თბილისის წმინდა ორმეოცთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის ორმოცი სებასტიელი მოწამის ტაძარი

თბილისის ორმოცი სებასტიელი მოწამის ტაძარი — ქართული არქიტექტურული ძეგლი თბილისში, სამღებროსა და ბოტანიკური ქუჩების გადაკვეთაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ორმოც წამებულ სებასტიელთა ტაძრის ხსენება პირველად გვხვდება იოანე საბანისძის „წმიდა აბოს წამებაში“ – ადგილი „სადა-იგი მოჰკვეთეს თავი წმიდასა მას მოწამესა, კართა ზედა იყო წმიდისა ეკლესიისათა, რომელი სახელად წმიდათა ორმეოცეთა დაფუძნებული იყო“. ამ ნაწარმოების მიხედვით, ეკლესია მდგარა ამირას კარის ახლოს. ამირამ „უბრძანა განყვანება მისი გარე დამოკვეთა თავისა მისისა. ხოლო მსახურთა მათ გამოიყვანეს გარეშე კართა, ეზოსა მას ტაძრისასა, და... სცეს მას მახვილთა სამგზის...“. წმინდა აბოს თავი მოჰკვეთეს 786 წლის 8 იანვარს. ს. კაკაბაძის აზრით, წმინდათა ორმეოცთა ეკლესია აშენებულია ვახტანგ გორგასალის დროს, V საუკუნეში.

ეკლესიის კუთვნილების შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” ვკითხულობთ: „მახლობელ აბანოების ხიდისა მიმსვლელისა გზისა არს ეკკლესია, თუმცა არა დიდი, მაგრამ არცა მცირე, და არის გუმბათიანი. ესე აღშენებულ არს ძველისა შენობის გვარითა სახელსა ზედა წმინდისა მთავარანგელოზისასა. ამისთვის იტყვიან, რომ ესე იყოვო ბერძენთაგან აღშენებული ორმეოცთა მოწამეთა სახელსა ზედა, მაგრამ ესე სიტყვა არს ზეპირად თქმული და არასადა ჰსჩანს წერილსა შინა. ესე განაახლეს და აღაშენეს ტფილისელთა სომეხთა წელსა 1792-სა. ამას საყდარსა უწოდებენ ტფილისელნი პატარად ციხის საყდრად.“ საგულისხმო ცნობაა სომეხი ისტორიკოსის ლეონ მელიქსეთ-ბეგის ნაშრომში „თბილისი. მისი დაარსება და მოკლე ისტორიული ნარკვევი”, სადაც იგი წერს: „ძველი თბილისის მცოდნისათვის არ არის ძნელი მიხვდეს, რომ „ორმოცი წამებულის სახელობის ეკლესია, ... უნდა მდგარიყო ციხის ძირში, იმ ადგილზე, სადაც დღეს დგას სომხური ეკლესია „ხშეტაკაპეტაც”, ე. ი. მთავარანგელოზთა.“ სომეხი ისტორიკოსის და თბილისის ისტორიის კარგი მცოდნის ლეონ მელიქსედ-ბეგის აზრით, მთავარანგელოზთა სომხური ეკლესიის ადგილზე მდგარა ორმოც მოწამეთა ეკლესია.

სომეხი ისტორიკოსი გ. აღაიანცი ეკლესიის აშენების თარიღად 754 წელს ასახელებს. თუმცა, პ. მურადიანი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, რადგან გ. აღაიანცის მიერ დასახელებული ეკლესიის აღმშენებელი “საპრაზი ჯუღიდან” მოღვაწეობდა XVI-XVII საუკუნეებში. პ. მურადიანი ასეთ დასკვნას აკეთებს: „ორმოც წამებულთა ეკლესია, ანუ მთავარანგელოზთა ეკლესია აშენებულია არაბთა შემოსევამდე, მის შესასვლელთან (ან ეზოში) აბო თბილელმა VIII ს. მიიღო მოწამებრივი სიკვდილი. 1236 წელს ვანაკანმა გამოისყიდა აქ მონღოლებისაგან სამი წლით ადრე, მათ მიერ მიტაცებული სახარება და გააკეთა მასში თავისი ჩანაწერი. XVI ს. ბოლოს (1593 წ.) ტაძარი ნანგრევებად იყო ქცეული, და ის თავიდან აღაშენა ვაჭარმა ზაპრაზმა (საფრაზმა) ჯუღიდან, მაგრამ XVIII ს. პირველ ათწლეულებში ეკლესია არ ფუნქციონირებდა და ეტყობა დანგრეული იყო. იგი თავიდან “საძირკვლიდან” ააშენეს 1781 წელს, მაგრამ სპარსელებმა ეკლესია დაწვეს და XIX ს. ისევ აღადგინა დეკანოზმა არაქელმა”. გ. შარბაბჩიანის ცნობით, ეკლესია XVIII ს. ბოლოს მოხატა ცნობილმა სომეხმა მხატვრმა ი. ოვნათანმა.

