დოგვილი
| დოგვილი Dogville |
|
ფილმის პოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: |
ვიბეკე ვინდელოვი |
| სცენარის ავტორი: |
ლარს ფონ ტრიერი |
| მთავარ როლებში: |
ნიკოლ კიდმანი |
| ოპერატორი: |
ენტონი დოდ მენტლი |
| მონტაჟი: |
მოლი მარლენ სტენსგარდი |
| კინოსტუდია: | |
| გამოსვლის თარიღი: |
კანის კინოფესტივალი: |
| ხანგრძლივობა: |
178 წუთი |
| ქვეყანა: |
დანია |
| ენა: | |
| ბიუჯეტი: | |
დოგვილი (ინგლ. Dogville) არის 2003 წლის ფსიქოლოგიური დრამა, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ლარს ფონ ტრიერია. მონაწილეობენ: ნიკოლ კიდმანი, ლორენ ბეკოლი, კლოი სევინი, პოლ ბეტანი, სტელან სკარსგარდი, უდო კიერი და ჯეიმზ კაანი. გრეის მალიგენის ამბის მოსაყოლად სცენის მსგავსი გადასაღები მოედანია გამოყენებული. ქალი, რომელიც განგსტერებს ემალება, ჩამოდის პატარა მთიან ქალაქ დოგვილში, სადაც მას მაცხოვრებლები ფიზიკური სამუშაოს სანაცვლოდ შეიფარებენ. გრეისმა უნდა მიიღოს ქალაქის ყოველი მცხოვრების ხმა და მხარდაჭერა, რათა დარჩენის ნება დართონ, ამიტომ მისმა ყოველმა ცდამ, რომ ბევრი რამ საკუთარი ნებით გააკეთოს ან თავისი მუშაობა შეამციროს, კვლავ კრიმინალების ხელში შეიძლება დააბრუნოს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ქალს არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია, მისი ამ ადგილზე დარჩენა მაშინვე ცვლის ადგილობრივების ცხოვრებასა და თავად ქალაქს.
ფილმი არის ლარს ფონ ტრიერის ტრილოგიის პროექტის "აშშ - შანსების მიწის" პირველი ნაწილი, რომელსაც "მენდერლეი" (2005) მოჰყვება და რომელიც ჯერ არგამოსული მესამე ნაწილით - "ვაშინგტონით" დასრულდება. ფილმი იყო ოქროს პალმის ერთ-ერთი ნომინანტი 2003 წლის კანის კინოფესტივალზე,[1] მაგრამ ეს ჯილდო გას ვან სანტის "სპილომ" მიიღო. "დოგვილი" ნაჩვენები იყო სხვადასხვა კინოფესტივალებზე, სანამ 2004 წლის 26 მარტს ამერიკაში ლიმიტირებულად გამოვიდოდა.
სექციების სია |
[რედაქტირება] შინაარსის სტრუქტურა
[რედაქტირება] პროლოგი
დოგვილი არის ძალიან პატარა ამერიკული ქალაქი, რომელიც კლდოვან მთებში მდებარე მიტოვებულ ვერცხლის მაღაროსთან მდებარეობს. გზა სწორედ ამ მთებისკენ მიდის და ამის გარდა წასასვლელი არაა. ფილმი იწყება პროლოგით, რომელშიც ვხვდებით თხუთმეტი მოქალაქიდან ათს. ისინი წარმოჩენილნი არიან, როგორც მოსაწონი, კარგი ხალხი პატარა ნაკლებით, რომელიც ადვილი მისატევებელია.
ქალაქი ტომ ედისონ უმცროსის თვალთახედვითაა დანახული, რომელიც მისწრაფებული მწერალია და რომელიც თავისი თანამოქალაქეების რეგულარულ შეხვედრებზე შეკრებისა და "მორალურ განახლებაზე" საუბრის გამო თავის საქმეს აყოვნებს. აშკარაა, რომ ტომს სურს ფიზიკოსი მამის კვალს გაჰყვეს, როგორც ქალაქის მორალური და სულიერი ლიდერი.
