კვიპაროზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვიპაროზი
ხმელთაშუაზღვის კვიპაროზი
ხმელთაშუაზღვის კვიპაროზი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: კვიპაროზისებრნი
გვარი: კვიპაროზი
ლათინური სახელი
Cupressus

კვიპაროზი (Cupressus) — მარადმწვანე ხეების, იშვიათად ბუჩქების, გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახისა. პირამიდული ან გაშლილვარჯიანი ხეებია. აქვთ ყავისფერი ქერქი და ჯვარედინ-მოპირისპირედ განწყობილი ქერქლისებრი წიწვები. მეტნაკლებად მომსხო ბურთისებრი გირჩები მწიფდება მე-2 წელს. გვარში 15-20 სახეობაა. გავრცელებულია ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერად თბილ სარტყელში. ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიის ზოგ რაიონში კულტივირებულია 11 სახეობა.

საქართველოში 9 სახეობაა შემოტანილი და მათგან უფრო ფართოდ მოშენებულია მარადმწვანე კვიპაროზი (Cupressus sempervirens) — ხე, რომლის სიმაღლე 30-60 მ აღწევს. ცნობილია მისი 2 ფორმა: პირამიდული და ჰორიზონტული. კვიპაროზი მეზოფიტია, ყინვას — 20°C-მდე იტანს, ნიადაგის მიმართ საკმაოდ განურჩეველია. სამშობლოდ ჰიმალაის მთების სამხრეთ კალთებს მიიჩნევენ. XIX საუკუნამდე პირამიდულ კვიპაროზს საქართველოში ალვის ხეს ეძახდნენ. ეს სახელი დაერქვა საქართველოში მაზდეანობის გავრცელებასთან დაკავშირებით. სახელი „ალვის ხე“ ანუ „წვის ხე“ თავისი ვიწრო პირამიდული ჰაბიტუსის გამო მართლაც კარგად ესადაგებოდა მარადმწვანე კვიპაროზს, როგორც მაზდეანური სარწმუნოების ემბლემას. საქართველოში იზრდება აგრეთვე ლუზიტანური, ჰიმალაური, არიზონული და სხვა კვიპაროზები, რომლებიც გამოყენებულია ქარსაფარ ზოლებად და დეკორატიულ ბაღმშენებლობაში.

სარო იგივეა, რაც კვიპაროზი.

ლიტერატურა[რედაქტირება]