პლატონ იოსელიანი ამ ეკლესიის შესახებ წერს, რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის დროს პრეტენზია განუცხადებიათ თბილისელ ბერძნებს „...შემდგომ ის დაუთმეს ათონის ივერთა პორტირის მონასტერს. ათონსა და ახლანდელ მფლობელს შორის ხანგრძლივი დავა ცოტა ხნის წინ მმართველმა სინოდმა კერძო მფლობელის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ახლა ძველი სიწმინდის ადგილზე სავაჭროებია აშენებული...”. თ. ბერიძე მიიჩნევს, რომ ბერძნების მიერ ეკლესიის მოთხოვნა “...მეტად ყურადსაღებია, ვინაიდან ორმეოცთა ეკლესიას ბერძნულ მართლმადიდებლურ ძეგლად მიიჩნევდნენ და მათი პრეტენზია შეიძლება ძველი ტრადიციის გამოძახილად ჩაითვალოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეკლესია იდგა ბერძნების უბანში — ბერძენხანაში”.

ამასვე მოწმობს მოსე ჯანაშვილი — “ეს ტაძარი უძველეს დროს ბერძნების სალოცავი იყო და ჯერ ისევ გიორგი XII-ის დროსაც იგინი ამ ეკლესიისათვის ედავებოდნენ სომხებს”.

საგულისხმოა ბონდო არველაძის მოსაზრება ეკლესიის კუთვნილების შესახებ „...რა თქმა უნდა არაბებისათვის სულ ერთი იყო, მართლმადიდებელი თუ გრიგორიანული ეკლესიის წინ მოკვეთდნენ თავს — მათთვის მთავარი იყო ტაძარი ქრისტიანული ყოფილიყო, მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის იოანე საბანიძისთვის ეს არ იყო სულერთი, არამედ აღთქმული იყო როგორც ძალიან მნიშვნელოვანი რელიგიური ფაქტორი, რადგან აბომ მოწამეობრივად აღესრულა მართლმადიდებლური ქრისტიანობისათვის, და არა გრიგორიანელობისათვის. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, იოანე საბანისძე აუცილებლად აღნიშნავდა გულისტკივილით, რომ წმინდა აბოს თავიმოკვეთეს სომხურ–გრიგორიანულ, წმინდა ორმოც წამებულთა ეკლესიის წინ. რადგან ასე არ მოხდა, მოიაზრება, რომ ეკლესია იყო მართლმადიდებელური“.

ეკლესიას ციხის პატარა ეკლესიაც ერქვა. ეს სახელი მას უნდა შერქმეოდა XVII საუკუნეში, როცა მეფე როსტომის დროს აიგო ციხისა და ქალაქის გამყოფი კედელი და ეკლესია ციხის ტერიტორიაზე მოექცა. ეკლესია დაანგრიეს 1925 წელს. ბოლო დროინდელი ძველი ეკლესიის ნაშთები 1979 წელს გამოვლინდა სადაზვერვო გათხრების დროს, რის შედეგადაც უკანასკნელ წლებში აღმოჩნდა ადრეფეოდალური ხანის კერამიკის სხვადასხვა ნაკეთობების ნაშთებიც.

1999 წელს წმინდა ორმოც მოწამეთა ეკლესიის ნანგრევებზე არქიტექტორ რევაზ ჯანაშიას პროექტის მიხედვით დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა. 2009 წლის 23 ნოემბერს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე დამთავრებული ტაძარი საზეიმოდ აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქუთათელაძე მ., თბილისის ტაძრები, ტ. I, თბ., 2010 გვ. 90-94
  • თბილისის წმიდა ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია / მერაბ ძნელაძე, მაია იზორია, ვერა ჩიხლაძე, ანდრო გოგოლაძე. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-7053-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]