[რედაქტირება] თავი 1-ლი
- რომელშიც ტომს თოფის სროლის ხმა ესმის და გრეისს ხვდება
- In which Tom hears gunfire and meets Grace
ტომი პირველია, ვინც გრეისს ხვდება. ქალი განგსტერებისგანაა გამოქცეული და ჩვენ ვიჯერებთ, რომ მათ მას ესროლეს. გრეისი, მშვენიერი, მაგრამ თავმდაბალი ქალია, მას სურს, რომ გზა გააგრძელოს და გაიქცეს, თუმცა ტომი არწმუნებს, რომ მთები ძალზედ რთული გადასალახია. სანამ ისინი საუბრობენ, განგსტერები ქალაქამდე აღწევენ და ტომი მაშინვე მალავს გრეისს ახლო მაღაროში. ერთ-ერთი განგსტერი მას ეკითხება თუ ნახა ქალი, რასაც ის უარყოფს. შემდეგ კი განგსტერი მას ჯილდოს სთავაზობს და ბარათს აძლევს, რომელზეც ტელეფონის ნომერი წერია, რათა მან დარეკოს იმ შემთხვევაში თუ გრეისი გამოჩნდება.
ტომი გადაწყვეტს, რომ მის მომდევნო შეხვედრაზე გრეისი გამოიყენოს როგორც "ილუსტრაცია" - შანსი მოქალაქეთათვის, რომ მათ დაამტკიცონ თავიანთი პატივისცემა საზოგადოებრივი ღირებულებებისადმი, ასევე ის, რომ საჩუქრის მიღება ძალუძთ და სურთ უცნობის დახმარება. ხალხი სკეპტიკურია, ტომი კი ამბობს, რომ გრეისს შანსი უნდა მისცენ, რათა დაამტკიცოს, რომ ის კარგი ადამიანია. გრეისი ორი კვირით მიიღეს და ამ დროის განმავლობაში მან ქალაქის მცხოვრებლებს თავი უნდა მოაწონოს.
[რედაქტირება] თავი მე-2
- რომელშიც გრეისი ტომის გეგმას მიჰყვება და ფიზიკურ შრომას იწყებს
- In which Grace follows Tom's plan and embarks upon physical labor
ტომის რჩევის თანახმად გრეისი ქალაქის მცხოვრებლებს სამუშაოს შესრულებას სთავაზობს - ის დაელაპარაკება მარტოსულ, ბრმა ჯეკ მაკკეის, მიეხმარება სხვებს პატარა მაღაზიის მართვაში, მოუვლის ჩაკისა და ვერას შვილებს და ასე შემდეგ. ყოყმანის შემდეგ ხალხი იღებს გრეისის დახმარებას იმ საქმეების კეთებაში, რაც "ნამდვილად არავის სჭირდება", თუმცა ცხოვრებას უკეთესს ხდის და ასე ქალი საზოგადოების ნაწილი ხდება.
[რედაქტირება] თავი მე-3
- რომელშიც გრეისი მცირე პროვოკაციას ჰყვება.
- In which Grace indulges in a shady piece of provocation.
შეთანხმების თანახმად გრეისმა უნდა გააგრძელოს სამუშაოები, ის ასეც იქცევა და მცირე ხელფასსაც უხდიან. ქალი იწყებს მეგობრების შეძენას, მათ შორისაა ჯეკიც, რომელსაც თავი მოაქვს თითქოს ბრმა არ არის. გრეისი გამოცდას უწყობს, რათა მან აღიაროს, რომ მართლაც ბრმაა, რის შედეგადაც ქალი პატივისცემას დაიმსახურებს. მას შემდეგ, რაც ორი კვირა გავიდა, ყველა თანხმდება, რომ გრეისს დარჩენის ნება უნდა მისცენ.
[რედაქტირება] თავი მე-4
- ბედნიერი დრო დოგვილში
- Happy times in Dogville
დოგვილში ყველაფერი ჩვეულებისამებრ მიდის, სანამ პოლიცია დაკარგული პიროვნების პოსტერის გასაკვრელად მოვა, რომელზეც გრეისის ფოტო და სახელია. ხასიათი ოდნავ უარესდება. ქალაქის მცხოვრებლები ორად გაიყვნენ: შეატყობინონ ან არ შეატყობინონ პოლიციას ყველაფერი.
