ჭერემის თასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭერემის თასი — არქეოლოგიური ძეგლი, რომლიც აღმოჩნდა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის სავარგულებში, მდინარე ჭერმისხევის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს.

თასი ვერცხლისაა (პირის დიამეტრი – 1201 მილიმეტრი, სიმაღლე – 37 მილიმეტრი, პირის სისქე – 4 მილიმეტრი, წონა – 382,1 გრამი). მის გარეპირზე ყოფითი სცენა, რთველია გამოსახული. იგი მდიდრულადაა შემკული დაბალი რელიეფური ორნამენტებით. გარეპირზე ფონი მოოქრულია, რელიეფი კი ვერცხლისფერშია დატოვებული. თასის ძირზე წრეში ჩასმული ტახის თავია გამოსახული. წრიდან, ერთმანეთის მოპირდაპირედ, ამოზრდილია ორი ვაზი. ვაზის ყლორტებით შექმნილი ორნამენტული წრეები, რომლებშიც ვაზის ფოთლები ან ყურძნის მტევნებია ჩასმული, თასის მთელ გარეპირს ფარავს. ვაზის რტოებს შორის ორი მამაკაცის ფიგურაა, ორი სხვადასხვა ფრინველი, ორი მელა და კურდღელია გამოსახული. მამაკაცთაგან ერთს მოხრილი სასხლავი დანა უჭირავს და მტევნის მოჭრას აპირებს. მეორესაც ხელი მტევნისკენ აქვს გაწვდილი, ზურგზე კი გიდელი ჰკიდია. ფრინველთაგან ერთ-ერთი (თუთიყუშის მსგავსი) ყურძენს კენკავს. თასს პირისკიდეზე შემოუყვება მძივების რიგი, ქვემოთ კი — ზოლიანი ენები.

თასი ფორმითა და რელიეფური სახეებით სასანური ირანის პერიოდსა და ამავე კულტურულ წრეს განეკუთვნება, მაგრამ სასანური თასებისაგან განსხვავებით ჭერემისხევის თასის ფსკერზე გამოსახულია ორმაგ წრეში ჩასმული, მოოქრული, ტოლმკლავა, ეგრეთ წოდებული ბოლნური ჯვარი, რომელიც მკვეთრადაა გამოყოფილი თასის პრიალა ზედაპირზე.

თასი გვიან სასანური ტორევტიკის ბრწყინვალე ნიმუშია. მისი დამზადების ადგილი უცნობია. ის შეიძლება დამზადებული იყოს, როგორც ცენტრალური ირანის სახელოსნოებში, ისე სხვაგანაც, მათ შორის საქართველოშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]