ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისაქართველოს ერთ-ერთი დრამატული თეატრი. მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოში, რუსთაველის ქ.11-ში.

თეატრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხულოში თეატრის დაარსება ცნობილი ქართველი რეჟისორის სიკო დოლიძის სახელს უკავშირდება XX-საუკუნის ათიან წლებში ხულოს რაიონში სიკო დოლიძის თაოსნობით პირველი თეატრალური წარმოდგენები დაიდგა, ხოლო თეატრისათვის შენობის აგება 1931 წელს დაიწყო. 1937 წელს რეჟისორ მიხეილ ქორელის სპექტაკლით „ანზორი“ (ს. შანშიაშვილი) გაიხსნა ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი. ამ დადგმას მოჰყვა მომდევნო წლებში სხვა ქართველი კლასიკოსი დრამატურგების ნაწარმოებები: „ყვარყვარე თუთაბერი“, „სამშობლო“, „დარისპანის გასაჭირი“ და სხვები.

1952 წელს თეატრი დაიხურა და სამოციანი წლების ბოლოდან თეატრმა სახალხო თეატრის სტატუსით დაიწყო ფუნქციონირება. სწორედ ეს პერიოდი იყო მნიშვნელოვანი, რადგან აქ დადგმულ სპექტაკლებს და მოღვაწე რეჟისორებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში. ამ პერიოდში ხულოს თეატრში მოღვაწეობდნენ ზორბეგ ღლონტი, იუსუფ ზოიძე, ლილი თურნავა, ედნარ შამილაძე, სპარტაკ ბაღაშვილი და სხვები. თეატრი ძირითადად ქართულ დრამატურგიაზე იყო ორიენტირებული.

1992 წელს თეატრს კვლავ მიენიჭა სახელმწიფო დრამატული თეატრის სტატუსი. მსგავსად 60-იანი წლებისა ძირითადი ორიენტირი ისევ ქართული დრამატურგია იყო. 2003 წელს ხულოს თეატრს შეემატა პროფესიული ჯგუფი, რომელიც სპეციალურად ამ თეატრისათვის იყო მომზადებული. ამან ბევრად შეუწყო ხელი თეატრის მხატვრულ შემოქმედებითი პოტენციალის ზრდას. თეატრი აქტიურად ჩაება თეატრალურ ცხოვრებაში, ამაღლდა სპექტაკლების მხატვრული მხარე, თეატრმა აქტიურად დაიწყო ფესტივალებში და კონკურსებში მონაწილეობა, ასევე საგასტროლო ტურნეების მოწყობა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. თეატრის ხელმძღვანელობამ გააზრებულად დაიწყო ურთიერთობები საქართველოში წარმატებულად მოღვაწე სხვადასხვა რეჟისორებთან, რომელთა დადგმულმა სპექტაკლებმა მტკიცედ დაუმკვიდრა ადგილი თეატრს ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში. სწორედ ასეთმა აქტივობებმა გამოიწვია თეატრალების დიდი ინტერესი ხულოს პროფესიული დრამატული თეატრის მიმართ.

თეატრის ძირითადი მიმართულება შემოქმედებითად თანამედროვე დრამატურგიაა.

2016 წელს თეატრმა გასტროლები გამართა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ასევე ტრადიციულად მონაწილეობას ღებულობს ქვეყნის შიგნით გამართულ თეატრალურ ფესტივალებსა და კონკურსებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]