[რედაქტირება] თავი მე-5
- ოთხი ივლისი ყველაფრის შემდეგ
- Fourth of July after all
ოთხი ივლისის ზეიმამდე ყველაფერი კვლავ ჩვეულებისამებრ გრძელდება. მას შემდეგ, რაც ტომი უცნაურად აღიარებს გრეისის სიყვარულს და მთელი ქალაქი თანხმდება, რომ მისი დამსახურებით ეს უკეთესი ადგილი გახდა, კვლავ პოლიცია მოდის, რათა დაკარგულის პოსტერი ძებნილის პოსტერით ჩაანაცვლოს. გრეისი ახლა ბანკის გაძარცვაში მონაწილეობისთვისაა ძებნილი. ყველა თანხმდება, რომ ის უდანაშაულო იქნება, იქედან გამომდინარე, რომ იმ დროს, როდესაც ძარცვა მოხდა, ის ქალაქის მცხოვრებთათვის საქმეებს აკეთებდა.
ახლა, როდესაც ქალაქისათვის რისკი გაიზარდა იმით, რომ მაცხოვრებლები იფარავენ იმას, ვინც ძებნილია, როგორც კრიმინალი, ამიტომ გრეისმა იგივე დროში ხალხისათვის უფრო მეტი სამუშაო უნდა შეასრულოს უფრო ნაკლებ ფასად. აქედან გამომდინარე, რაც მანამდე სამოყვარულო შეთანხმება იყო, ახლა შედარებით იძულებით სახეს იღებს, რადგან ეს იდეა აშკარად არახელსაყრელია გრეისისათვის, თუმცა იმის გამო, რომ ის ძალიან დამჯერია და სურს ტომს თავი მოაწონოს, თანხმდება.
[რედაქტირება] თავი მე-6
- რომელშიც დოგვილი თავის კბილს აჩენს
- In which Dogville bares its teeth
იმ დროს, როდესაც დამატებითი სამუშაოების გამო გრეისი შეცდომებს უშვებს, სიტუაცია უარესდება და ხალხი ახალი განრიგის გამო ერთნაირად გაღიზიანებულია. გარემო ნელ-ნელა მძაფრდება, როდესაც ზოგი მამაკაცი მოქალაქე გრეისთან სექსუალურ ქმედებებს იწყებს, ხოლო ქალები კი მეტად მოძალადეები ხდებიან. ბავშვებიც კი თავნებობენ: ჯეისონი, ჩაკისა და ვერას დაახლოებით 10 წლის შვილი, სთხოვს გრეისს, რომ ქალმა მას გაარტყას, მანამ სანამ დიდი პროვოკაციის შემდეგ ის მართლაც ასე არ მოიქცევა. მალევე პოლიცია, რომელსაც სჯერა, რომ სამხილი - ქუდი იპოვა, რაც გრეისის აქ ყოფნის ეჭვს ამძაფრებს, ზოგიერთ მაცხოვრებელთან ქუჩაში განიხილავს ამ ყველაფერს. ჩაკი მიდის თავის სახლში, სადაც გრეისი იმალება. ის მას აუპატიურებს და აშინებს, რომ თუკი წინააღმდეგობას გაუწევს, პოლიციასთან დაასმენს. პოლიცია კი მას შემდეგ მიდის, რაც ეტყვიან, რომ ქუდი გრეისს არ ეკუთვნის, თუმცა ის ნათელი გახდა, რომ ქალს ქალაქის მცხოვრებთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია.
[რედაქტირება] თავი მე-7
- რომელშიც გრეისი საბოლოოდ დაიღალა დოგვილით, შეთანხმდება რომ ქალაქი დატოვოს და კვლავ ხედავს დღის სინათლეს.
- In which Grace finally has had enough of Dogville, conspires to leaves town, and again sees the light of day.
