ქლოი სევინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქლოი სევინი

სევინი 2017 წელს
დაბადების სახელი ქლოი სტივენს სევინი
დაბადების თარიღი 18 ნოემბერი, 1974
სპრინგფილდი, მასაჩუსეტსი, ამერიკის შეერთებული შტატები
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, დიზაინერი
აქტიური 1992-დღემდე
შვილ(ებ)ი 1

ქლოი სტივენს სევინი (ინგლ. Chloë Stevens Sevigny; დ. 18 ნოემბერი, 1974, სპრინგფილდი, მასაჩუსეტსი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და დიზაინერი. მოპოვებული აქვს „ოქროს გლობუსი“; სამჯერ ყოფილა ნომინირებული „ოსკარზე“.

იგი ასრულებს ფილმებში: „ბიჭები არ ტირიან“ (1999, რეჟ. კიმბერლი პირსი), რომლისთვისაც იგი „ოსკარზე“ იყო ნომინირებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის; „ამერიკელი ფსიქოპატი“ (2000, რეჟ. მერი ჰერონი), „დოგვილი“ (2003, რეჟ. ლარს ფონ ტრიერი), „ზოდიაქო“ (2007, რეჟ. დევიდ ფინჩერი) და სხვ.

2006 წლიდან 2011 წლამდე სევინი HBO-ს სერიალში, სახელწოდებით „დიდი სიყვარული“, ნიკოლეტ გრანტს ასახიერებდა. როლისთვის მან 2010 წელს „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქლოი სტივენს სევინი სპრინგფილდში, მასაჩუსეტში (ამერიკის შეერთებული შტატები) დაიბადა. იგი ჯანინ მალინოვსკისა და ჰაროლდ დევიდ სევინის მეორე შილია. [1]

იგი 17 წლის ასაკიდან მუშაობს მოდელად სხვადასხვა ჟურნალებისთვის. [2] 1993 წელს სევინი ბრუკლინში გადავიდა, სადაც მკერავად მუშაობდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს სევინიმ ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი, ჰარმონი კორინი გაიცნო. ისინი ახლო მეგობრები გახდნენ. სევინიმ თავისი სადებიუტო როლი 1995 წელს გამოსულ ფილმში ითამაშა, სახელწოდებით „ბავშვები“. ფილმის სცენარის ავტორი ჰარმონი კორინი, ხოლო რეჟისორი ლარი კლარკია. სევინი ნიუ-იორკელ თინეიჯერს ასრულებს, რომელიც აღმოაჩენს, რომ შიდსით არის დაავადებული.

1998 წელს სევინიმ ითამაშა უიტ სტილმენის ფილმში, სახელწოდებით „დისკოს უკანასკნელი დღეები“. ფილმში ასევე კეიტ ბეკინსეილი თამაშობს. მისი სცენარის ავტორი უიტ სტილმენია.

1999 წელს სევინიმ კიმბერლი პირსის ავტობიოგრაფიულ ფილმში ითამაშა, სახელწოდებით „ბიჭები არ ტირიან“. იგი ტრანსგენდერ კაცს, ბრენდონ ტინას ეხება, რომელიც 1993 წელს ჰუმბოლდტში, ნებრასკაში გააუპატიურეს და მოკლეს. [3] სევინი ლანა ტისდელის, ახალგაზრდა ქალის როლს ასრულებს, რომელსაც ტინა უყვარდება. [4] ფილმისთვის სევინი „ოქროს გლობუსსა“ და „ოსკარზე“ იყო ნომინირებული.

2000 წელს სევინიმ მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა მერი ჰერონის ცნობილ ფილმში, სახელწოდებით „ამერიკელი ფსიქოპატი“, რომელიც ბრეტ ესტონ ელისის 1991 წლის იმავე სახელწოდების მქონე რომანზეა დაფუძნებული.

სევინი 2015 წელს

სევინი ასრულებს როლს ვუდი ალენის ფილმში „მელინდა და მელინდა“ (2004). [5]

2016 წელს გამოვიდა უიტ სტილმენის ფილმი „სიყვარული და მეგობრობა“, რომელშიც სევინი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ფილმი ჯეინ ოსტინის მოთხრობის, „ლედი სიუზანის“ ადაპტაციაა. მისი პრემიერა 2016 წელს სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა. [6]

2016 წელს სევინის სარეჟისორო დებიუტი შედგა. მან მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „ფისო“ გადაიღო, რომელიც პოლ ბოულსის 1980 წლის მოთხრობის ადაპტაციაა. [7] 2016 წლის დასასრულს სევინიმ მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „კარმენი“ გადაიღო. მისი გადაღებები პორტლენდში, ორეგონში მიმდინარეობდა.

2018 წლის ფილმში, სახელწოდებით „ლიზი“ (რეჟ. კრეიგ უილიამ მაკნილი) იგი კრისტენ სტიუარტთან ერთად თამაშობს. ფილმის პრემიერა 2018 წლის სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა. 2019 წლის ფილმში, „გარდაცვლილები არ კვდებიან“ (რეჟ. ჯიმ ჯარმუში) სევინი პატარა ქალაქის პოლიციის ოფიცერს ასრულებს.

2019 წელს გამოვიდა სევინის მესამე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „თეთრი ექო“, რომლის ჩვენებაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]