ულაჰის (ვლახების) მილეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

  

ულაჰის მილეთი (მეორენაირად - "ვლახების მილეთი") იყო ოსმალთა იმპერიის ფარგლებში ერთ-ერთი ცალკე მყოფი მილეთი (და, აღიარებული, როგორც ეთნო-რელიგიური და ენობრივი თემი). ის, ოსმალეთის იმპერიაში ნაციონალიზმის აღმავლობის დროს, კერძოდ, 1905 წელს არომუნებისთვის (ასევე, ცნობილი, როგორც "ვლახები"; თურქულად: Ulahlar) შექმნა ოსმალეთის ხელისუფლებამ. მიუხედავად იმისა, რომ მეგლენო-რუმინელებსაც ზოგჯერ "ვლახებს" უწოდებენ, "ულაჰის მილეთი" მათთვის არ იყო განკუთვნილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არომუნები წარმოადგენენ ბალკანურ ეთნიკურ ჯგუფს. ისინი მიმოფანტული არიან სხვადასხვა ქვეყანაში: ალბანეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთში.[1] [2] ჩვეულებრივ, მეზობლები არომუნებს მოიხსენიებენ ტერმინით "ვლახები" (თურქულად: Ulahlar). თუმცა, იგივე ტერმინი, ასევე გამოიყენება მცირე ბალკანურ ხალხებთან, კერძოდ, მეგლენო-რუმინელებთან მიმართებაშიც.[3] "ულაჰის მილეთის" შექმნამდე, არომუნები კონსტანტინოპოლის ბერძნული მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ იყვნენ მოქცეული, რადგან მსახურობდნენ აღმოსავლეთის ქრისტიანულ ეკლესიაში. ამ პერიოდის განმავლობაში, მღვდლების უმეტესობა იყო ბერძენი და არომუნებს არ შეეძლოთ საეკლესიო მსახურებაში საკუთარი ენის გამოყენება. არომუნებსა და ბერძნებს შორის ეს დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში, რასაც მოჰყვა ორივე ჯგუფის წევრებს შორის ორთაბრძოლების გამართვა. ამის გამო, არომუნებმა დასახმარებლად მიმართეს ოსმალოთა ხელმძღვანელობას და რუმინეთის მთავრობას.[4]

ოსმალეთის იმპერიამ დაიწყო ვითარების შესწავლა და 1891 წლის 9 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრმა ოსმალების დიდ ვეზირს გაუგზავნა უწყება, სადაც ნათქვამი იყო, რომ არომუნებს ჰქონდათ ეკლესიაში საკუთარი ენის გამოყენების უფლება, ისევე, როგორც ბევრ მართლმადიდებელ ხალხს არაბებით დასახლებულ მიწებზე. იქ, ასევე, ეწერა, რომ არომუნების უკმაყოფილებას, შესაძლოა, მოჰყოლოდა თავიანთი დამოუკიდებელი ეკლესიის ფორმირებაც. არომუნების საკითხს ოსმალოთა ხელისუფლება ფრთხილად უნდა მოპყრობოდა. იმ ფონზე, რომ არომუნებისთვის უფრო მეტი უფლებების მინიჭებას, შესაძლოა, გაეუმჯობესებინა ურთიერთობა ოსმალებსა და რუმინელებს შორის და მოქალაქეებში გაეზარდა პროთურქული განწყობები, ამავე დროს, შესაძლოა, გამოეწვია ოსმალების იმპერიაში მცხოვრები ბულგარელი, ბერძენი და სერბი მოქალაქეების გაღიზიანება. მეორე მხრივ, რუმინეთი ახორციელებდა ზეწოლას ოსმალების იმპერიაზე, რათა ამ უკანასკნელს არომუნებისთვის მიეცა უფრო დიდი ავტონომია და უფლება დამოუკიდებელი ეკლესიის დაფუძნებისთვის. გარდა ამისა, რუმინეთი ამბობდა, რომ, თუკი არომუნების ამბიციები დაკმაყოფილდებოდა, ის ოსმალეთის იმპერიას ალიანსის ფორმირების შესახებ ხელშეკრულებასაც კი შესთავაზებდა.[4]

1861 წლის ბალკანეთის ეთნოგრაფიული რუკა, გილაუმე ლეჟანის ავტორობით. არომუნები გამოსახული არიან ძალიან მუქი ლურჯი ფერით. ისინი გარშემორტყმული არიან ძირითადად ალბანელებით (რომლებიც წარმოდგენილი არიან ყვითლად; თუმცა, მათი განაწილება ამ რუკაზე, კერძოდ, ეპიროსის ტერიტორიაზე, არაზუსტია). მეგლენო-რუმინელები ნაჩვენები არიან, როგორც არომუნები.