მას შემდეგ, რაც ტომი გრეისს გაქცევის იდეას სთავაზობს, ვერა ქალს შვილის ცემასა და ქმრის შეცდენაში სდებს ბრალს და ემუქრება, რომ გაანადგურებს ფაიფურის ფიგურებს, რომლებიც გრეისმა თავისი მძიმედ გამომუშავებული ხელფასით ქალაქის მაღაზიაში იყიდა. ის შეწყალებას ითხოვს და ახსენებს ვერას, თუ როგორ ასწავლა მან მის შვილებს სტოიციზმის ფილოსოფია. საპასუხოდ, ვერა ეუბნება გრეისს აჩვენოს საკუთარი სტოიციზმი იმით, რომ არ გამოხატოს არანაირი ემოცია, როდესაც ის მისი ფიგურებიდან ორს ანადგურებს. გრეისს არ ძალუძს ცრემლების შეკავება და მაშინ ვერა შვიდივე ფიგურას ანადგურებს. სიმბოლო, რომ გრეისი ამ ქალაქს ეკუთვნის, აღარ არსებობს და მან იცის, რომ უნდა გაიქცეს. ის ქრთამავს მანქანის მძღოლს - ბენს, რომ მან თავისი ვაშლის ფურგონით ქალაქიდან გააპაროს. გზაში ბენი მანქანის საბარგულში ცოცდება, სადაც გრეისი იმალება და ეუბნება, რომ რადგან პოლიციის ძებნილს იფარავს, ქალმა უფრო მეტი უნდა გადაუხადოს და მასზე ძალას ხმარობს, ხოლო ამის შემდეგ ფურგონი გზას აგრძელებს, თუმცა გრეისს კვლავ დოგვილში აბრუნებს.
ქალაქი თანხმდება, რომ ქალს გაქცევის ნება აღარ უნდა მისცენ. ფული, რომელიც გრეისმა ბენს გადაუხადა, რათა გაქცევაში დახმარებოდა, ტომის მიერ მამამისისგან იყო მოპარული, თუმცა როდესაც ქურდობაში თავად გრეისს ადანაშაულებენ, ტომი თავის ქმედებას არ აღიარებს, რადგან როგორც თავად ხსნის, ეს არის ერთადერთი გზა, რითაც მას კვლავ შეუძლია გრეისის დაცვა ხალხის დაეჭვების გარეშე. სწორედ ამ დროს, გრეისის დამამცირებელი სტატუსი, როგორც მონა, ძალაშია შესული, როდესაც მას ყელზე მოსაბმელს უკეთებენ და ჯაჭვით დიდ, მძიმე რკინის ბორბალზე აბამენ, რომელიც მან თავისით უნდა ათრიოს და რომელიც ხელს შეუშლის დოგვილს გარეთ გასვლაში. რკინის საყელოზე კი ზარია მიმაგრებული, რათა ცხადყოს მისი ყოფნა იქ, სადაც არის. ქალაქის მცხოვრები მამაკაცები კი თავიანთ რიგს იკავებენ და გრეისზე ყოველდღიურად ხმარობენ ძალას.
[რედაქტირება] თავი მე-8
- რომელშიც არის შეხვედრა, სადაც სიმართლეა ნათქვამი და ტომი მიდის (თუმცა შემდეგ დაბრუნდება).
- In which there is a meeting where the truth is told and Tom leaves (only to return later).
გვიან ღამის ჩვეულ შეკრებაზე გრეისი, ტომის რჩევის გათვალისწინებით, ყველაფერზე წყნარად საუბრობს, რისი ატანაც მას ქალაქის მცხოვრებთაგან მოუწია. დაბნეული ხალხი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ქალი თავიდან მოიშორონ. როცა ტომი, რომელიც ერთადერთი ზრდასრული ქალაქის მცხოვრები მამაკაცია, რომელსაც გრეისთან სექსი არ ჰქონია, მასთან მივა, მაშინ ის ცდილობს ქალთან დაწოლას, თუმცა ის უარს ეუბნება. ნახევრად გრეისზე გაბრაზებული, მაგრამ უფრო მეტად იმაზე, რომ თავად ვერ შეძლო მასზე ძალადობა, როგორც სხვებმა, ტომი საბოლოოდ თავად ურეკავს განგსტერებს, ხოლო მოგვიანებით ერთსულოვნად თანხმდება იმაზე, რომ ქალი თავის ქოხში ჩაკეტონ.
