ვალტერ გროპიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალტერ გროპიუსი
WalterGropius-1919.jpg
არქიტექტორი
მშობლ. სახელი Walter Adolph Georg Gropius
დაიბადა 18 მაისი, 1883
ბერლინი, გერმანია
გარდაიცვალა 5 ივლისი, 1969
კემბრიჯი, მასაჩუსეტსი

ვალტერ ადოლფ გეორგ გროპიუსი (Walter Adolph Georg Gropius; დ. 18 მაისი, 1883 – გ. 5 ივლისი, 1969) — გერმანელი არქიტექტორი, ბაუჰაუზის დამფუძნებელი. ლუდვიგ მის ვან დერ როესა და ლე კორბუზიესთან ერთად მოდერნისტული არქიტექტურის პიონერი.

ცხოვრება[რედაქტირება]

დაიბადა ბერლინში, მთავრობის სამშენებლო მრჩევლის ოჯახში. გროპიუსი, მამამისის და დიდი ბიძა მარტინ გროპიუსის მსგავსად, არქიტექტორი გახდა. თუმცა ყველა წყაროს მიხედვით ვალტერ გროპიუსს ხაზვა არ ეხერხებოდა და კოლაბორატორებსა და პარტნიორებზე იყო დამოკიდებული მთელი კარიერის განმავლობაში. სკოლაში მან თანაშემწე იქირავა მისთვის საშინაო დავალებების შესასრულებლად.

1908 წელს გროპიუსმა სამსახური დაიწყო პეტერ ბეჰრენსის ფირმაში, რომელიც უტილიტარული სკოლის ერთ-ერთი პირველი მიმდევართაგანი იყო. მისი თანამშრომლები ამ პერიოდში იყვნენ ლუდვიგ მის ვან დერ როე და დიტრიხ მარკსი. 1910 წელს გროპიუსმა ბეჰრენსის ფირმა დატოვა და ყოფილ თანამშრომელ ადოლფ მაიერთან ერთად ბერლინში საკუთარი პრაქტიკა დააარსა. მათი ერთობლივი დამსახურებაა ერთ-ერთი სანიმუშო მოდერნისტული ნაგებობა შექმნილი ამ პერიოდში, ფაგუსვერკი, ალფერლდ-ან-დერ-ლაინი, გერმანია, ფეხსაცმელების ფაბრიკა. ამ შენობის მინის ფარდისებრი კედლები მოდერნისტული პრინციპის დემონსტრაციაა, რომელშიც ფორმა ფუნქციასა და მშრომელთათვის ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნის გროპიუსის მისწრაფებას ასახავს. ამ პერიოდის სხვა ნამუშევართა შორისაა ოფისისა და ფაბრიკის შენობა ვერკბუნდის გამოფენისთვის (1914) კიოლნში.

ბაუჰაუზი დესაუში, გერმანია.

გროპიუსის კარიერა 1914 წლის მოვლენებმა შეაფერხა. რეზერვისტად გაწვეული გროპიუსი დასავლეთის ფრონტზე სერჟანტ მაიორის რანგში მსახურობდა პირველი მსოფლიო ომის წლებში[1]. ირონიულია, თუმცა გროპიუსს სწორედ ომმა შეუქმნა კარიერის გაკეთების შესაძლებლობა ომისშემდგომ პერიოდში. ჰენრი ვან დე ველდი, საქსონიის ხელოვნებისა და ხელოსნობის სკოლის დირექტორი ვაიმარში ბელგიური წარმოშობის გამო 1915 წელს სამსახურიდან დაითხოვეს. მისივე რეკომენდაციით ამ ადგილზე იგი გროპიუსმა შეცვალა 1919 წელს. სწორედ ეს აკადემია გარდაქმნა გროპიუსმა მსოფლიოში განთქმულ ბაუჰაუზად, რომელმაც მოიზიდა ისეთი პროფესორ-მასწავლებლები, როგორიც იყვნენ პაულ კლეე, იოჰანეს იტენი, იოზეფ ალბერსი, ჰერბერტ ბაიერი, ლასლო მოჰოი-ნადი და ვასილი კანდინსკი. სტუდენტებს ასწავლიდნენ თანამედროვე და ინოვაციური მასალისა და მასიური წარმოების მოპირკეთების გამოყენებას, რომელთა უმრავლესობა თავდაპირველად ინდუსტრიული დანიშნულებისა იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მათგან ორიგინალური ავეჯი და შენობები იქმნებოდა.

1919 წელსვე გროპიუსი "შუშის ჯაჭვის" უტოპიურ ექსპრესიონისტურ მიმოწერაში იყო ჩაბმული ფსევდონიმით "Mass". საიდანაც აშკარა ხდება, რომ მიუხედავად ფუნქციონალისტური მიმართულებისა, მასზე გავლენა ამ პერიოდში ექსპრესიონიზმს მოუხდენია.

