ვიკიპედიიდან
იალღუნისებრნი (Tamaricaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ტანდაბალი ხეები, ბუჩქები და ბუჩქბალახებია.წვრილი ქერქლისებრი ფოთლები მორიგეობით აქვთ განწყობილი. ყვავილები წვრილი და უფრო ხშირად ორსქესიანია; შეკრებილია მრევნისებრ ან საგველასებრ ყვავილედებად, ზოგჯერ მარტოულია. ნაყოფი მრავალთესლიანი კოლოფია. იალღუნისებრნი შეიცავს 4 გვარის 120 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში. გავრცელებულია საქართველოც. ამ ოჯახის 3 გვარია ცნობილი: იალღუნი, მთის იალღუნი (Myricaria) და რეომიურია (Reamuria). იზრდებიან უმთავრესად უდაბნოს, ნახევრად უდაბნოსა და ველის (სტეპის) ზონაში (მთის ხეობებში ზოგი სუბალპურ სარტყელს აღწევს), ზღვების, ტბებისა და მდინარეების ნაპირებზე. დამლაშებულ მშრალ ფერდობებზე, რიყეზე და სხვა. შეიცავენ მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. ზოგი სახეობა თაფლოვანი და დეკორატიულია.
- სახოკია მ., ქსე, ტ. 5, გვ. 45, თბ., 1980