ვორლდ ვიჟენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვორლდ ვიჟენის ლოგო

ვორლდ ვიჟენი (ინგლ. World Vision) — არასამთავრობო ინტერნაციონალური ქრისტიანული შემწეობისა და განვითარების ორგანიზაცია დაარსდა 1950 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი დამაარსებელია ბობ პიერსი. ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს: „ყოველი ადამიანის კეთილდღეობა. განსაკუთრებით ბავშვების“. ვორლდ ვიჟენი ეწევა საქმიანობას დედამიწის ექვსი კონტინენტის 97 ქვეყანაში. ვორლდ ვიჟენი წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ინტერნაციონალურ ქრისტიანული შემწეობის ორგანიზაციას მთელ მსოფლიოში, რომლის წლიურმა ბიუჯეტმა 2007 წელს 2.6 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ვორლდ ვიჟენი საქართველოში[რედაქტირება]

საქართველოში მოღვაწეობის 14 წლის მანძილზე ვორლდ ვიჟენ ინტერნეიშენალმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰუმანიტარული და განვითარებაზე მიმართული მრავალი ინიციატივის განხორციელებაში, როგორც უშუალოდ, ისევე ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით. საერთო ჯამში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების რაოდენობა 27-ს შეადგენს. ვორლდ ვიჟენის პროექტების ამოსავალი წერტილია ბავშვები, ახალგაზრდები და სიღარიბის შემცირება. გასულ წელს ვორლდ ვიჟენის ბენეფიციართა რიცხვმა 200,000 კაცი შეადგინა. ვორლდ ვიჟენს აქვს რეგიონული ოფისები ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ახალციხეში, ბორჯომში, ნინოწმინდაში, მარნეულში, გორში.

ვორლდ ვიჟენი თავის საქმიანობას ოთხი ძირითადი პროგრამით ახორციელებს:

  • ბავშვები განსაკუთრებით რთულ გარემოებებში (CEDC);
  • კვების უსაფრთხოება და თემის განვითარება;
  • ადამიანის უფლებები და მშვიდობის შენარჩუნება;
  • მიკროსაწარმოების განვითარება.

მიკროსაწარმოების განვითარების პროგრამა დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში, „საკვები სამუშაოსთვის“ და თემის განვითარების პროგრამებმა ვორლდ ვიჟენი თემის განვითარებაზე მომუშავე ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე გამოცდილ ორგანიზაციად გადააქცია.

პროგრამა „ბავშვები განსაკუთრებით რთულ გარემოებებში“ (CEDC) ძირითადად დეინსტიტუციონალიზაციაზე არის ფოკუსირებული, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის ქვაკუთხედზე. აღნიშნული პროგრამის ჩარჩოში ხორციელდება პროექტები:

ვსწავლობთ ცხოვრებას (Learners for Life), რომელიც ქუთაისში, ბათუმსა და თელავში 2004 წლიდან ხორციელდება. გარდა ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციისა და ამ მიზნით საქართველოში პირველი მცირე საოჯახო ტიპის სახლების დაარსებისა, პროექტის მიზანია 14-დან 20 წლამდე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესება საზოგადოებრივი ახალგაზრდული ცენტრების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალგაზრდებს პროფესიული სწავლებით, სტაჟირებით, დასაქმებით, კულტურული, სპორტული პროგრამებით და სხვა სერვისებით.

ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და დეინსტიტუციონალიზაცია (PIAD), მიმდინარეობს 2002 წლიდან და მიზნად ისახავს ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში ჩვილი ბავშვების შემავალი ნაკადის შეჩერებას. (2003 წლის აპრილიდან პროექტის ჩარჩოში 114 ბავშვი ასცდა ბავშვთა სახლში მოხვედრას, 18-მა ახალგაზრდა ქალმა დაიწყო საკუთარი საქმე). ორგანიზაციის საქმიანობაში ასევე შედის უნარშეზღუდული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია.

SAFE!Guard Your Health (SAFE!), რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა აივ ინფექცია და შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]