ბიჭვინთის ფიჭვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიჭვინთის ფიჭვი
Coastal forest.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ფიჭვისებრნი
ლათინური სახელი
Pinus pithyusa

ბიჭვინთის ფიჭვი (Pinus pithyusa) — მცენარე ფიჭვის გვარისა. 25-40 მ-მდე სიმაღლის, სწორტანიანი, გაშლილვარჯიანი ხეა. აქვს 10-16 სმ სიგრძის ღია მწვანე ფერის წყვილწყვილად მჯდომი წიწვები, კვერცხისებრ-კონუსისებრი მოწითალო-წაბლა და პრიალა გირჩები (სიგრძით 6-10 სმ), რომლებიც ან მარტოულია, ანდა ორად ან ოთხად შეკრებილია და თითქმის მჯდომარე. ბიჭვინთის ფიჭვი მესამეული პერიოდის რელიქტია, კავკასიის ენდემი. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროებზე ანაპის მიდამოებიდან (კრასნოდარის მხარე) ფსირცხამდე (აფხაზეთი) და სამხრეთ ყირიმში. გვხვდება ზღვის დონიდან 300-400 მ-ზე, თუმცა ფსირცხაში 900 მ აღწევს.

იზრდება როგორც ზღვისპირული ვაკის ნიადაგზე (ბიჭვინთის კონცხი), ისე მთის კალთების ღორღიან თხელ ნიადაგზე და კირქვებზე; ბიჭვინთის კონცხე 298,7 ჰა-ზე ქმნის წმინდა ერთასაკოვან კორომს, რომლის ნაწილი ბიჭვინთის ფიჭვის ნაკრძალს წარმოადგენს. წმინდა კორომს ქმნის იგი ჯანხოთშიც (გელენჯიკის რაიონი). მთის კალთებზე ბიჭვინთის ფიჭვის მცირე კორომები მუხის სარტყელშია მოქვეული. აქ შერეულია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა და სხვა ფოთლოვანი ჯიშები. ბიჭვინთის ფიჭვი სწრაფმზარდი, სინათლისა და სითბოს მოყვარული, მეტ-ნაკლებად გვალვა- და ქარგამძლე ჯიშია; ეგუება ნიადაგის სუსტ დამლაშებას, ნაკლებად უძლებს ყინვას. თესლმსხმოიარობას იწყებს 10-15 წლის ასაკში.

დეკორატიულია და ფართოდ გამოიყენება ბაღ-პარკების მოსაწყობად შავი ზღვის სანაპიროს საკურორტო ზოლში და ნაწილობრივ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. იყენებენ აგრეთვე ტყის გასაშენებლად. მისი მერქანი უფრო ნაკლები ღირსებისაა, ვიდრე ჩვეულებრივი ფიჭვისა. სამხრეთ ყირიმში იზრდება მისი სახესხვაობა (Pinus pithyusa var. stankewiczi), რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი ცალკე სახეობად (Pinus stankewiczi) მიიჩნევს.

ლიტერატურა[რედაქტირება]