1904 წლის 28 ივნისს, არომუნებმა ოსმალოთა ხელისუფლებისგან მოითხოვეს, რომ ისინი განეცალკევებინათ ბერძნებისგან და ოფიციალურად და კანონიერად აღიარებული ყოფილიყვნენ, როგორც თემი (მილეთი). მათ, ასევე, ითხოვეს, რომ ჰყოლოდათ წარმომადგენელი სტამბოლში და ჰქონოდათ წარმომადგენლის არჩევის უფლება იმ სოფლებში, სადაც ისინი სახლობდნენ. რუმინეთის მთავრობა მტკიცედ უჭერდა მხარს ამ მოთხოვნებს და ცდილობდა დაერწმუნებინა ოსმალების იმპერია მათ შესრულებაში. მიუხედავად ამისა, ოსმალთა იმპერიის სულთანმა აბდულ ჰამიდ II-მ გადაწყვიტა, პოლიტიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, უარით გაესტუმრებინა ისინი. იმ პერიოდში, ოსმალების იმპერია განსაკუთრებით ღელავდა მაკედონიის რეგიონის სახით შესაძლო დანაკარგზე და სტატუს-კვოს ცვლილებაზე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ამ მიზეზების გამო, მოთხოვნები არ მიუღიათ.[4]

ოსმალების უარმა მათ მოთხოვნებზე და ბერძნების წინააღმდეგობამ მათ თვითგამორკვევაზე, ბიძგი მისცა თანამშრომლობის დაწყებას არომუნებსა და ბულგარელებს შორის. ბულგარელებმა უფლება მისცეს არომუნელ მღვდლებს წირვა-ლოცვა საკუთარ ენაზე ჩაეტარებინათ, თუკი ისინი შეუერთდებოდნენ ბულგარეთის საეგზარქოსოს. ზოგიერთმა არომუნელმა დაიწყო კიდეც ბულგარელთა ადგილობრივ ჯგუფებში გაწევრიანება. ამან გამოიწვია ოსმალეთის იმპერიის შეშფოთება, რადგან მას ბულგარელებისა და არომუნების შესაძლო ალიანსის ეშინოდა. გარდა ამისა, რადგან მაკედონელთა ბრძოლა გახშირდა საერთაშორისო სცენაზე, არომუნების პრობლემამ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. შედეგად, გერმანიის იმპერიამ დაიწყო მათი უფლებების მხარდაჭერა. მას შემდეგ, რაც აბდულ ჰამიდ II-მ გაიგო, რომ გერმანია არომუნებისთვის უფლებების მინიჭებას მოითხოვდა, მან ამ საკითხის მოსაგვარებლად ბრწყინვალე პორტას მიმართა.[4]

ამგვარად, 1905 წლის 22 მაისს, სულთანმა აბდულ ჰამიდ II-მ გამოაქვეყნა ხელწერილი დოკუმენტი (თურქულად: irâde-i seniyye), რომლითაც ის არომუნებს, რელიგიური ლიდერის გამოკლებით, ანიჭებდა მილეთის სტატუსს. აქედან გამომდინარე, შეიქმნა "ულაჰის მილეთი". ამ ბრძანებულებაში, არომუნებს არ მიეცათ უფლება ჰქონოდათ საკუთარი ეკლესია, თუმცა, სამაგიეროდ, თავიანთ სოფლებში საკუთარი წარმომადგენლისა და რელიგიური მსახურების არომუნულ ენაზე ჩატარების უფლებები მოიპოვეს.[5] [6] მომდევნო დღეს, სულთნის გადაწყვეტილება საჯაროდ გამოქვეყნდა. ახალი ამბები სიხარულით მიიღეს რუმინეთში, სადაც "ულაჰის მილეთის" შექმნა დიდ გამარჯვებად ჩაითვალა.[7] თუმცა, მიღებული გადაწყვეტილება ძლიერ ბერძნულ წინააღმდეგობას გადააწყდა, რამაც გამოიწვია არომუნელი სასულიერო პირების მკვლელობა და ბერძნული ჯგუფების მიერ არომუნელთა სკოლების დამსწრე პირებზე ძალადობა. ყოველივე ამან წარმოშვა დიპლომატიური კრიზისი საბერძნეთსა და რუმინეთს შორის.[5]

