ემილ წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წერეთელი, ემილ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.
ემილ წერეთელი
დაბ. თარიღი 20 იანვარი, 1932(1932-01-20) (92 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი და გეოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

ემილ წერეთელი (დ. 20 იანვარი, 1932, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, გეოლოგი და პედაგოგი. ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2003). ემილ წერეთელმა IBC-გან (საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი) სპეციალური ჯილდო — მედალი და სერტიფიკატი მიიღო და 2014 წლის მსოფლიო მეცნიერთა ტოპ ასეულში დაიკავა ადგილი.[1] 2017 წელს ემილ წერეთელი მსოფლიოს რჩეულ მეცნიერთა ასეულში მეორედ მოხვდა.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემილ წერეთელმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1955 წელს. 1955 წელს იყო სსრკ გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-7 რაიონის ექსპედიციის გეოლოგი; 1956–58 წლებში სსრკ გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-7 რაიონის ექსპედიციის ინჟინერ-გეოლოგი; 1958–60 წლებში სსრკ გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-6 რაიონის ექსპედიციის გეოლოგიური რაზმის უფროსი; 1960-63 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1964–68 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს საინჟინრო-გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1969–71 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კომპლექსური ჰოდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური სადგურის მთავარი გეოლოგი; 1972–78 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური განყოფილების უფროსი; 1978–91 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური ექსპედიციის უფროსის მოადგილე.[3]

ემილ წერეთელი 1992–97 წლებში იყო საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს „საქინჟგეოდაცვის“ უფროსი; 1998–2005 წლებში საქართველოს გეოლოგიური დეპარტამენტის ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ცენტრის გენერალური დირექტორი; 2006–08 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ბუნების სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური კვლევების სამმართველოს უფროსი; 2008–11 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსი; 1992 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი; 2011 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის უფროსი.[3]

1966 წლიდან კითხულობს ლექციების კურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო გეოლოგიაში, მეოთხეული პერიოდის გეოლოგიაში, ბუნების კატასტროფული მოვლენებისა და გეოეკოლოგიის საფუძვლებში. 1962–2008 წლებში გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო სტატია, ცალკეული პუბლიკაცია და მონოგრაფია რუსეთში, უზბეკეთში, თურქეთში, ჩინეთში, შვედეთში, ინგლისში, იტალიაში, აშშ და კანადაში და მათ შორის UNESCO-ს და UNEP-ის ხაზით. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეოთხეული პერიოდის შემსწავლელი და მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების კომისიების წევრი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოდინამიკის შემსწავლელი კომისიის ასოცირებული წევრი; რუსეთის ღვარცოფული პროცესების შემსწავლელი საბჭოს ასოცირებული წევრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს წევრი.[3]

ემილ წერეთელმა საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1966 წელს თემაზე: „ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდის გეომორფოლოგია“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 2003 წელს თემაზე „ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენები და მდგრადი განვითარების პრობლემა საქართველოში და მოსაზღვრე ტერიტორიებზე“.[3]

საქართველოს გეოგრაფიული, გეოლოგიური და სამთო საზოგადოების წევრი. 2011 წელს ემილ წერეთელი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.[4]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს სამხედრო გეოგრაფია (თანაავტორი). თბ., უნივერსალი, 2012;
  • კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი (თანაავტორი). თბილისი, შპს „ქოლორი“, 2016;
  • კარსტულ-სპელეოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი (რედაქტორი). თბილისი, 2019.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ემილ წერეთელი მსოფლიოს რჩეულ მეცნიერთა ასეულში მოხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-25. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
  2. ემილ წერეთელი მსოფლიოს რჩეულ მეცნიერთა ასეულში მეორედ მოხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-24. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003
  4. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-18. ციტირების თარიღი: 2020-11-30.