ივანე გრუზინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივ. გრუზინსკი

ივანე გრიგოლის ძე გრუზინსკი, იოანე გრუზინსკი (დ. 24 ივნისი, 1826, სანქტ-პეტერბურგი, — გ. 15 სექტემბერი, 1880, იქვე) — თავადი, უბრწყინვალესი თავადი (1865), ბაგრატიონ-გრუზინსკების საგვარეულოს წარმომადგენელი, სიძველეების კოლექციონერი. გრიგოლ ბატონიშვილის ძე.

დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი (1847). კამერ-პაჟის რანგით ჩაირიცხა კავალერგარდის პოლკში, სადაც ერთ წელიწადს მსახურობდა. XIX საუკუნის 60-იან წლებში ცხოვრობდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. დაახლოებული იყო რუს მწერალ ალექსანდრე გერცენთან. ანონიმურად აქვეყნებდა სტატიებს («Из Тифлиса», «Из Грузии»; ორივე 1865) ლონდონსა და ჟენევაში გამომავალ გაზეთ „კოლოკოლში", რომლის გამოცემაში მას მატერიალური წვლილი შეჰქონდა. იყო ჯენტლმენთა კლუბის პეტერბურგული ანალოგის — „ინგლისური კლუბის" წევრი.

გრუზინსკიმ თავი მოუყარა ძველ ქართულ ხელნაწერებს, მხატვრული ჭედურობის ნიმუშებსა და ისტორიულ რელიკვიებს. თავისი ხელნაწერების ფონდი 1880 წელს საჩუქრად გადასცა პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკას. მფარველობდა პეტერბურგში მცხოვრებ ქართველებს. მას პლატონ იოსელიანმა მიუძღვნა თავისი ნაშრომი „ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა". ითვლებოდა ქართლ-კახეთის გაუქმებული სამეფო სახლის უფროსად. ცოლად ჰყავდა გრაფის ასული ეკატერინა პალენა. შვილი არ ჰყოლია, ამიტომ ტახტის მემკვიდრის ლეგიტიმური უფლება გადავიდა მის ბიძაშვილზე — დავით გრუზინსკიზე (ბაგრატ ბატონიშვილის შვილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ., გრიგოლ I – უკანასკნელი ქართველი მეფე, თბ., 2008.
  • Дворянские роды Российской империи, т. 3. Князья. Руководители авторского коллектива П. Гребельский и С. Думин, под ред. С. Думина, М., 1996.