რუანდის გენოციდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გენოციდის მსხვერპლნი, გადაღებული ქ. მურამბის სკოლაში

რუანდის გენოციდი — მასობრივი ხოცვა-ჟლეტა რუანდაში (რესპუბლიკა ცენტრალურ აფრიკაში, გერმანიის ყოფილი კოლონია), რომლის დროსაც 100 დღის განმავლობაში, 1994 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 800,000-დან 1,071,000-მდე ადამიანი იქნა განადგურებული ჰუტუს ტომის ექსტერმისტული დაჯგუფებების მიერ. გენოციდის მსხვერპლი ძირითადად ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ზომიერად განწყობილი ჰუტუს ტომელები იყვნენ.

ისტორიაში რუანდის გენოციდი შევიდა არა მხოლოდ როგორც ასეთ ხანმოკლე პერიოდში მოკლული ადამიანების რიცხვის, არამედ გაეროს და დასავლეთის არაადეკვატურად დაგვიანებული პასუხის გამო.

მიუხედავად იმისა რომ წინასწარ იყო ცნობილი რომ ხოცვა-ჟლეტა დაგეგმილი იყო, არც ერთ სახელმწიფოს ამის წინააღმდეგ არც პროტესტი გამოუთქვამს და არც რაიმე ზომები მიუღია.

1993 წლის ოქტომბერში გაერომ დააარსა ორგანიზაცია UNIMAR-ი (გაერთიანებული ერების რუანდის დახმარების მისია) რათა შესრულებულიყო ის სამშვიდობო ხელშეკრულება რომელიც 1993 წლის 4 აგვისტოს რუანდის პარტიებს შორის დაიდო, ტანზანიის ქალაქ არუშაში. ორგანიზაციას მანდატი შეუწყდა 1996 წელს. გაეროს არ მიუცია უფლება/დავალება UNIMAR-ისთვის რომ გენოციდის დასაწყისშივე მოეხდინა პრევენცია და არც შემდეგ მიუღიათ ზომები რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ. გაეროს მისიის ხელმძღვანელი იყო კანადელი გენერალ-ლეიტენანტი რომეო რომეო დალერი.

გენოციდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გაეროში წარადგინეს ანგარიშები ჰუტუს დაჯგუფების შეიარეღებისა და გეგმების შესახებ, გაერომ ყურადღება არ მიაქცა ამ ცნობებს და უარი თქვა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. მიუხედავად დალერის მრავალგზის გაფრთხილებისა გეარომ აუკრძალა სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს კონფლიქტში ჩარევა.

გენოციდი დასრულდა როდესაც ტუტსის ტომის დაჯგუფებამ, რუანდის პატრიოტულმა ფრონტმა, რომლის სათავეშიც პოლ კაგამე იყო, ჰუტუს მთავრობა ჩამოაგდო და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. ასი ათასობით ჰუტუ გადავიდა აღმოსავლეთ ზაირში (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) რათა ტუტსის ტომის შურისძიება აეცილებინა თავიდან. რუანდის ამბებმა გავლენა იქონია მეზობელ ქვეყნებზეც და გამოიწვია ორი ომი კონგოში, ბურუნდის სამოქალაქო ომი.

საფუძველი[რედაქტირება]

რუანდის გენოციდის საფუძველი იყო ტუტსისა და ჰუტუს ტომებს შორის ურთიერთობა.

გეოგრაფია[რედაქტირება]

არსებობს მოსაზრებები რომ რუანდის გენოციდის ერთ ერთი საფუძველი იყო ეკონომიკური სიტუაცია. დიდი ტბების რეგიონი, არის ძალიან მდიდარი ნაყოფიერი მიწებით, ამიტომ ეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია მთელს აფრიკაში. ძალიან დიდი კონკურენციაა მიწებსა და რესურსებზე.

ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ მიზეზი რუანდის გენოციდისა გახდა სწორედ ეს მიწები და აქ მცხოვრები ადამიანების სიმდიდრე.

XV საკუნეში ტუტსის რამდენიმე კლანმა დააარსა რუანდის სამეფო. მეფეები, რომელთაც მუამებს უწოდებდნენ ტუტსის ტომის წარმომადგენლები იყვნენ, ხოლო მოსახლების 82-85% ჰუტუები და მათი უმრავლესობა ღარიბი მოსახლეები იყვნენ.

ტუტსი მუამები მიწებს ანაწილებდნენ ძირითადად ტუტსის ტომის წარმომადგენლებზე.

გერმანიის კოლონიალური პოლიტიკა[რედაქტირება]

1885 წლის ბერლინის კონფერენციაზე, რუანდა და ბურუნდი გადაეცათ გერმანელებს როგორც ერთიანი კოლონია. რადგანაც გერმანელებს დიდი ინტერესი არ ჰქონდათ რუანდის მიმართ, გადაწყვიტეს რომ ამ ქვეყნისთვის მიეცათ ავტონომია და მმართველად ვინმე ადგილობრივი დაენიშნათ. რადგანაც პოლიტიკური უპირატესობა ტუტსის ტომს ჰქონდა, გერმანელებმა მმართველად დანიშნეს ტუტსის ტომის წარმომადგენელი. შემდეგში გატარებულმა პოლიტიკამ უფრო გაამწვავა ურთიერთობა ამ ორ ტომს შორის.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუანდა გახდა ბელგიის კოლონია, ბელგიის კოლონიალური პოლიტიკა არაფრით განსხვავდებოდა გერმალელების პოლიტიკისგან, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. 1959 წელს ბელგიამ რუანდას დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების საშუალება მისცა, არჩევნებში ჰუტუს ნაციონალისტთა პარტიამ ”პარმიჰუტუმ” (Parti du Mouvement de l'Emancipation Hutu) გაიმარჯვა. ამ დროს 20, 000 ტუტსი იქნა მოკლული, ხოლო 200,000-მდე ტუტსი მეზობელ ქვეყანაში გადავიდა.

