ივრის ზეგანი
ივრის ზეგანი — გარე კახეთის ზეგანი, ზეგანი აღმოსავლეთ საქართველოში, მტკვარ-ალაზნის შუამდინარეთში. გადაჭიმულია 170 კმ, თბილისის მიდამოებიდან ალაზნის ქვემო დინებამდე, სიგანე 60 კმ, სიმაღლე 80-დან 1000 მ-მდე.
აგებულია ძირითადად სუსტად დანაოჭებული კაინოზოური ქვიშაქვებით, კონგლომერატებით, თიხებითა და კირქვებით. რელიეფი ვაკე-ბორცვიანია. უმნიშვნელოვანესი ვაკეებია: დიდი შირაქი, პატარა შირაქი, ტარიბანა, ოლე, ნაომარი, უდაბნო, ყაჯირი; სერებია — ამართული, დემურდაღი, გარეჯა, პირუკუღმამთა, კოწახურის ქედი, ბურდამთა, შვინდისყელი, ყათარყელი, ზილჩა, ყაში, ყალადარა და სხვა. ვაკეები წარმოქმნილიამეოთხეულ პერიოდში ფხვიერი ნაფენებით სინკლინების ამოვსებით. ივრის ზეგანზე არის ბედლენდები, ტალახიანი ვულკანები, ხელოვნური გამოქვაბულები. ჰავა მშრალი სუბტროპიკულია, იანვრის საშუალო ტემპერატურა 0-დან-2°C-მდე, ივლისი 23-24°C. ნალექები 499-600 მმ წელიწადში. მთავარი მდინარეა იორი. არის მარილიანი ტბები — ყაჯირი, მუხროვანი, ქოჩები, აზამბურის ტბათა ჯგუფი. გავრცელებულია შავმიწა, წაბლა, ყავისფერი, მურა და მლაშობ-ბიცობიანი ნიადაგები. ივრის ზეგანის ლანდშაფტი ადამიანის ხელითაა გარდაქმნილი და უმთავრესად სტეპური, ტყესტეპური, არიდული ტყისა და ნახევარუდაბნოს ხასიათისაა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მარუაშვილი ლ., ტ. 5, გვ. 95-96, თბ., 1980