თინათინ მრევლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თინათინ მრევლიშვილი (დ. 1909 ან 1908[1], ქ. კიევი, უკრაინა — გ. 1993) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1963). პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს III-IV მოწვევის დეპუტატი.

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1931 წელს მუშაობა დაიწყო ფონეტიკის ლაბორატორიის ასისტენტად, 1934 წლიდან კითხულობდა ლექციებს რუსულ ენაში. თინათინ მრევლიშვილის დისერტაცია მიეძღვნა მიხეილ ლერმონტოვის პროზის ლექსიკას, დისერტაციის დაცვის შემდეგ იგი აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე. სხვადასხვა წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ახლანდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის), იყო მისაღები გამოცდების საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1948 წელს მან დააარსა რუსული ფილოლოგიის განყოფილებაზე ახალი კათედრა-რუსული ენის № 2 კათედრა. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, იენის უნივერსიტეტის (გერმანია) ეგიდით გამოიცა ქართველ და გერმანელ სპეციალისტთა ერთობლივი შრომების რამდენიმე კრებული, ჩატარდა კონფერენციები თბილისსა და იენაში. მისი მონოგრაფია „რთული ქვეწყობილი წინადადების სახეები ნიკოლოზ გოგოლის ენაში“ გამოიცა რუსულ ენაზე მოსკოველი მეცნიერის, პროფესორ ფ. კუზმინის რედაქტორობით. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1963 წელს მოსკოვში.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლით „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]