ბედლენდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბედლენდი
ბედლენდური რელიეფი

ბედლენდი (ინგლ. bad lands — ცუდი მიწები) — ძლიერ დასერილი, ძნელად სავალი და მიწათმოქმედებისათვის გამოუსადეგარი დაბალმთიანი რელიეფი. შედგება დატოტვილი ხევების რთული ქსლისა და მათი გამყოფი ვიწრო თხემებისაგან. ყალიბდება უმთავრესად მშრალი ჰავის პირობებში კოკისპირული წვიმის ღვარების მიერ წყალგაუმტარი თიხოვანი ქანებით აგებული ზედაპირის გარეცხვის შედეგად.

გავრცელებულია ძირითადად მთიან-უდაბნო და ნახევარუდაბნო რაიონებში. ნიადაგის არარაციონალური დამუშავებისა და მთის ტყეების გაჩეხის შედეგად.

წარმოიქმნება აგრეთვე სტეპებსა და ტყესტეპებში. კლასიკური ბედლენდი განვითარებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, კლდოვანი მთების აღმოსავლეთ მთისწინეთში. ბედლენდური ტერიტორიები არსებობს ასევე სასკაჩევანისა და ალბერტის პროვინციებში (კანადა). ბედლენდური რელიეფი ფიქსირდება ასევე ახალ ზელანდიაში, ყაზახეთში და სხვ.

გასულ საუკუნეში ქართულ ლიტერატურაში ისმოდა ტერმინი „ღრატოიანი ადგილი“, რომელშიაც გულისხმობდნენ სწორედ ისეთ რელიეფს, რომელიც „ბედლენდს“ შეესაბამება.

მიუხედავად რამდენიმე გეოგრაფის მცდელობისა, ღრატოიანი რელიეფი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არ დამკვიდრებულა.

აღსანიშავია, რომ „ღრატოიანი“ ადგილის შესახებ მითითებული აქვს აგრეთვე ქართველ გეოგრაფს ვახუშტის. თუმცა იგი არ იძლევა ამ ტერმინის განმარტებას, მაგრამ წინადადებაში აშკარად ჩანს, რომ „ღრატოიანი“ ადგილი სწორედ ბედლენდურ რელიეფს გამოხატავს. ასე მაგალითად, ვახუშტი ერთ ადგილას წერს:

ვიკიციტატა
„ხოლო არს ქვეყანა ესე ფრიად მრავალ და დიდროვან მთიანი, კლდიანი, ხევიანი, ღრატოიანი; ან კიდევ "და ამ საზღვართა შორისი არს სამცხე, შიგნით მთიანი, გორიანი, ღრატოიანი, ხევიან კლდიანი.“

ვახუშტი ძლიერ დანაწევრებულ რელიეფზე „ღრატოიან“ ადგილებზე საუბრობდა, რაც ახლანდელი გაგებით ბედლენდს შეესაბამება.

საქართველოში ბედლენდური წარმონაქმნები გვხვდება ქართლსა და გარეკახეთში.

ბედლენდის ქართული სინონიმია ასევე ალქატი მიწები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 266, თბ., 1977 წელი.;
  • საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები, ტ. V.თბ., 1959;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, სტალინის სახელობის თსუ გამოცემა, თბ., 1941.