სანდრო ეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანდრო ეული
დაბადების თარიღი 11 (23) ოქტომბერი, 1890
დაბადების ადგილი ზომლეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 25 მარტი, 1965(1965-03-25) (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

სანდრო ეული (ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრე ქიშვარდის ძე ქურიძე; დ. 23 ოქტომბერი [ძვ. სტ. 11 ოქტომბერი ], 1890, ზომლეთი, (ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), საქართველო — გ. 25 მარტი, 1965, თბილისი) — ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშობლიურ სოფელში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, შევიდა ოზურგეთის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, მაგრამ მოსწავლეთა გამოსვლებში მონაწილეობისათვის გარიცხეს და მხოლოდ 1907 წელს დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი. შრომითი საქმიანობა დაიწყო ფოთში, ნავსადგურის მუშად; აქვე ჩაება რევოლუციურ გამოსვლებში. შემდეგ გადავიდა ბაქოში, სადაც 1914 წელს დააპატიმრეს. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურ რევოლუციურ ბრძოლას ეწეოდა.

სანდრო ეულის პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1909 წელს, ბაქოში ყოფნისას აქტიურად მონაწილეობდა ქართული ჟურნალის წყაროს გამოცემაში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა პროლეტარულ მწერალთა ასოციაციას, რედაქტორობდა გაზეთ კომუნისტს. მისი მრავალი ლექსი განმსჭვალულია რევოლუციური სულისკვეთებით, მაგრამ მწერლის შემოქმედებაში გვხვდება ლირიკული ლექსებიც, რომელსაც დაჰკრავს ნამდვილი პოეტური სურნელი. მას ეკუთვნის ბევრი საინტერესო პროზაული ნაწარმოებიც: მოთხრობები ამირან ვაშალომიძე, სიცოცხლის დაბრუნება და სხვა. 1963–1964 წლებში გამოქვეყნდა პოეტის თხზულებათა ორტომეული. ს. ეულმა თარგმნა ფრ. ენგელსის სიჭაბუკის დროინდელი ლექსი „საღამო“, ე. ვერჰარნის, მ. გორკის, ა. აკოიანის, ი. კუპილას და სხვათა ნაწარმოებები. იგი ქმედითად მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მუშაობაში, იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი; აქ მან დიდი ამაგი დასდო ჩვენი ეროვნული საუნჯის წიგნადი ფონდის მოვლა-პატრონობის საქმეს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 140, თბ., 1994