უზეირ ჰაჯიბეკოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაჯიბეკოვი ოპერაში „ლეილი და მჯნუნი“, ბაქო, 1908

უზეირ აბდულ ჰუსეინ-ოღლუ ჰაჯიბეკოვი (დ. 5 სექტემბერი/17 სექტემბერი, 1885, სოფ. აღჯაბადი, შუშის მახლობლად — გ. 23 ნოემბერი, 1948, ბაქო), აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი (1938), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1945). აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო კურსებზე და პეტერბურგის კონსერვატორიაში (1914). ჰაჯიბეკოვის პირველმა ოპერამ "ლეილი და მაჯნუნი" (1908) საფუძველი ჩაუყარა მუღამური ოპერის ჟანრს აზერბაიჯანულ მუსიკაში. მასვე ეკუთვნის ოპერები: "ასლი და ქერემი" (1912), "შაჰ აბასი და ხურშიდ ბანუ" (1912, ორივე მუღამური), აგრეთვე მისი შემოქმედების მწვერვალი ოპერა "ქოროღლუ" (1937, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941); ოპერეტები: "ცოლი და ქმარი" (1900), "ეს თუ არა, ის" (1910), "არშინ მალ ალან" (1913, ამავე სახელმწიფო ფილმისათვის სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946). ჰაჯიბეკოვი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1938-1948 იყო აზერბაიჯანის კონსერვატორიის (ჰაჯიბეკოვის სახელობისაა 1949-იდან) პროფესორი და დირექტორი. 1931 ჩამოაყალიბა ხალხურ საკრავთა ორკესტრი, 1936 - სახელმწიფო გუნდი. 1945-იდან ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ჰაჯიბეკოვს ეკუთვნის აგრეთვე კანტატა "სამშობლო და ფრონტი", რომანს-ღაზალების ნიზამის ლექსებზე: "სენსიზი" ("უშენოდ") და "სევგილი ჯანანი" ("სატრფო"). ჰაჯიბეკოვი ავტორია აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნისა (1945), სსრკ I და II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Абасов Э., Оперы и музыкальные комедии Узеира Гаджибекова, Баку, 1961
  • Виноградов В., Узеир Гаджибеков и азербайджанская музыка М., 1938;
  • Касимов К., Узеир Гаджибеков, М., 1945
  • ქსე, ტ. 11, გვ. 610, თბ., 1987