გიორგი ორბელიანი (გენერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ორბელიანი (გენერალი)
დაბადების თარიღი 1853
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 1924
გარდაცვალების ადგილი საფრანგეთი
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის არმია
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877–1878) და პირველი მსოფლიო ომი
ჯილდოები წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი და ოქროს ხმალი მამაცობისათვის

თავადი გიორგი ილიას ძე ორბელიანი (1853–1924) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალი რუსეთ-იაპონიის ომის დროს 1904–1905 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავადი გიორგი ორბელიანი და დარტიგესი (საფრანგეთის სამედიცინო მისიის ხელმძღვანელი) 1919

ორბელიანი დაიბადა 1853 წელს თბილისში. ის იყო თავად ილია დიმიტრის ძე ორბელიანის ვაჟი, ორბელიანების თავადური გვარის წარმომადგენელი. დედა ბარბარე ბაგრატიონ-გრუზინსკაია იყო ილია ბატონიშვილის ქალიშვილი.

გიორგი 7 თვის ასაკში დედასთან და ჭავჭავაძეებთან ერთად წინანდლიდან გაიტაცეს იმამ შამილის ნაიბებმა. ტყვეობაში გაატარეს ათი თვე და გათავისუფლდნენ შამილის ვაჟისა და გამოსასყიდის სანაცვლოდ.[1]

გიორგიმ დაამთავრა პაჟთა კორპუსი, რის შემდეგაც ოფიცრის წოდებით სამსახური დაიწყო ლეიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკში.

1877-1878 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში, გამოჩენილი სიმამაცისთვის მიიღო წმინდა ანას მე-4 ხარისხის და წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენები. ავღანელებთან რუსული ჯარის გამარჯვების შემდეგ, მიავლინეს კასპიისპირეთის მხარეში.

1880-იან წლებში ორბელიანების დანგრეული სასახლის ადგილას ააშენა შენობა, რომელიც ამჟამად არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია.[2]

1885-1886 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-ავღანეთის გამმიჯნავ კომისიაში.

1898-1899 წლებში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლის სახით მივლინებული იყო ინდოეთში ინგლის-ინდოეთის ჯარების მანევრებზე დასაკვირვებლად.

1901 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

1904 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და გადასცეს ოქროს ხმალი "მამაცობისთვის". დაინიშნა კავკასიის ცხენოსანთა ბრიგადის მეთაურად. ომის კორესპონდენტმა ფრენსის მაკკულაგმა ყურადღება გაამახვილა ორბელიანის ბრიგადის მრავალფეროვან ეთნიკურ შემადგენლობაზე თავის წიგნში „კაზაკებთან“, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ მისი კაცების უმეტესობა ვერ ახერხებდა კარგად კომუნიკაციას სხვა დანაყოფებთან რუსული ენის ცოდნის ნაკლებობის გამო.[3]

1904-1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. მიენიჭა სტანისლავის პირველი ხარისხის (ხმლით) და წმინდა ანას პირველი ხარისხის (ხმლით) ორდენები.

1910 წელს მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა კასპიისპირეთის ცხენოსანთა ბრიგადის უფროსად. 1913 წელს რეზერვში ჩარიცხეს.

პირველი მსოფლიო ომის დროს დაუბრუნდა აქტიურ სამხედრო სამსახურს და დაინიშნა სამედიცინო ევაკუაციის სამსახურის უმაღლეს მეთაურად.

გარდაიცვალა 1924 წელს საფრანგეთში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმინდა ანას ორდენი მე-4 ხარისხის 1878
  • წმინდა ვლადიმერის ორდენი მე-4 ხარისხის 1878
  • წმინდა სტანისლავის ორდენი 1-ელი ხარისხის 1904.
  • წმინდა ანას ორდენი 1-ელი ხარისხის 1904
  • წმინდა გიორგი ოქროს ხმალი, "მამაცობისთვის," 1904

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაქორწინებული იყო მარიამ ალექსანდრეს ასულ ორბელიანზე (1868–1915). მათი შვილები იყვნენ:

  • ირაკლი გ. ორბელიანი (1890–1937), სამოქალაქო ცერემონიით დაქორწინდა არიადნა დიმიტრიევნა რიმსკი-კორსაკოვაზე (1899-?); შთამომავლობა არ დარჩა
  • მარიამ გ. ორბელიანი (1899–1947), ცოლად გაჰყვა თავად ნიკოლაი (თენგიზ, თათარხან) ალექსანდრეს (ციოყის) ძე დადეშქელიანს (1893–1961 წწ.).

გიორგი ორბელიანი იყო პოეტ გრიგოლ ორბელიანის ძმისშვილი და პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძაშვილი. აქტიური როლი შეასრულა ბარათაშვილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებაში.

გიორგი ასევე იყო ერეკლე II-ის შთამომავალი ორი მხრიდან და გიორგი XII-ის შვილთაშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ილიას ძე ორბელიანისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]