ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი

ფრიდრიხ მარტინ ფონ ბოდენშტედტი (გერმ. Friedrich Martin von Bodenstedt) (დ. 22 აპრილი, 1819, პაინე, გერმანია, — გ. 18 აპრილი, 1892, ვისბადენი, გერმანია) — გერმანელი მწერალი. გვიანდელი ეპიგონური რომანტიზმის წარმომადგენელი.

1841 წელს თავადმა გოლიცინმა თავისი შვილების აღსაზრდელად ჩამოიყვანა მოსკოვში, ხოლო 1844 წელს კავკასიის მთავარმართებელმა ალექსანდრე ნეიდგარტმა მოიწვია თბილისის გიმნაზიაში ფრანგული ენის მასწავლებლად. ბოდენშტედტი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში; აგროვებდა მასალას წიგნისათვის „კავკასიის ხალხები და მათი ბრძოლა თავისუფლებისათვის რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც გამოსცა გერმანიაში 1848 წელს. ამ წიგნში ავტორი მიმოიხილავს საქართველოს წარსულს, გადმოსცემს ცნობებს თამარ მეფის შესახებ. საქართველოში მოგზაურობის შედეგი იყო აგრეთვე მისი წიგნი „ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“ (ტ. 1-2, 1849-1850). დაინტერესებული იყო სპარსული ლიტერატურით.

1851 წელს ბოდენშტედტმა გამოსცა „მირზა შაფის სიმღერები“, აღმოსავლურ სტილში დაწერილი ლექსების ციკლი, რომელიც ევროპის თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამასთანავე, ის ერთ-ერთი გახმაურებული ლიტერატურული დავის საგანიც გახდა; წიგნის გამოქვეყნების შემდეგ ბოდენშტედტმა მირზა შაფის ლექსები თავის ორიგინალურ ნაწარმოებად გამოაცხადა, მაგრამ გავრცელდა სხვა მოსაზრებებიც. ეს ლექსები ისეთივე ბრწყინვალე თარგმანი იყო რეალურად არსებული სპარსულენოვანი აზერბაიჯანელი პოეტის თხზულებებისა, როგორც ადრე ბოდენშტედტის მიერ გერმანულ ენაზე გადმოღებული ჰაფეზისა და ხაიამის ლექსები. ამავე დროს ბოდენშტედტმა შექმნა ორიგინალური ლექსების ციკლი თბილისზე: „დილა თბილისში“, „თბილისის ვარდი“, „საქართველო“, „არ გამიწყრე“, „მხოლოდ შენ ერთს“, „ნინო“ და სხვ. მასვე ეკუთვნის პოემა „ლეკის ქალი ადა“ (1853), „ლექსები“ (1852–1859), მოგონებები (1888–1890), ტრაგედია „დიმიტრი“ (1856) და სხვ.

1854 წელს ბოდენშტადტი მიუნხენის უნივერსიტეტის სლავური ენების პროფესორი გახდა. თარგმნიდა რუსი მწერლების, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის, ივანე ტურგენევის და მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედებას. 1858 წელს გახდა ძველი ინგლისური ლიტერატურის პროფესორი; სხვებთან ერთად გერმანულად თარგმნა უილიამ შექსპირის თხზულებები (1866-1872). 1866 წლიდან ხელმძღვანელობდა მაინინგენის კარის თეატრს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელოვანი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 453.
  • ათას ერთი დღე აღმოსავლეთში : საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებანი-ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1965.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]