კოპალა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოპალა, წინაქრისტიანული სათემო ღვთაება აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ქართულ მითოლოგიაში ხევსურთა ლოკალური ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. მისი ძირითადი სამლოცველო იყო ფშავსა (სოფ. უძილაურთა) და ხევსურეთში (ლიქოკის ხეობა, ჭალაისოფელი). სალოცავი ლიკოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას. ხევსურთა რწმენით, კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისგან და ზვავში მოყოლისგან, მას უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად დაავადებულთა განკურნება და სხვ. კოპალას სამლოცველოები იყო აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ქართლ-კახეთის ჩრდილოეთ ზოლში. მორწმუნეთა წარმოდგენით, კოპალა გაღვთიშვილებულ ხორციელად ითვლებოდა, რისთვისაც იახსართან ერთად მორიგე ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის (ამ შემთხვევაში კოპალა ხევსურული, ხოლო იახსარი ფშავური ღვთაებაა) ტერიტორიაზე ოდესღაც მობინადრე დევ-კერპების განადგურება. მასვე მიაწერენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საყმოსა და სხვა ხორციელთა დაცვის ბოროტი ძალებისაგან. იმავე წარმოდგენით, კოპალა, როგორც სათემო ღვთაება, თავის ყმებს მფარველობდა გასაჭირში, თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა. ამ ფუნქციათა დამთხვევის გამო კოპალა და იახსარი მოძმე ღვთიშვილებად მიაჩნდათ. კოპალას ჰქონდა მამულები, სათიბები, ზვრები კახეთში, კურატების ჯოგი, სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივ-საკულტო ნაგებობანი, სამეურნეო ინვენტარი, ფლობდა განძს და ა. შ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 1 - ფშავი, თბ., 1974;
  • ოჩიაური თ., მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967;
  • შანიძე ა., ქართული ხალხური პოეზია, ტ. 1 - ხევსურული, თბ., 1931;
  • Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племён, Тб., 1957;
  • ოჩიაური თ., ქსე, ტ. 5, გვ. 659, თბ., 1980

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]