დადიშქელიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Galovani and Dadeshkeliani coa.png

დადიშქელიანები, დადეშქელიანები, ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII-XIV საუკუნეებიდან.

XVIII საუკუნეში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დაძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები, დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ბალსქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს, რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა-ციოყი († 1812) იყო.

შინააშლილობის გამო დადიშქელიანების სამთავრო XIX საუკუნის 20-იან წლებში ორად გაიყო. 1833 წელს დადიშქელიანებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. მეფის მთავრობამ ციოყი (მიხეილი) ჩუბეხევის, ხოლო თათარყანი (ნიკოლოზი) - ეცერ-ცხუმარბეჩოს მფლობელად ცნო. რუსეთის მფარველობაში შესული დადიშქელიანები თვითონ მართავდნენ თავიანთ სამფლობელოს და მეფის მოხელეებს ნაკლებად ემორჩილებოდნენ. 1841 წელს მეფის არმიაში მყოფი ციოყი ჩრდილოეთ კავკასიაში მთიელებთან ბრძოლაში დაიღუპა. თართაყანმა ციოყის მემკვიდრეების - კონსტანტინეს, ალექსანდრეს, ისლამის, თენგიზისა და ციოყის მეურვეობის უფლება მოითხოვა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. თათარყანის გარდაცვალების (1850) შემდეგ, 1855, ისლამ და თენგიზ დადიშქელიანებმა მოკლეს თათარყანის მემკვიდრე ჯანსუღი. 1857 წელს მეფის მთავრობამ სამთავრო გააუქმა და ჩუბეხევის დადიშქელიანები სამუდამოდ რუსეთის შორეულ გუბერნიაში გადაასახლა, ეცერ-ცხუმარბეჩოს მფლობელ დადიშქელიანებს კი ძველი უფლებები ჩამოართვეს და რიგით მემამულეებად გამოაცხადეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გასვიანი გ., სვანეთის საეკლესიო კრებათა მეორე მატიანე, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1972, № 2;
  • ქსე, ტ. 3, გვ. 331, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]