ევკალიპტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
tereticornis-ის ყვავილი

ევკალიპტი (Eucalyptus) — მცენარის გვარი მირტისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 600-ზე მეტ სახეობას. სწრაფმზარდი ხე ან ბუჩქია, მარადმწვანე, სინათლის მოყვარული, უხვად ყვავილობს, ქმნის მეჩხერ კორომს. იგი იზრდება 150-160 მ-მდე, რომლებიც დაახლოებით 4-5 მეტრის სიმსხოა. ღერო სწორი ან მრუდეა, გლუვი ან დაღარული. ფოთოლი უმეტესად მარტივია, ხეშეში; ზოგიერთი სახეობისა დაფარულია ცვილისებრი ფიფქით; ყვავილი ორსქესიანია, თეთრი, იშვიათად ყვითლი ან მუქი წითელი. ნაყოფი კოლოფია, თესლი მრავალწახნაგოვანი და წვრილი, ვარჯი პირამიდული, კვერცხისებრი, სფეროსებრი ან მტირალა ფორმისაა. მისი ფოთოლი შეიცავს ძვირფას ეთეროვან ზეთებს და ქერქი კი 40%-მდე მთრთიმლავ ნივთიერებას. კარგად ხარობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე, ვერ ეგუება დამლაშებულ ნიადაგსა და მშრალ ქვიშას. მრავლდება თესლით და ამონაყარით. ბუნებრივ პირობებში ევკალიპტი გავრცელებულია ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალი გვინეის კუნძულებზე. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროს სუბტრიპიკულ ზონაში. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოში ევკალიპტის, როგორც დეკორატიული მცენარის, ასამდე სახეობაა კულტივირებული. ევკალიპტის საუკეთესო სახეობებია: მანეულისებრი ევკალიპტი, მაკართურის ევკალიპრი, ლურჯი (სფეროსებრი) ევკალიპტი, ცისფერი ევკალიპტი, ახოვანი ევკალიპტი და სხვა. ევკალიპტის მერქანს იყენებენ გემთმშენებლობაში, შენობის შიდა მოპირკეთებისათვის, ავეჯის დასამზადებლად და სხვა, ფოთლიდან მიღებულ ეთერზეთს — მედიცინაში, პარფიუმერიაში, ტექნიკაში და სხვა.

საქართველოში იგი 20-25 წლის განმავლობაში 25-30 მ-ის სიმაღლეს აღწევს.ყინვას შედარებით კარგად უძლებს,მაგრამ ძლიერი ყინვების დროს იღუპება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მირზაშვილი ვ., ქსე, ტ. 4, გვ. 33, თბ., 1979
  • კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში გვ 226,თბ., 1957