[რედაქტირება] თავი მე-9 და დასასრული
- რომელშიც დოგვილი იღებს საწადელ ვიზიტს და ფილმი სრულდება
- In which Dogville receives the long-awaited visit and the film ends
როდესაც განგსტერები საბოლოოდ მოდიან, მათ ტომი და სხვა მაცხოვრებლები ეგებებიან. ამის შემდეგ გრეისს ანთავისუფლებენ და ჩვენ საბოლოოდ ვგებულობთ თუ ვინაა ის სინამდვილეში: ბანდის გავლენიანი ლიდერის ქალიშვილი, რომელიც გამოიქცა, რადგან აღარ შეეძლო მამამისის ბინძური საქმის ატანა. გრეისის მამა შვილს თავის კადილაკში ხვდება და ეუბნება, რომ ის ამაყია, რადგან სხვებს ისეთივე მაღალი სტანდარტებით არ ეპყრობა, როგორც თავის თავს. თავიდან გრეისს არ სურს, რომ მას მოუსმინოს, თუმცა, როდესაც მამამისთან განხილვას ასრულებს და მანქანიდან გადმოდის, კვლავ უყურებს ქალაქსა და მის ხალხს და წყვეტს, რომ მამას დაეთანხმოს: თუკი ის მათ თავისი საკუთარი სტანდარტებით მოეპყრობოდა, მაშინ ყველაზე საზიზღარი სასჯელით უნდა დაესაჯა, რაც კი შესაძლებელია და ამის არ-გაკეთება არაჰუმანური იქნებოდა.
ასე რომ, გრეისი თანხმდება თავისი მამის ქალიშვილის როლს და დაუყოვნებლივ ითხოვს, რომ მთელი ქალაქი გაანადგურონ. კონკრეტულად, ის ბრძანებას გასცემს, რომ ვერას აყურებინონ მისი თითოეული შვილის მკვლელობა და უთხრან, რომ ხოცვა შეწყდება თუკი ის ცრემლებს შეიკავებს. ქალაქი დამწვარია, ხოლო მისი ყველა მოქალაქე განგსტერების მიერ გრეისის ბრძანების თანახმად სასტიკად მოკლული, გარდა ტომისა, რომელსაც შემდეგ რევოლვერით თავად კლავს. როდესაც დოგვილის ნარჩენები მის გარშემო იწვის, გრეისი ნახულობს და ინდობს ერთადერთ გადარჩენილ მაცხოვრებელს - მოუზესს, დოგვილის ძაღლს. ირონიულად, ერთადერთი "ძაღლი", რომელსაც მის მიმართ სიბოროტე და უსამართლობა არ ჩაუდენია, სწორედ ქალაქის ძაღლია, რომელიც მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ქალაქი თავის ნამდვილ ბუნებას ამჟღავნებდა.
[რედაქტირება] შემადგენლობა
- ჯონ ჰარტი - მთხრობელი
- ნიკოლ კიდმანი - გრეის მარგარეტ მალიგენი
- ლორენ ბეკოლი - მა ჯინჯერი
- კლოი სევინი - ლიზ ჰენსონი
- პოლ ბეტანი - ტომ ედისონ უმც.
- სტელან სკარსგარდი - ჩაკი
- უდო კიერი - კაცი პალტოში
- ჯეიმზ კაანი - დიდი კაცი
- შონა შიმი - ჯუნი
- პატრიშა კლარკსონი - ვერა
- ჯერემი დევისი - ბილი
- ფილიპ ბეიკერ ჰოლი - ტომ ედისონ უფ.