გენოციდის წინა პერიოდი[რედაქტირება]

სიტუაციის უფრო და უფრო დაიძაბა 1990 წლიდან, როდესაც უგანდაში გაქცეულმა ტუტსებმა ხმა აიმაღლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მოითხოვეს.

Rwandan Genocide Murambi skulls.jpg

1985 წელს შეიქმნა რუანდის პატრიოტთა ფრონტი, პოლ კაგამეს მეთაურობით. 1990 წლის 1 ოქტომბერს ამ ორგანიზაციის ძალები შეიჭრნენ რუანდაში, ისინი ხელისუფლებისაგან ითხოვდნენ უფლებების აღდგენას და დაახლოებით 500, 000 ტუტსისთვის სამშობლოში დაბრუნების საშუალებას.

რუანდის მთავრობამ ეს ფაქტი შეაფასა როგორც სახელმწიფო გადატრიალებისა და ტუტსის ფეოდალური, მჩაგვრელი რეჟიმის აღდგენის მცდელობა. პრეზიდენტი ჰაბიარიმანა შეუდგა ტუტსებისა და იმ ჰუტუების დაპატიმრებას რომლებიც აჯანყებულებს ემხრობოდნენ.

არუშას ხელშეკრულება[რედაქტირება]

1993 წლის 4 აგვისტოს, არუშაში (ტანზანია), რუანდის პატრიოტული ფრონტის და რუანდის მაშინდელ ხელისუფლებას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც შეიცავდა ხუთ თავს, ამ ხელშეკრულების საფუძველზე რუანდის სამოქალაქო ომი წყდებოდა.

მზადება გენოციდისთვის[რედაქტირება]

შემდგომ პერიოდში როდესაც ხდებოდა პოლიტკურ ძალათა გადანაწილება სიტუაცია ახლიდან დაიძაბა. რადიოში, სატალევიზიო არხებზე, გაზეთებში, რომელსაც ჰუტუები აკონტროლებდნენ დაიწყო შიშისა და სიძულვილის პროპაგანდა. მთავრობამ დაიწყო დაჯგუფებების შემქნა, მათი წვრთნის დაფინანსება და იარაღის შეძენა. თანამდებობის პირები საიდუმლოდ ხვდებოდნენ ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერებს და ავალებდნენ შეექმნათ რაზმები, რომლებსაც ”ინტერაჰამუე” (ისინი ვინც ერთად დგანან (ან იბრძვიან)) და ”იმპუზამუგამბი” (ისინი ვისაც ერთი მიზანი აქვთ) ეწოდა.

გენოციდი[რედაქტირება]

1994 წლის 6 აპრილიდან რუანდის სამხედრო ნაწილებმა და სამოქალაქო პირებისგან შექმნილმა მილიციის რაზმებმა ქალაქის ქუჩებში ტუტსების ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. ასევე ხოცავდნენ პოლიტიკურ ოპონენტებსაც. ყველა ქვეყანამ მოახდინა თავისი მოქალაქეების ევაკუაცია და დახურა დიპლომატიური მისიები. დედაქალაქში და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიკეტა გზები რათა არც ერთი ტუტსი არ გაქცეულიყო.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ხოცვა–ჟლეტაში, 6 აპრილიდან ივლისის შუა რიცხვებამდე დაახლოებით 800,000-დან 1,071,000-მდე ტუტსი იქნა მოკლული.

რადიო სადგურებიდან ხალხს მოუწოდებნენ დაეხოცათ თავიანთი მეზობლები, ვინც ამ ხოცვა ჟლეტაში ჩაბმაზე უარს ამბობდა ხოცავდნენ.

მკვლელობის ძირითადი იარაღი იყო ე.წ. მაჩეტე, მსხვრეპლთა უმრავლესობა სწორედ ამ ცივი იარაღის გამოყენებით დაჩეხეს.

უნიმარი (UNIMAR)[რედაქტირება]

უნიმარის მიისიის ხელმძღვანელმა რომეო დალერმა, რომლისთვისაც ჯერ კიდევ 1994 წლის იანვარში იყო ცნობილი რომ გენოციდი იგეგმებოდა, გაეროს გაუგზავნა ცნობები ამის შესახებ და მომდევნო თვეების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა დამხმარე ძალის გაგზავნას რუანდაში. დალერს დაევალა მხოლოდ გაეროს წარმომადგენლებისა და უცხოეთის მოქალაქეების დაცვა.

დალერმა აცნობა გაეროს რომ მისთვის ცნობილი იყო ჰუტუს მილიციის რაზმების სამალავების და იარაღის საწყობების ადგილმდებარეობა და ითხოვდა დამხმარე ძალას რათა დამნაშავეები განეიარაღებინა. აშშ-მ ოფიციალურად თქვა უარი ჩარევაზე, მას მიბაძეს საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა.