა, კიოტო, ოსაკა, კობე, ჰიროსიმა, სენდაი და ნაგოია. ჰონსიუ ნომინალურად ხუთ რეგიონად არის დაყოფილი და მოიცავს 34 პრეფექტურას, ტოკიოს მეტროპლიის ჩათვლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: