წითელწყაროს მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წითელწყაროს მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ წითელწყაროს რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებას შესანიშნავი პირობები ჰქონდა მიწერილი სანადირო მეურნეობის განსავითარებლად. მათზე მიწერილი 28 000 ჰექტარი სანადირო სავარგულები უმთავრესად საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარეობდა და ესაზღვრებოდა ნადირ-ფრინვლით შედარებით მდიდარ აზერბაიჯანის ტერიტორიას. მეურნეობა მთაგორიანია. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — აზერბაიჯანის სსრ, დასავლეთით — სიღნაღის რაიონი, ჩრდილოეთით და სამხრეთით — აზერბაიჯანის სსრ. აქ შედიოდა მდინარე ივრის ზეგანი და ცნობილი შირაქის ველი. ტყეები განლაგებული იყო რაიონის მაღლობ ადგილებზე.

რაიონი, საერთოდ, ღარიბი იყო მდინარეებით. ტყეები და ბუჩქნარები კარგი თავშესაფარი იყო გარეული ნადირ-ფრინვლისათვის. აქ საკმაოდ იყო ხოხობი, კურდღელი, დურაჯი, კაკაბი და გნოლი, მტაცებლებიდან — ტურა, მელა, გარეული კატა, ფოცხვერი და სხვ., გადამფრენი ფრინველებიდან გვხვდება მწყერი, ტყის ქათამი, სავათი და სარსარაკი.

1963 წელს აქ ჩამოყალიბდა ხოხბისა და კურდღლის გასამრავლებლად სანადირო მეურნეობა „მიშმიში“, რომელიც 7 000 ჰექტარს მოიცავდა.

აღნიშნულ მეურნეობაში აშენებული იყო სტანდარტული სახლი მონადირეთათვის, გაძლიერებული იყო დაცვა, მეურნეობის საზღვრები გამოყოფილი იყო წარწერებით.

ეს ადგილები განთქმული იყო კაკბით და მას ხშირად სტუმრობდნენ არა მარტო თბილისელი, არამედ თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მონადირეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]