ზედა დიმის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზედა დიმის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ზედა დიმში.

დარბაზული ეკლესია ნაგებია იდეალურად თლილი მოყვითალო კვადრებით. წყობა თარაზულია, გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით შვერილი, ნახევარწრიული აბსიდით, რომელშიც გაჭრილია სამი თაღოვანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთ მხარეს მოწყობილია ორი სხვადასხვა ზომის ნიშა. კონქი სფერულია და მასზე გამოსახულია ღვთისმშობელი. საკურთხევლის წინ ორსაფეხურიანი სოლე და ხის მოჩუქურთმებული კანკელია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში დატანებული კარ-სარკმლები ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულადაა განლაგებული. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთ კედელშიცაა. იატაკი მოგებულია თლილი ქვის კვადრებით. კედლები შეთეთრებულ-შეღებილია. ეკლესიის გადახურვა მთლიანად გადაკეთებულია. კამარა მოხსნილია და ხის პანელებით შედგენილია ტრაპეციის ფორმის მქონე გადახურვა, რომელიც სრულდება არაპროპორციული ცრუ გუმბათით. გადახურვა შეღებილია ცისფრად. ეკლესიის ფასადებზე ყველა ღიობი მოჩარჩოებულია ლილვებით. აბსიდი მთავარ კორპუსთან შედარებით დაბალია, მისი სიმაღლის გასწვრივ სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებს ოთხმაგლილვიანი კარნიზი გასდევს. საბურავად გამოყენებულია თუნუქი. ეკლესიის სამივე შესასვლელის წინ სამსაფეხურიანი ბაქანია. თვით ეკლესია მაღალ ცოკოლზე დგას. ეკლესიას დასავლეთიდან სამსართულიანი სამრეკლო აქვს. მისი პირველი სართული ეკლესიაში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს. მეორე სართული დახურული სათავსია. მესამე საზარეა და იგი ღია ფანჩატურს წარმოადგენს. თლილი ქვით მოპირკეთებული სვეტებიდან იშლება ნახევარწრიული თაღები. სამრეკლოზე ასასვლელი მოწყობილია ინტერიერში დასავლეთ კედელთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10222