სემიუელ ტეილორ კოლრიჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სემიულ ტეილორ კოლრიჯი (მხატვარი უოშინგტონ ელსტონი, 1814).

სემიუელ ტეილორ კოლრიჯი (ინგლ. Samuel Taylor Coleridge) (დ. 21 ოქტომბერი, 1772, ოტერი-სენტ-მერი, დევონშირი, ინგლისი, — გ. 25 ივლისი, 1834, ჰაიგეიტი, ლონდონი) — ინგლისელი პოეტი, კრიტიკოსი და ფილოსოფოსი; „ტბის სკოლის“ სახელით ცნობილი ლიტერატურული ჯგუფის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ახალგაზრდობაში კოლრიჯზე დიდი გავლენა მოახდინა საფრანგეთის რევოლუციამ (ლექსი „ბასტილიის აღება“, 1789, გამოქვეყნდა 1834), მაგრამ რევოლუციური რადიკალიზით იმედგაცრუება გამოიხატა ტრაგედიაში „რობესპიერის დაცემა“ (1794, რობერტ საუთისთან ერთად) და „სონეტებში გამოჩენილ ადამიანებზე“ (1794-1795). ინგლისური კონსერვატული რომანტიზმის ერთგვარ მანიფესტად იქცა კრებული „ლირიკული ბალადები...“ (1798, უილიამ უორდზუორთისთან ერთად), რომელიც ბაირონისა და შელის რევოლუციურ რომანტიზმს უპირისპირდებოდა. ამ კრებულში შევიდა კოლრიჯის მთავარი პოემა „მოხუცი მეზღვაურის სიმღერა“ (1798), რომელიც დაწერილია შუა საუკუნეების ბალადის სტილით. ტრაგედია „ოსორიო“ (1797), პოემები „კრისტაბელი“ (1797, გამოქვეყნდა 1816), „კუბლა-ხანი“ (1798, გამოქვეყნდა 1816), ტრაგედია „ზაპოლია“ (1817), ლექსების კრებული „სიბილას წიგნის ფურცლები“ (1817) აღბეჭდილია პესიმიზმითა და მისტიციზმით. 1798-1799 წლებში განიცადა გერმანული იდეალისტური ფილოსოფიის გავლენა. ინგლისურად თარგმნა შილერის „ვალენშტაინი“. 1849 წელს ორ ტომად გამოიცა მის მიერ 1800-1810 წლებში წაკითხული „ლექციები შექსპირსა და სხვა პოეტებზე“. 1817 წელს გამოქვეყნდა მისი „ლიტერატურული ბიოგრაფიები“.

კოლრიჯის პირადი ცხოვრება და კარიერა წინააღმდეგობებით იყო აღსავსე. მას მუდმივად თან სდევდა გაუცხოება ახლობლებთან, ჯანმრთელობის პრობლემები და დამოკიდებულება ოპიუმზე. კოლრიჯი გარდაიცვალა ლონდონის გარეუბან ჰაიგეიტში 1834 წელს, 61 წლის ასაკში. დაკრძალულია იქვე, წმ. მიქაელის ეკლესიაში. კოლრიჯი ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან მოღვაწედ ითვლება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Beer, John B. Coleridge the Visionary (London: Chatto and Windus, 1970).
  • Berkeley, Richard. Coleridge and the Crisis of Reason (Houndmills: Palgrave Macmillan, 2007).
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 591.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]