- ბენ გაზარა - ჯეკ მაკკეი
- ბლერ ბრაუნი - მისის ჰენსონი
- ზელჯკო ივანეკი - ბენი
- ჰერიეტ ანდერსონი - გლორია
- სიობჰან ფელონ ჰოგენი - მარტა
- კლეო კინგი - ოლივია
- მაილზ პურინტონი - ჯეისონი
[რედაქტირება] პილოტი
"დოგვილი: პილოტი" (Dogville: The Pilot) გადაიღეს 2001 წელს, ფილმის წინასწარ მომზადების პერიოდში იმისათვის, რომ ენახათ თუ გაამართლებდა გეგმა. თხუთმეტწუთიან საპილოტე ფილმში მონაწილეობდნენ დანიელი მსახიობები სიდსე ბაბეტ კნადსენი (გრეისის როლში) და ნიკოლაი ლაი კაასი (ტომის როლში). საბოლოოდ ლარს ფონ ტრიერს მოეწონა მთლიანი შედეგი. ამის შემდეგ მან და პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, მხატვრული ფილმის წარმოება დაეწყოთ. ეს ნაჩვენებია "დოგვილის" DVD-ის მეორე დისკზე, რომელიც 2003 წლის ნოემბერში გამოვიდა.[2]
[რედაქტირება] დადგმა
"დოგვილის" ისტორია ჯონ ჰარტის მიერაა მოთხრობილი ცხრა თავში და მოქმედება სცენაზე ხდება. ზოგიერთი კედელი და საგნები დადგმულია სცენაზე, მაგრამ დანარჩენი დეკორაციები მარტივადაა განლაგებული, როგორც თეთრად დახატული მონახაზები, რომლებსაც დიდი ნიშნები აქვთ, მაგალითად, კენკრის ბუჩქების მონახაზს გვერდით დაწერილი აქვს ტექსტი "კენკრის ბუჩქები" (Gooseberry Bushes). მიუხედავად იმისა, რომ დადგმის ეს ფორმა ჩვეულებრივია შავი ყუთის თეატრებისათვის, კინოში მანამდე იშვიათად იყო ნაცადი (1954 წლის მუსიკალური ვესტერნი "წითელი წვივსაკრავები" და 1994 წლის ფილმი "ვანია 42-ე ქუჩაზე" აღსანიშნავი გამონაკლისებია). დაცარიელებული სცენური დადგმა იმისათვისაა, რომ აუდიტორიის ყურადღება მსახიობთა თამაშისა და ამბის გადმოცემისაკენ იყოს მიმართული და ასევე ეს ახსენებს მათ ფილმის არაბუნებრივობის შესახებ. ფილმზე ძლიერი გავლენა იქონია ბერტოლტ ბრეჩტის თეატრმა. (ასევე არის მსგავსებები სიმღერა "Seeräuberjenny"-სა [რომელიც ბრეჩტსა და კურტ უეილის "Die Dreigroschenoper"-შია გამოყენებული] და დოგვილის ამბავს შორის.[3] ჩიკო ბუარკეს ამ სიმღერის ვერსია - "Geni e o Zepelim" ეხება დაჩაგვრის უფრო ეროტიკულ ასპექტებს და საკმაოდ ჰგავს ლარს ფონ ტრიერის კინემატოგრაფიულ ვერსიას). ფილმში გამოყენებულია ფრთხილად მოწყობილი განათება, რათა გადმოგვცეს ნატურალური ეფექტები, როგორც მაგალითად ღრუბლების მოძრავი ჩრდილები, ხოლო ხმის ეფექტები კი გამოყენებულია, რომ შექმნას არარსებული დეკორაციების არსებობის განცდა (მაგალითად, არ არის კარებები, მაგრამ კარის ხმა ყოველთვის ისმის, როდესაც მას მსახიობი "აღებს" ან "კეტავს").
ფილმი გადაიღეს მაღალი გარჩევადობის ფორმატით და გამოყენებულ იქნა Sony HDW-F900 კამერა, ტროლჰატანის სტუდიაში, შვედეთში.
დოგვილის ისტორია 9 თავსა და პროლოგშია გადმოცემული და თითოეული თავის აღწერა მოცემულია, მაშინ, როცა მოქმედება იწყება.
