ფრანკა რამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანკა რამე
დაბადების თარიღი 18 ივლისი, 1929
პარაბიანო, მილანი, ლომბარდია, იტალიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 29 მაისი, 2013 (83 წლის)
მოქალაქეობა იტალიის სამეფო, იტალიის დროშა იტალია
საქმიანობა მსახიობი, დრამატურგი, პოლიტიკოსი, სცენარისტი, მწერალი
აქტიური 1951-2013

ფრანკა რამე ( იტალ. Franca Rame ; დ. 18 ივლისი, 1929, პარაბიაგო, ლომბარდია — გ. 29 მაისი, 2013, მილანი) — იტალიელი თეატრის მსახიობი, დრამატურგი, იტალიის სენატის დეპუტატი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატიდარიო ფოს მეუღლე და შემოქმედებითი პარტნიორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანკა რამე დაიბადა 1929 წლის 18 ივლისს მილანის პროვინციის ქალაქ პარაბიაგოში, მდიდარი თეატრალური ტრადიციის მქონე ოჯახში. რვა დღის ფრანკა პირველად გამოიყვანა დედამ თეატრის სცენაზე ხელში აყვანილი. 18 წლის ასაკში რამემ დაიწყო მუშაობა მილანის თეატრებში და სწრაფად მიაღწია წარმატებას სამსახიობო პროფესიაში. მან მალევე გაიცნო დრამატურგი დარიო ფო, რომელსაც 1954 წელს გაჰყვა ცოლად. ერთი წლის შემდეგ მათ ვაჟი ჯაკოპო შეეძინათ. დარიო ფომ და ფრანკა რამემ ითამაშეს რამდენიმე ფილმში, მათ შორის რეჟისორ კარლო ლიძანის ფილმში, მაგრამ მათ ფილმებს წარმატება არ მოჰყოლია. შემდეგ მათ თავიანთი ძალები თეატრალური შემოქმედებისკენ მიმართეს. 1958 წელს, თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად, ფომ და რამემ შექმნეს კერძო თეატრი, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა მაყურებლებს შორის. დარიო ფო ძირითადად წერდა პიესებს, რამე მათში მთავარი როლს ასრულებდა და ასევე იყო მეუღლის ზოგიერთი ნაწარმოების თანაავტორი. 1962 წელს ფომ და რამემ სცადეს თავიანთი ძალები ტელევიზიაში, თამაშობდნენ საკუთარი ავტორობით დადგმულ სატირულ ჩანახატებში, მაგრამ მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში დატოვეს პროექტი ცენზურასთან უთანხმოების გამო და ტელევიზიაში აღარ უმუშავიათ მომდევნო 15 წლის განმავლობაში.

1960-იანი წლების ბოლოს რამი შეუერთდა იტალიის კომუნისტურ პარტიას (PCI) ; ფო ასევე მემარცხენე იყო, მაგრამ დატოვა კომუნისტური პარტია 1970 წელს. იმ დროს ისინი მუშაობდნენ საკუთარ თეატრში La Comuna, სადაც ძირითადად მუშებისა და სტუდენტებისთვის იდგმებოდა სპექტაკლები. 1970-იან წლებში რამე იყო ფემინისტური მოძრაობის გამორჩეული ფიგურა. იგი წერდა საკუთარ ჩანახატებს ამ თემაზე. 1973 წელს იგი გაიტაცეს, სცემეს და გააუპატიურეს მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფის წევრებმა. ათი წლის შემდეგ მან ეს ტრაგიკული მოვლენა თავისი მონოლოგით გადმოსცა, რომელიც შეასრულა ლონდონის სცენაზე და ეროვნულ ტელევიზიაში.

1987 წელს რამემ და ფო-მ ტელევიზიით განაცხადეს, რომ დაშორდნენ, მაგრამ მოგვიანებით ურთიერთობა გამოასწორეს. 1980-იან წლებში რამემ, მილანის ორგანიზაციის მეშვეობით, რევოლუციონერი მებრძოლებისთვის მოაგროვა სახსრები პოლიტპატიმრების ოჯახების დასახმარებლად. პოლიტიკური შეხედულებების გამო რამეს და ფოს გაუჭირდათ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების მიღება, მაგრამ 1980-იანი წლების ბოლოს ისინი აღფრთოვანებით მიიღეს შეერთებული შტატების თეატრებსა და უნივერსიტეტებში. [1]

1990-იან და 2000-იან წლებში რამემ განაგრძო თეატრალური მოღვაწეობა, შეასრულა მისი ვაჟის ჯაკოპოს მიერ დაწერილი მწვავე მონოლოგები და ასევე ითამაშა ქმრის სკანდალურ სპექტაკლში "ორთავიანი პრემიერი", სადაც დასცინოდა სილვიო ბერლუსკონის .

2006 წელს რამე თავად წავიდა პოლიტიკაში. იგი აირჩიეს სენატში მემარცხენე ცენტრისტული იტალიის ღირებულებების პარტიიდან. [2] იმავე წელს მან წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა იტალიის საპრეზიდენტო არჩევნებში.

2008 წელს რამემ უარი თქვა სენატორის თანამდებობაზე. [2] ფრანკა რამე ბოლოს თეატრის სცენაზე გამოვიდა 2012 წლის მარტში სპექტაკლში „მისტერია ბუფი.“ [3]

დარიო ფო, ფრანკა რამე ვაჟიშვილ ჯაკოპოსთან ერთად (1962)

ფრანკა რამე გარდაიცვალა 2013 წლის 29 მაისს მილანში 84 წლის ასაკში მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. [3] იგი დაკრძალეს მილანის მონუმენტალურ სასაფლაოზე. [4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lane, John Francis.. (2013-05-29) Franca Rame obituary. The Guardian. ციტირების თარიღი: 2016-01-05.
  2. 2.0 2.1 senato.it - Scheda di attività di Franca RAME - XV Legislatura. ციტირების თარიღი: 2023-10-10
  3. 3.0 3.1 Старцев, Сергей.. (2013-05-29) Выдающаяся итальянская актриса Франка Раме скончалась в Милане. РИА Новости. ციტირების თარიღი: 2016-01-05.
  4. Funeral goers sing Bella Ciao for Franca Rame. Gazzetta del Sud (2013-05-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-01-05.