დიანა ფრანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიანა ფრანგი
წოდებები
ანგულემის ჰერცოგინია
კასტროს ჰერცოგინია
მონმორანსის ჰერცოგინია
დაიბადა 25 ივლისი, 1538
პარიზი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 11 იანვარი, 1619, (80 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საგვარეულო ვალუები
მეუღლე(ები) ორაციო ფარნეზე, კასტროს ჰერცოგი
(ქ. 1552 - გარდ. 1553)
ფრანსუა, მონმორანსის ჰერცოგი
(ქ. 1559 - გარდ. 1579)
მამა ანრი II, საფრანგეთის მეფე
დედა ფილიპა დუჩი
რელიგია კათოლიციზმი

დიანა ფრანგი (ფრანგ. Diane de France, იტალ. Diana di Francia; დ. 25 ივლისი, 1538, პარიზი, საფრანგეთი — გ. 11 იანვარი, 1619, პარიზი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ანრი II-ის უკანონო ქალიშვილი. ანგულემის, კასტროსა და მონმორანსის ჰერცოგინია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიანა დაიბადა 1538 წლის 25 ივლისს პარიზში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის უფროსი ვაჟის, დოფინ ანრი დე ვალუასა და მისი იტალიელი საყვარლის, ფილიპა დუჩის ერთადერთი საერთო და უკანონო ქალიშვილი. დედამისი წარმოშობით პიემონტელი ჯარისკაცის ქალიშვილი იყო, რომელიც იტალიური ომების პირობებში ფრანგების მხარეს გადავიდა და საფრანგეთში გადასახლდა. აღსანიშნავია, რომ მას სახელი მამის კიდევ ერთი საყვარლის, დიანა დე პუატიეს პატივსაცემად დაარქვეს.

1547 წელს მამამისი ტახტზე ავიდა ანრი II-ის სახელით და ფორმალურად მოახდინა მისი ლეგიტიმაცია. 1552 წლის 14 თებერვალს ანრიმ იგი პარმის ჰერცოგ ოტავიო ფარნეზეს ძმას, კასტროს ჰერცოგ ორაციო ფარნეზეს მიათხოვა. მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან 1553 წელს ორაციო გერმანელებმა მოკლეს ესდინთან ბრძოლისას. დაქვრივებულ დიანას მისგან შვილი არ დარჩენია, რის გამოც 1559 წელს იგი მეორედ დაქორწინდა საფრანგეთის კონეტაბლ ან დე მორმორანსის უფროს ვაჟ ფრანსუა დე მონმორანსზე.

საფრანგეთის რელიგიური ომების განმავლობაში იგი დედოფალ ეკატერინე მედიჩის უჭერდა მხარს და ქმართან ერთად აქტიურად გამოდიოდა კათოლიკური მხარის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ ისინი კათოლიკური ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერები იყვნენ და მხარს უჭერდნენ წმინდა ბართლომეს ღამესაც.

1579 წელს დიანა მეორედ დაქვრივდა. მას არც ფრანსუასგან დარჩა შვილი, თუმცა მესამედ აღარ გათხოვილა. ამის შემდეგ დიანა თავისი ნახევარ-ძმის, საფრანგეთის მეფე ანრი III-ის ფავორიტი ხდება, რის გამოც, 1582 წელს მისგან საჩუქრად მიიღო ანგულემის ჰერცოგინიობა. 1589 წელს, ანრის გარდაცვალებით შეწყდა ვალუას დინასტია, რის გამოც ტახტზე დიანას ნახევარ-და, მარგარიტა ვალუა ადის თავის ქმართან, ნავარის მეფე ანრი IV ბურბონთან ერთად. იგი ანრი IV-ის კარზე დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა, რაც 1599 წელს, ანრისა და მარგარიტას განქორწინების შემდეგაც გაგრძელდა.

ცნობილია, რომ ანრი IV-მ თავისი უფროსი ვაჟის, მომავალი მეფე ლუი XIII აღსაზრდელად სწორედ დიანას მიაბარა, რომელიც იგი მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას ასწავლიდა. ამის გამო ლუის იგი ძალიან უყვარდა. მას შემდეგ, რაც 1610 წელს ტახტი ლუი XIII-მ დაიკავა დიანას გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა.

უკანასკნელი წლები მშობლიურ პარიზში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1619 წლის 11 იანვარს, 80 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Considerations on "Les Amours de I. du Bellay" , Robert V. Merrill, Modern Philology, Vol. 33, No. 2 (Nov., 1935), 133.
  • Helge Gamrath, Farnese: Pomp, Power and Politics in Renaissance Italy, (L'Erma di Bretschneider, 2007), 70.
  • Kenneth Meyer Setton, The Papacy and the Levant, 1204-1571, Vol. IV, (The American Philosophical Society, 1984), 596.
  • Janine M Lanza, From Wives to Widows in Early Modern Paris: Gender, Economy, and Law, (Ashgate Publishing, 2007), 29.
  • Jeanice Brooks, Courtly Song in Late Sixteenth-Century France, (University of Chicago Press, 2000), 12.