კვერნაქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვერნაქები
კოორდინატები: 41°59′06″ ჩ. გ. 44°22′11″ ა. გ. / 41.985250° ჩ. გ. 44.369917° ა. გ. / 41.985250; 44.369917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარე
მცხეთა-მთიანეთის მხარე
უმაღლესი წერტილი ზეგარდა
სიმაღლე 1114 
სიგრძე 70 კმ
სიგანე კმ
ამგებელი ქანები კონგლომერატი, ქვიშაქვა და თიხა
კვერნაქები — საქართველო
კვერნაქები
კვერნაქები — მცხეთა-მთიანეთის მხარე
კვერნაქები
სურათები ვიკისაწყობში

კვერნაქები, კვერნაქის ქედი — ბორცვიან-დაბალმთიანი სერი (ქედი) აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის, კასპის და მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს ტირიფონ-მუხრანის ვაკეებსა და მტკვრის შუა ხეობას შორის. გადაჭიმულია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდ. საქაშეთისხევიდან (დასავლეთი) მდ. არაგვამდე (აღმოსავლეთი). საერთო სიგრძე დაახლოებით 70 კმ, განი 7-8 კმ. აგებულია ნეოგენური მოლასური ნალექებით — კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. კვერნაქები მორფოლოგიურად ასიმეტრიული მონოკლინური სტრუქტურაა: სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი — დამრეცი, გარდიგარდმო გადაკვეთილია მდინარეების ლიახვის, ლეხურასა და ქსნის ხეობებით, რომლებიც მას ოთხ მონაკვეთად ჰყოფს. ყველაზე დაბალია (მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 878 მ) დასავლეთი კვერნაქები ანუ რუისის სერი, რომელიც იწყება მდინარე საქაშეთისხევიდან და გრძელდება მდინარე ლიახვამდე. მის აღმოსავლეთით მდ. ლეხურამდე ვრცელდება აღმოსავლეთ კვერნაქები ანუ საკუთრივ კვერნაქები (მთა კვერნა 1074 მ, მთა ზეგარდა 1114 მ), რომლის თხემური ზოლის ღრმულში ზღვის დონიდან 856 მ-ზე მდებარეობს ნადარბაზევის ტბა. ამ სერის სამხრეთი კალთის ფლატეებსა და ქარაფებშია გამოკვეთილი ხელოვნური გამოქვაბული ციხე-ქალაქი უფლისციხე. მდინარეებს ლეხურასა და ქსანს შორის კვერნაქების მონაკვეთს წლევი-თხოთის სერი ეწოდება, რომელსაც თხემის ჩადაბლებული ადგილი — წლევის (მთა წლევი 1097 მ) და თხოთის (აღმოსავლეთით) სერებად ყოფს.

კვერნაქების უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი — სხალტბის კუესტური სერი (მთა სხალტბა 1091 მ) მდინარეებს ქსანსა და არაგვს შორისაა გაწოლილი. სხალტბის ჩრდილოეთი კალთა დამრეცია, სამხრეთი — ციცაბო, განსაკუთრებით ფლატეა მდინარე არაგვისაკენ ორიენტირებული კალთა და ძეგვსა და მცხეთას შორის მდებარე მონაკვეთი. შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში ხელოვნური გამოქვაბულებია. ზოგან განვითარებულია ბედლენდები. კვერნაქებისთვის დამახასიათებელია მშრალი ხევებითა და ხრამებით ძლიერ დანაწევრება და მოვაკებული ზედაპირები. კვერნაქების გამკვეთი ხეობებიდან ყველაზე ვიწრო და ციცაბოგვერდებიანი ლეხურას ხეობაა, შედარებით ფართოა ქსნის, ხოლო ყველაზე ფართო ლიახვის ხეობა, სადაც აღმართულია ეროზიული შთენილი ბორცვი, რომელზედაც გაშენებულია გორის ციხე.

კვერნაქების კალთებზე, ყავისფერ ნიადაგებზე, გავრცელებულ ტყის მასივებში გვხვება ძეძვი, შავჯაგა, ქონდარა ნუში, ჯაგრცხილა, ჯაგეკლიან ბუჩქებს შორის იზრდება ბალახოვანი მცენარეები: ურო, ველის წივანა, ვაციწვერა და სხვა. ჩრდილოეთ კალთის ტყის ყავისფერ და ნაწილობრივ ყომრალ ნიადაგებზე აღმოსავლეთ ნაწილში ჯაგრცხილნარი და მუხნარ-რცხილნარია. ყველაზე მაღალ ადგილებში გვხვდება წიფლნარიც. ფლატეებზე, კლდოვან და ღორღიან ადგილებში ძლიერ ჩამორეცხილ ნიადაგებზე იზრდება გლერძი, შავჯაგა და სხვა. კვერნაქების სამხრეთ კალთებზე, მცხეთასა და ძეგვს შორის, გვხვდება არიდული ნათლი ტყე, რომლის შემადგენელი სახეობებია: ღვია, საკმლის ხე, აკაკი, ქართული ნეკერჩხალი, ბერყენა, თრიმლი. შიომღვიმის მიდამოებში არის ქართული მუხის, ჯაგრცხილისა და შინდის ტყე. მდინარეების ხეობებში ზოგან გვხვდება მდინარისპირა ტყე.

კვერნაქების ქედის პანორამა გორიდან აღმოსავლეთით

ისტორიული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტის განმარტებით კვერნაქის ქედი გადაჭიმული იყო სარკინეთიდან ხორნაბუჯამდე (გომბორიდან ხორნაბუჯამდე მთა ჰერეთის მთად იწოდებოდა).

ვიკიციტატა
„არამედ მთა კუხეთისა ანუ აწ ზედაძნისა უმეტეს საჩინოდ შემოერთდების მთასა ამას, და მთა ზედაძნისა მობმული არს მთასა სარკინეთისა, რომელსა კვერნაქადცა უწოდებენ, თვინიერ განკვეთისა არაგვისაგან. ამისთვის უწოდებენ გონბრის მთასაცა ქისიყამდე კვერნაქად.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, თბ. 1904, გვ. 130)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]