მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტმანის ქვაპურა (ლათ. Bupleurum wittmannii) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. სიმაღლეში 20–60 სმ-ია. შუა ნაწილიდან ან ძირიდანვე დატოტვილია. ღეროსეული ფოთლები მალე ჭკნება. ღეროსეული ქვედა ფოთლები გულისებური ფუძითაა, წაწვეტებული ან მობლაგვო. შუა და ზედა ფოთლები გახვრეტილია. ყვავილედი 7–12 სხივისაგან შემდგარი ქოლგაა, საბურველაკის ფოთოლაკები ყვითელი და თანაბარი ზომისაა, ქოლგაკებს ოდნავ აღემატება. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. კავკასიის ენდემია. გავრცელებულია სამხრეთ კავკასიაში. საქართველოში გვხვდება კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, არის ჯავახეთშიც. მშრალი ჰაბიტატების მცენარეა. იზრდება ღია, მშრალ ფერდობებზე.[1]