ლადო ბელიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ (ლადო) იონას ძე ბელიაშვილი (დ. 27 დეკემბერი, 1906, ჭიათურა ― გ. 1 აპრილი, 1961, პარიზი) ― ქართველი ემიგრანტი, რუსთაველის კოსმოლოგიის მკვლევარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ ბელიაშვილი დაიბადა მწერალ და სამთო საქმის ტექნიკოს იონა ბელიაშვილის ოჯახში. ლადოს უფროსი ძმა აკაკი იყო მწერალი და კონოსცენარისტი.

1925 წელს ლადომ დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიურ ფაკულტეტზე, მაგრამ მალევე, 1926 წლის ზაფხულში, საზღვარგარეთ გაიპარა. მან არალეგალურად გადაკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი და საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ჯერ მარსელში, შემდეგ პარიზში დასახლდა.

ემიგრაციაში მყოფ ლადოს მატერიალურად ძალიან უჭირდა. უსახსრობის გამო, უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო, თუმცა მოახერხა ფრანგული ენის კურსების დამთავრება და სრულყოფილად დაეუფლა ფრანგულს. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მუშაობდა მღებავად, მშენებელ მუშად. მუშაობდა რთულ უბნებსა და დიდ სიმაღლეებზე. სამშობლოსთან კავშირი თითქმის გაწყვეტილი ჰქონდა. დროდადრო დედას უგზავნიდა მოკლე ბარათებს.

ლადომ თვითგანვითარებას მიჰყო ხელი – საშუალება მიეცა ესარგებლა უმდიდრესი ბიბლიოთეკით, რომელიც ოდესღაც ალექსანდრე დიუმას ეკუთვნოდა. მან შექმნა მრავალი გამოკვლევა, ნარკვევი, თეთრ ლექსი. ლადო ბელიაშვილმა დაწერა და 1956 წელს პარიზში თავისი ხარჯებით გამოსცა გამოკვლევა "რუსთაველის და დანტეს იდუმალი" (De Rousthaveli et due Dante Aliguiery). ნაშრომი რუსთაველის კოსმოგრაფიულ შეხედულებებს (სამყაროს აგებულება, მზის სისტემა, პლანეტების მოძრაობა, მათი გამომწვევი მიზეზები) ეძღვნება. წიგნის გამოცემამდე ავტორმა აღნიშნულ საკითხებზე პირველი საჯარო მოხსენება 1953 წელს "სოსიეტე-დე-სავანის" დარბაზში, მეორე კი - 1954 წელს ლასკასის დარბაზში გააკეთა. განზრახული ჰქონდა სულ ოთხი მოხსენების გაკეთება და ოთხ წიგნად გამოცემა, რაც აღარ დასცალდა. აღნიშნულილი ნაშრომი ორ წიგნად გამოსცა: "სიტყვა პირველი" – 1956 წელს, ხოლო "სიტყვა მეორე" – 1957 წელს.

ლადო ბელიაშვილის წიგნს გამოეხმაურნენ როგორც საზღვარგარეთ, ასევე სამშობლოში. ემიგრანტი პოეტი გიორგი გამყრელიძე "საყურადღებო ნაშრომს" უწოდებდა. რუსთველოლოგმა გაიოზ იმედაშვილმა ემიგრანტი მკვლევარის წიგნის ანოტაცია შეიტანა 1957 წელს გამოცემულ "რუსთველოლოგიური ლიტერატურის" პირველ ტომში. თუმცა, ანოტაციაში მეტწილად აქცენტირებულია წიგნის უარყოფითი მხარეები და ნაკლოვანებები. კორნელი კეკელიძემ კრიტიკულად შეაფასა წიგნი და მას "ახირებული პრეტენზიისა და ამდენადვე ახირებული შინაარსის წიგნაკი" უწოდა. მიუხედავად კრიტიკისა და ნაშრომის ნაკლოვანებებისა, ლადო ბელიაშვილი რუსთაველის ასტრონომიული ცოდნისა და შეხედულებების პირველი მკვლევრათაგანია.

მკვლევარი თავის ნაშრომში ასევე ეხება პოემისა და მისი ავტორის ბიოგრაფიის ცალკეულ საკითხებსაც, ზოგი სიტყვის ეტიმოლოგიას, ფერთა სიმბოლიკას, "ვეფხისტყაოსნის" მნიშვნელობას ქართული ენისა და საქართველოს ისტორიისათვის.

სამშობლოს დატოვებიდან 34 წლის შემდეგ, 1960 წელს ლადო ბელიაშვილი ინახულა ძმამ, აკაკი ბელიაშვილმა, რომელიც კინემატოგრაფისტთა საკავშირო დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმავალი გზად პარიზში გაჩერდა. შეხვედრისას ლადომ საკუთარი ძმა ვერ იცნო. ამერიკიდან გამომგზავრებისას პარიზში აკაკიმ ისევ ინახულა უმცროსი ძმა. მათი ეს შეხვედრა უკანასკნელი იყო.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ლადო ბელიაშვილმა საბჭოთა მთავრობას სამშობლოში დაბრუნების ნებართვა სთხოვა. იგი პასუხის მოლოდინში 1961 წლის 1 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა – მაღალი ხარაჩოდან ჩამოვარდნილი სასიკვდილოდ დაშავდა და საავადმყოფოში გადაყვანიდან რამოდენიმე საათში გარდაიცვალა. მას საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია და არც უშუალო მემკვიდრე დარჩენია. ლადოს საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა უჭირისუფლეს და ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ლადო ბელიაშვილის ნეკროლოგი დაიბეჭდა პარიზში გამომავალ ჟურნალში "ჩვენი დროშა" ("Notre Drapeau"), სადაც ის დასახიათებულია, როგორც: "განსაკუთრებული შრომისმოყვარე, დინჯი, წყნარი და სამეგობრო", რომელმაც "ყველას პატივისცემა დაიმსახურა".

ლადო ბელიაშვილის ხელნაწერები, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, საქართველოში წამოიღო მისმა ძმამ, აკაკიმ, როცა პარიზში ძმის საფლავის მოსანახულებლად ჩავიდა. აღნიშნული არქივი აკაკის შვილმა, მანანა ბელიაშვილმა, გადასცა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს. ლადო ბელიაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა მეცნერულად არ არის შესწავლილი და უცნობია ფართო აუდიტორიისთვის.

ლადო ბელიაშვილის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლადო ბელიაშვილი // ჩვენი დროშა = Notre Drapeau. – პარიზი, 1961. N 36. – გვ.31
  • "რუსთაველის და დანტეს იდუმალი" მაია ცერცვაძის საჯარო ლექცია // ანეული. – თბილისი, 2014. N 2. – გვ.79.
  • ცერცვაძე მ., ლადო ბელიაშვილის არქივში დაცული ორი წერილი // ქართული ემიგრაცია. – თბილისი, 2015. N 3. – გვ. 148-155.
  • ცერცვაძე მ., რუსთაველის კოსმოლოგიური შეხედულეები ლადო ბელიაშვილის წიგნის "რუსთაველის და დანტეს იდუმალი" მიხედვით // "ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა (მე-20 ს. გამოცდილება)", VII საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები. ნაწ. 3. – თბილისი, 2013. – გვ. 256-265.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]