[რედაქტირება] გამოხმაურება
"Ebert and Roeper"-მა გააკრიტიკეს ფილმი, როგორც ძლიერ ანტი-ამერიკული მესიჯის მატარებელი. მაგალითისათვის აღინიშნა, დასკვნითი კრედიტის კადრები, რომელიც ღარიბი ამერიკელების სურათებითაა გაფორმებული (რომელიც ჯეიკობ ჰოლდტის 1984 წლის დოკუმენტურ წიგნ "ამერიკული სურათებიდან" არის აღებული) და დევიდ ბოუის სიმღერით - "Young Americans"-ით არის აკომპანირებული.[4] 2009 წელს, ამერიკელმა რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ საკუთარი 20 ტოპ-ფილმიდან, რომელიც თავისი მოღვაწეობის პერიოდში იქნა გადაღებული, "დოგვილი" ერთ-ერთ მათგანად დაასახელა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუკი ეს ფილმი სცენისათვის იქნებოდა დაწერილი, ფონ ტრიერი პულიცერის პრემიას მიიღებდა.[5]
თავად რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის თანახმად, ფილმის აზრი არის ის, რომ "ბოროტება შესაძლოა ყველგან აღმოცენდეს, მანამ სანამ სიტუაცია მწყობრშია".[6]
[რედაქტირება] შეფასება
[რედაქტირება] კრიტიკა
ფილმმა დაიმსახურა აღიარება და ამჟამად აქვს 71%-იანი რეიტინგი ფილმების რევიუების საიტ rottentomatoes-ზე.[7]
ტოპ სიები[8]
- მარკ კერმოუდი, BBC Radio Five Live
- ჯ. ჰობერმენი, Village Voice
- ზოგადი, Village Voice
- დენის ლიმ, Village Voice
- ჯეკ მეთიუსი, New York Daily News
- ჯ.რ. ჯონსი, Chicago Reader
- დევიდ სტერიტი, Christian Science Monitor
- რონ სტრინგერი, LA Weekly
[რედაქტირება] რეკლამა
ამერიკის ბაზარზე ფილმმა 1,535,286 $ მოაგროვა, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში კი - 15,145,550 $, საერთო ჯამში მთლიანი შემოსავალი 16,680,836 $-ია. ამერიკის გახსნით უიქენდზე ფილმმა მხოლოდ 88,855 $ მოაგროვა, თუმცა ის მხოლოდ 9 კინოთეატრში გაუშვეს, მაშასადამე თოთოეული კინოთეატრიდან დაახლოებით 9,872 $ მოგროვდა.[9] დანიაში კი ფილმმა 1,231,984 $-ის შემოსავალი ნახა.[10] ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა იტალია იყო, 3,272,119 $-ით.[10]
[რედაქტირება] ჯილდოები
| ჯილდო | კატეგორია | მიმღები და ნომინანტი | შედეგი |
|---|---|---|---|
| ბოდილის დაჯილდოვება | საუკეთესო დანიური ფილმი | ლარს ფონ ტრიერი | მოგებული |
| საუკეთესო ქალი მსახიობი | ნიკოლ კიდმანი | ნომინირებული | |
| საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი მსახიობი | სტელან სკარსგარდი | ნომინირებული | |
| რობერტის დაჯილდოვება | კოსტიუმების საუკეთესო დიზაინერი | მენონ რასმუსენი | მოგებული |
| საუკეთესო სცენარი | ლარს ფონ ტრიერი | მოგებული | |
| საუკეთესო მონტაჟი | მოლი მალენ სტენსგაარდი | ნომინირებული | |
| საუკეთესო ფილმი | ლარს ფონ ტრიერი | ნომინირებული | |
| საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი | ენტონი დოდ მენტლი | ნომინირებული | |
| პროდუქციის საუკეთესო დიზაინი | პიტერ გრანტი | ნომინირებული | |
| საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი მსახიობი | სტელან სკარსგარდი | ნომინირებული | |
| საუკეთესო რეჟისორი | ლარს ფონ ტრიერი | ნომინირებული | |
| კანის კინოფესტივალი | ოქროს პალმის რტო | ლარს ფონ ტრიერი | ნომინირებული |
| ევროპული კინოს დაჯილდოვება | საუკეთესო ოპერატორი | ენტონი დოდ მენტლი | მოგებული |
