თბილგაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„თბილგაზი“თბილისის მერიის საქალაქო სამსახური. შეიქმნა 1997 წელს თბილისის გაზის მეურნეობის ექსპლუატაციის საწარმოო ტრესტი „თბილგაზის“ ბაზაზე. თბილისის გაზიფიკაციის საკითხი, შირაქის ნავთობის საბადოების გამოყენებით, ინჟინერმა ჩოლოყაშვილმა ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს დააყენა, ხოლო 1911 წელს მოლაპარაკებაც გაიმართა ბელგიის ერთ-ერთ ფირმასთან. 1937 წელს თბილისის საქალაქო საბჭოში კვლავ დადგა საკითხი თბილისში ხელოვნური საწვავი გაზის გამომმუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და მის ბაზაზე ქალაქის გაზიფიკაციის შესახებ, მაგარამ ეს წინადადებები არ განხორციელებულა.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დავალებით, საქალაქო აღმასკომი 1957 წლიდან შეუდგა მზადებას ქალაქში ბუნებრივი გაზის მისაღებად და ბათუმიდან მოწოდებული გამომუშავებული ხელოვნური საწვავის - თხევადი გაზის - საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის გამოსაყენებლად. 1957 წლის 30 იანვარს შეიქმნა საქალაქო კანტორა „თბილგაზი“ (უფროსი ა. ბათიაშვილი, მთვარი ინჟინერი გ. ბუჩუაძე), რომელსაც დაევალა თბილისის მოსახლეობის გაზიფიკაცია ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ მოწოდებული თხევადი გაზის ბაზაზე. 1957 წლის 3 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ყარადაღიდან ბუნებრივი გაზის მიღებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო საბჭოსთან გაზის მეურნეობის ექსპლუატაციის საწარმოო სამართველოს „თბილგაზს“, სამშენებლო ტრესტის „თბილგაზმშენის“ და ტექნიკური ინსპენქციის შექმნის შესახებ, ხოლო „თბილქალაქპროექტს“ (ი. ჩხენკელი, შ. ხეჩინაშვილი) დაევალა თბილისის გაზმომარაგებისათვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა. 1957 წლის ბოლოს საკავშირო გაზის მრეწველობა სამინისტროს ტრესტის „სვარმონტაჟის“ №10 სამმართველომ „უკრგიიპროგაზის“ ინსტიტუტის პროექტით დაიწყო ყარდაღან-აღსტაფა-თბილისის მაგისტრალის გაზსადენის მშენებლობა. საპროექტო ინსტიტუტმა „უკრგიპროკომუნენერგომ“ დაამუშავა თბილისის გაზმომარაგების საპროექტო მოცემულობა, რომლის თანახმადაც ქალაქის წლიური ბუნებრივი აირის ხარჯი 734 მლნ. მ³ შეადგენდა. მის გასატარებლად უნდა გაეყვანათ 433 კმ სიგრძის გაზსადენი (527 ათას მცხოვრებზე). 1959 წლის ბოლოს თბილისმა ყარადაღიდან მიიღო პირველი გაზი, 1963-იდან კი გაზი ქალაქს ჩრდილოეთ კავკასიიდანაც მოაწოდეს. 90-იანი წლებისათვის თბილისის გაზსადენების საერთო სიგრძე 2000 კმ აღწევდა. გაზს იღბდა 291 ათასი ოჯახი, 1000-მდე საწარმო-დაწესებულება და სხვა ობიექტები, რისთვისაც იხარჯებოდა 2 მილიარდ მ³-ზე მეტი ბუნებრივი გაზი წელიწადში. 1984 წელს „თბილგაზის“ საწარმოო სამმართველო გადაკეთდა თბილისის გაზის მეურნეობის ექსპლუატაციის საწარმო ტრესტ „თბილგაზად“.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო, 1995 წლის 12 იანვრიდან თბილისს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა და მხოლოდ 1996 წლის აპრილიდან განუახლდა. 2000 წლისათვის „თბილგაზი“ ემსახურებოდა დაახლოებით 67 ათას აბონენტს, მრეწველობის 131 და კომუნალური მეურნეობის 533 ობიექტს. მის ბალანსზე რიცხული გაზსადენების საერთო სიგრძე იყო 2000 კმ, აქედან მოქმედია 425 კმ-იანი გაზსადენი. ქალაქს გაზი რუსეთიდან მიეწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 495