უიარაღო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უიარაღო
დაბადების თარიღი 21 სექტემბერი, 1872(1872-09-21)
დაბადების ადგილი აბასთუმანი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 მაისი, 1929(1929-05-09) (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი კიევის სასულიერო სემინარია და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი
ჟანრი მოკლე რომანი

კონდრატე დავითის ძე თათარიშვილი (ფსევდონიმი — უიარაღო) (დ. 21 სექტემბერი, 1872, აბასთუმანი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 9 მაისი, 1929, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1887 წლიდან სწავლობდა თბილისის, 1893 წლიდან კიევის სასულიერო სემინარიაში (დაამთავრა 1894). პირველი მოთხრობა „მშვიდობით“ 1895 გამოაქვეყნა ჟურნალ „მოამბეში“. 1896 მღვდლად ეკურთხა. სიკვდილმისჯილი რევოლუციონერი ჯარისკაცების გამოსარჩლებისათვის 1906 წელს ეკლესიიდან განდევნეს.

უიარაღომ განაგრძო ინტენსიური ლიტერატურული მოღვაწეობა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში („მოამბე“, „ჯეჯილი“, „კვალი“, „მეგობარი“, „დროება“ და სხვა). მოთხრობებში „მე და ბიძაჩემი“, „ჩაიზე“, „უსიამოვნო შეხვედრა“, „რეაქცია“, „პირუთვნელი დაფასება“, „წესდება“ (1900-1913) მწერალი ამხელდა ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებას. მისი პუბლიცისტური წერილები მიმართული იყო ცარიზმის წინააღმდეგ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უიარაღო იძულებული გახდა 1912 წელს გასცლოდა საქართველოს.

1912-1919 წლებში იგი სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1921) მუშაობდა თსუ-ის გეოლოგიის კათედრის ასისტენტად, 1923 წლიდან აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაში. უიარაღოს სამეცნიერო შრომები ძირითადად შეეხება კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთ ნაწილის ჰიდროგეოლოგიურ საკითხებს. იკვლევდა აგრეთვე საშენი მასალებისა და ბენტონიტური თიხების საბადოთა გეოლოგიურ საკითხებს.

უიარაღოს უმნიშვნელოვანესი თხზულება, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუპოვა ავტორს, არის ისტორიული მოთხრობა „მამელუკი“ (გამოქვეყნდა 1912, კრებული „გრდემლი“, წიგნი II, ფილმი („მამლუქი“), 1958). მოთხრობა ძველი საქართველოს ერთ-ერთ უმწვავეს სატკივარს - ყმების უცხოეთში გაყიდვას ეხება. მკვეთრმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ, მძაფრ სიუჟეტთან შერწყმულმა ნათელმა და შთამბეჭდავმა სტილმა განაპირობა რევოლუციამდელი პროზის ამ „პატარა შედევრის“ (ტიციან ტაბიძე) ფართო პოპულარობა.

უიარაღოს ეკუთვნის აგრეთვე რომანი „მაძიებელნი“ (დაიწერა 1902, პირველად შემოკლებულად დაისტამბა 1940 წელს ჟურნალ „მნათობში“). 1957-1958 წლებში გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა სრული კრებული ორ ტომად (შემდგენელი, მონოგრაფიული ნარკვევისა და ბიბლიოგრაფიული შენიშვნებისა ავტორი სოლომონ ცაიშვილი).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 331, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]