მიუხედავად იმისა, რომ არომუნებმა ვერ მოიპოვეს ეკლესიის დამოუკიდებლობა, ისინი მაინც კმაყოფილი იყვნენ ახალი ვითარებით. თუმცა, მათ ჰქონდათ პრობლემები ახალი უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებით გარკვეულ კონფლიქტურ ან მრავალეთნიკურ ადგილებში. ბოლოს და ბოლოს, ბალკანეთის ომების შემდეგ, ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა ის მიწები, სადაც არომუნები ცხოვრობდნენ. ამან სათავე დაუდო არომუნელთა, როგორც უმცირესობების უფლებების დაკარგვას და მათ მიმოფანტვას სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო ბრძოლა, არომუნული ეთნიკურობის, ენისა და კულტურის შენარჩუნებისთვის, კიდევ უფრო მეტად გაართულა.[4]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ულაჰის მილეთის" დაარსება ბევრი არომუნისთვის სიმბოლურია და აღინიშნება არომუნების ეროვნულ დღესასწაულზე, ყოველი წლის 22 ან 23 მაისს.[8] მიუხედავად ამისა, ბერძენი არომუნების უმრავლესობა, რომელიც ქვეყნის მიმართ ჯერ კიდევ ერთგულია, უარყოფს ამ დღესასწაულს, რადგან მის მიერ აღქმული "სამშობლოს" დამარცხების სიმბოლოდ მიიჩნევს. ეს იმიტომ, რომ იმ დროს, "ულაჰის მილეთის" აღიარება საბერძნეთის დიპლომატიურ მარცხად ითვლებოდა.

"ულაჰის მილეთის" არსებობა, ასევე აღინიშნება რუმინეთში, მათ ეროვნულ დღესასწაულზე. ეს დღესასწაული განკუთვნილია არომუნებისთვის, მაგრამ, აგრეთვე, მეგლენო-რუმინელებისთვის და ისტრო-რუმინელებისთვისაც, რომლებსაც რუმინეთში აღიარებენ უბრალოდ, როგორც მდინარე დუნაის სამხრეთით მცხოვრები ეთნიკური რუმინელების ქვე-ჯგუფებს.[9] არომუნების ეროვნული დღესასწაულისგან განსხვავებით, ბალკანეთის რუმინელების დღესასწაული აღინიშნება ყოველი წლის 10 მაისს, რადგან რუმინეთმა გრიგორიანული კალენდრით სარგებლობა 1919 წელს დაიწყო.[10] ამასთან, რუმინეთში დღემდე უარს ამბობენ არომუნების ეროვნული დღესასწაულის ოფიციალურად დაკანონებაზე.[11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kahl, Thede (2002). "The ethnicity of Aromanians after 1990: the identity of a minority that behaves like a majority". Ethnologia Balkanica. 6: 145-169.
  2. Kahl, Thede (2003). "Aromanians in Greece: Minority or Vlach-speaking Greeks?" (PDF). Jahrbücher für Geschichte und Kultur Südosteuropas. 5: 205-219.
  3. Kahl, Thede (2006). "The Islamisation of the Meglen Vlachs (Megleno-Romanians): The Village of Nânti (Nótia) and the "Nântinets" in Present-Day Turkey". Nationalities Papers. 34 (1): 71–90. doi:10.1080/00905990500504871. S2CID 161615853.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Arslan, Ali (2004). "The Vlach issue during the Late Ottoman period and the emergence of the Vlach community (millet)". Études balkaniques (4): 121-139.
  5. 5.0 5.1 Motta, Giuseppe (2011). "The Fight for Balkan Latinity. The Aromanians until World War I" (PDF). Mediterranean Journal of Social Sciences. 2 (3): 252–260. doi:10.5901/mjss.2011.v2n3p252. ISSN 2039-2117.
  6. Demirtaş Coşkun, Birgül (2001). "The Vlachs: A Forgotten Minority in the Balkans". Ankara Papers. Frank Cass. 1: 1-68. ISSN 1474-7782.
  7. Minduiri, Isturii. Nikola Minov: Why don’t all Aromanians celebrate May 23 as their national day? Trã Armãnami. 24 May, 2020. ციტირების თარიღი: 27 November, 2020.
  8. "PM Gruevski congratulates National Day of the Vlachs". Government of the Republic of North Macedonia. 22 May, 2013.
  9. Vușcan, Cătălin (13 May, 2021). "Ziua Românității Balcanice a fost adoptată de Camera Deputaților. Frații noștri din sud vor fi sărbătoriți, anual, pe 10 mai. Bust la Corcea, Albania, pentru Părintele-martir Haralambie Balamace, ucis de greci cu baionetele pentru că a slujit în română". ActiveNews (in Romanian).
  10. Alexander, Michael (3 April, 2019). "Romania: Centenary anniversary of adopting the Gregorian calendar depicted on new silver coins" დაარქივებული 2022-11-06 საიტზე Wayback Machine. . Coin Update.
  11. Florian, Marius (27 September, 2021). "DOCUMENT SEPARATIȘTII aromâni, LOVIȚI în Parlament: S-a RESPINS propunerea de consacrare a zilei de 23 mai ca sărbătoare a "comunității"". Tomis News (in Romanian).