კუესტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუესტური ფერდობი, ყირიმი, უკრაინა
ხვამლის მასივი

კუესტა (ესპ. cuestaფერდობი, მთის კალთა) — ასიმეტრიული სერი, რომელიც წარმოიქმნება მონოკლინურად დახრილ სხვადასხვა სიმკვრივის შრეთა ზედაპირების გადარეცხვის შედეგად. კუესტის დამრეცი კალთა ემთხვევა ეროზიისადმი მდგრადი შრის დაქანებას, ციცაბო კი დაშრევების ჭრილს წარმოადგენს. ხშირად გვხვდება დიდი ნაოჭების ფრთებზე ან გუმბათისებრ აზევებებზე.[1]

დამრეცი კალთა წარეცხვასთან მტკიცე ჯავშნური ფენის ვარდნას ემთხვევა, ხოლო ციცაბო კალთა ჭრის ამ ფენებს, რითაც მათ „თავებს“ აშიშვლებს. კუესტა გავრცელებულია ბაქნური ვაკეების ფარგლებში. იგი აგრეთვე, თან სდევს მთიანი ნაგებობების პერიფერიებსა და მთათაშორისი და მთისწინეთის დადაბლებების მომიჯნავე რეგიონებს; ხშირად განლაგებულია რამდენიმე პარალელურ მწკრივში. აგებულია კირქვებით, ქვიშაქვებითა და სხვა ქანებით, რითაც წარმოიქმნება რელიეფის კუესტური ტიპი.[2]

დამახასიათებელია მკვეთრი ლანდშაფტური სხვაობები კალთებს შორის. დამრეც კალთებთან შედარებით, ციცაბო კალთები ჩვეულებრივ, უფრო მეტად ქსეროფიტული მცენარეულობითაა დაფარული.[2]

კუესტა გავრცელებულია კავკასიაში, ყირიმში, პარიზისა და ლონდონის აუზებში, კლდოვანი მთების სამრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ დაბოლოებაზე და სხვა.[3] ფართოდ არის ცნობილი შვაბიის ალბი — კუესტური სერი, რომელიც გერმანიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და აქვს დაახლოებით 160 კმ სიგრძე.[4] მნიშვნელოვანია აგრეთვე ყირიმის მთები, რომლის გარე სერი კუესტების მწკრივს წარმოადგენს, რომელიც აგებულია ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ნალექებით.[5]

კავკასიონზე არსებული კუესტებიდან აღსანიშნავია კირქვებით აგებული კლდოვანი ქედი, საძოვრების ქედი და ტყიანი ქედი.[6]

კუესტური ფორმები გავრცელებულია საქართველოშიც. ამ მხრივ, გამოსაყოფია კვერნაქების უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი — სხალტბის კუესტური სერი, ლეჩხუმის მასივი და ხვამლის მასივი, რომლებიც ორმაგ კუესტას წარმოადგენენ და სხვა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, „ნეკერი“, 1996, გვ. 114
  2. 2.0 2.1 Ахромеев Л. М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 136 стр.
  3. География. Современная иллюстрированная энциклопедия. — М.: Росмэн. 2006., 309 стр.
  4. Swabian Alp | Encyclopedia Britannica
  5. Крымские горы | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-01. ციტირების თარიღი: 2021-05-14.
  6. 6.0 6.1 ლ. მარუაშვილი. კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია. ნაწ. 2., თბილისი: მეცნიერება, 1981.