გროპიუსის სახელურები (1923)

1923 წელს გროპიუსმა შექმნა მისი ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ნამუშევარი, კარის სახელური, რაც დღეს მე-20 საუკუნის დიზაინის შედევრად ითვლება და ხშირად მოიხსენიება როგორც ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინი, რომელიც ბაუჰაუზში შეიქმნა.

გროპიუსი გერმანიიდან 1934 წელს გაიქცა ნაცისტური პარტიის მთავრობაში მოსვლის გამო, რის შემდეგაც ბრიტანეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, იზოკონის პროექტში. შემდეგ, 1937 წლიდან აშშ-ში გადადის, სადაც მისი საკუთარი სახლი, "გროპიუსის სახლი" ლინკოლნში, მასაჩუსეტსი, მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა აშშ-ში საერთაშორისო მოდერნიზმის პოპულარიზაციაში. გროპიუსს არ მოსწონდა ტერმინი: "ჩემთვის ეს იყო ჩემი საკუთარი კონცეფცია ახალი ინგლისის არქიტექტურული ტრადიციისთვის დამახასიათებელი ნიშნების, რომელიც მე დღემდე ცოცხალი და აქტუალური აღმოვაჩინე". გროპიუსი და მისი ბაუჰაუზის პროტეჟე მარსელ ბროიერი კემბრიჯში, მასაჩუსეტსი, გადავიდნენ ჰარვარდის დიზაინის სკოლაში მასწავლებლად. პარალელურად მუშაობდნენ კომპანია-ქალაქი "ალუმინის ქალაქი ტერასა" პროექტზე ნიუ-კენსინგტონში, პენსილვანია, სანამ პროფესიულად ერთმანეთს დაშორდებოდნენ. 1944 წელს ის ნატურალიზებული აშშ-ის მოქალაქე გახდა.

1945 წელს გროპიუსმა დააფუძნა არქიტექტორთა კოლაბორაცია (TAC) ოფისით კემბრიჯში ახალგაზრდა არქიტექტორთა ჯგუფთან. თავდაპირველ პარტნიორთა შორის იყვნენ ნორმან ფლეტჩერი, ჯინ ფლეტჩერი, ჯონ ჰარკნესი, სარა ჰარკნესი, რობერტ მაკმილანი, ლუი მაკმილანი და ბენკამინ თომპსონი. ტაკი მყისვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და გავლენიანი არქიტექტურული ფირმა მსოფლიოში. ტაკი 1995 ბანკროტად გამოცხადდა.

გროპიუსი 1969 წელს გარდაიცვალა ბოსტონში, მასაჩუსეტსი, 86 წლის ასაკში. დღეს მას იხსენებენ არა მხოლოდ როგორც სხვადასხვა შენობების ავტორს, ბერლინის ერთ-ერთ უბანს მისი სახელი, გროპიუსშტადტი, ჰქვია.

მნიშვნელოვანი პროექტები[რედაქტირება]

გროპიუსის სახლი ლინკოლნში, მასაჩუსეტსი
  • ფაგუსის ქარხანა, 1910–1911, ალფელდ-ან-დერ-ლეინი, გერმანია
  • ოფისი და ქარხნის შენობა ვერკბუნდის გამოფენისთვის, 1914, კიოლნი, გერმანია
  • ბაუჰაუზის სკოლა და ფაკულტეტი, 1925–1932, ჰაუსინი, დესაუ, გერმანია
  • ვილიჯ კოლეჯი, 1936, იმპინგტონი, კემბრიჯი, ინგლისი
  • გროპიუსის სახლი, 1937, ლინკოლნი, მასაჩუსეტსი, აშშ
  • ალუმინის ქალაქი ტერასა - საცხოვრებელი პროექტი, 1942–1944, ნიუ-კენსინგტონი, პენსილვანია, აშშ
  • ჰარვარის მაგისტრთა ცენტრი, 1949–1950, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ (TAC) [2]
  • ბაღდადის უნივერსიტეტი, 1957–1960, ბაღდადი, ერაყი
  • ჯონ კენედის ფედერალური საოფისე შენობა, 1963–1966, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
  • პიტერ თეჩერის საშუალო სკოლა, 1948
  • პან-ამის შენობა (ამჟამად მეტლაიფის შენობა), 1958–1963, ნიუ-იორკი, პიეტრო ბელუსკისთან ერთად
  • ინტერბაუს საცხოვრებელი ბინები, 1957, ჰანსავირტელი, ბერლინი, გერმანია, TAC და ვილს ებერტი
  • ვეილენდის საშუალო სკოლა, 1961, ვეილენდი, მასაჩუსეტსი, აშშ
  • აშშ-ის საელჩო, 1959–1961, ათენი, საბერძნეთი (TAC და პერიკლეს საკელარიოსი)

სქოლიო[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • (ინგლ.) The New Architecture and the Bauhaus, 1955.
  • (ინგლ.) The Scope of Total Architecture, 1956.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]