| საუკეთესო ფილმი | ლარს ფონ ტრიერი | ნომინირებული | |
| საუკეთესო რეჟისორი | ლარს ფონ ტრიერი | ნომინირებული | |
| საუკეთესო სცენარისტი | ლარს ფონ ტრიერი | ნომინირებული | |
| ქლოტრადისის დაჯილდოვება | მსახიობთა საუკეთესო შემადგენლობა | "დოგვილის" მსახიობთა შემადგენლობა | ნომინირებული |
| საუკეთესო სცენარი | ლარს ფონ ტრიერი | ნომინირებული | |
| სეზარი | საპატიო სეზარი | ლარს ფონ ტრიერი | მოგებული |
| გოიას დაჯილდოვება | საუკეთესო ევროპული ფილმი | ლარს ფონ ტრიერი | ნომინირებული |
| რუსეთის კინოკრიტიკოსთა გილდია | საუკეთესო უცხოელი მსახიობი | ნიკოლ კიდმანი | მოგებული |
| საუკეთესო უცხოური ფილმი | ლარს ფონ ტრიერი | მოგებული | |
| კინოჟურნალისტთა იტალიური ნაციონალური სინდიკატი | საუკეთესო რეჟისორი | ლარს ფონ ტრიერი | ნომინირებული |
| გალდბეჯის დაჯილდოვება | საუკეთესო უცხოური ფილმი | ლარს ფონ ტრიერი | ნომინირებული |
| ოქროს ტრეილერის დაჯილდოვება | საუკეთესო დამოუკიდებელი ფილმი | ლარს ფონ ტრიერი | ნომინირებული |
| დევიდ დი დონატელო | საუკეთესო ევროპული ფილმი | ლარს ფონ ტრიერი | მოგებული |
| კოპენჰაგენის საერთაშორისო კინოფესტივალი | საპატიო ჯილდო | ლარს ფონ ტრიერი | მოგებული |
| ბრაზილიის კინოს დიდი პრიზი | საუკეთესო უცხოური ფილმი | ლარს ფონ ტრიერი | მოგებული |
| კინოსცენარისტთა წრიული დაჯილდოვება, ესპანეთი | საუკეთესო უცხოური ფილმი | ლარს ფონ ტრიერი | მოგებული |
| გერმანული არტ-ჰაუს ფილმების გილდია | საუკეთესო უცხოური ფილმი | ლარს ფონ ტრიერი | მოგებული |
| სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალი | საუკეთესო ფილმი | ლარს ფონ ტრიერი | მოგებული |
[რედაქტირება] ლიტერატურა
გეორგ ტაიფენბახი: Drama und Regie (Writing and Directing): Lars von Trier's Breaking the Waves, Dancer in the Dark, Dogville. Würzburg: Königshausen & Neumann 2010. ISBN 978-3-8260-4096-2.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Festival de Cannes: Dogville. festival-cannes.com. წაკითხვის თარიღი: 2009-11-05.
- ↑ Dogville: The Pilot on IMDb
- ↑ Marit Kapla: Our Town. Filmmaker Magazine, June 11, 2002.
- ↑ Dogville, by Roger Ebert
- ↑ Quentin Tarantino's Top 20 Favorite Films
- ↑ Scott, A. O.. “'Dogville' - It Fakes a Village“, NYTimes.com, 2004-03-21. წაკითხვის თარიღი: 2010-02-25.
- ↑ Dogville (2003) Rotten Tomatoes. Retrieved on 28 March 2010.
- ↑ 2004 Film Critic Top Ten Lists Retrieved on 28 March 2010.
- ↑ Dogville (2004). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 2010-02-25.
- ↑ 10.0 10.1 http://www.boxofficemojo.com/movies/?page=intl&id=dogville.htm
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- (ინგლისური) დოგვილი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
- დოგვილი — Allmovie-ზე
- დოგვილი — Box Office Mojo-ზე
- დოგვილი — Rotten Tomatoes-ზე
- დოგვილი AboutFilm.com-ზე: განხილვა კარლო კავაგნას მიერ
- ძაღლების ბუნებაზე, გრეისის უფლებაზე, მიტევებასა და სტუმართმოყვარეობაზე: დერიდა, კანტი და ლარს ფონ ტრიერის "დოგვილი" ადამ ატკინსონის მიერ
- Newsweek-ის რევიუ
- BBC Collective-ის რევიუ
- დოგვილი, ანუ კანონის ბინძური დაბადება - თეორიული ესეი

