ახალზელანდიური სელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალზელანდიური სელი

ახალზელანდიური სელი (Phormium tenax), მარადმწვანე მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს ხორცოვანი მსხვილი ფესურა, მოკლე ღერო, მრავალრიცხოვანი შუბისებრი ფოთლები. ფოთლის როზეტიდან ვითარდება საყვავილე ისარი, რომელსაც მრავალი წითელი (ზოგიერთ ფორმას კი ყვითელი) სურნელოვანი ყვავილი გამოაქვს. ნაყოფი სამწახნაგოვანი კოლოფია, რომელშიც 100—150 შავი ბრტყელი თესლია. ახალზელანდიური სელი ტენიანი სუბტროპიკული ქვეყნების მცენარეა. მრავლდება როგორც თესლით, ისე ვეგეტატურად (ბუჩქის დაყოფით). სრულმოსავლიანობას აღწევს დარგვიდან 7—9 წლის შემდეგ. ფოთლის მოსავალს იღებენ ორ წელიწადში ერთხელ. ახალზელანდიური სელის ფოთლის ჭურჭელბოჭკოვანი კონები შეიცავს მაგარ, მაგრამ მტვრევად ბოჭკოს, რომლისგანაც ამზადაბენ პრეზენტს, საზღვაო ბაგირებს, ხეზებს, იყენებენ ქაღლდისა და ცელულოზის წარმოებაში. ახალზელანდიური სელი იზრდება ახალი ზელანდიისა და ნორფოლკის კუნძულებზე. XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში შემოიტანეს, როგორც დეკორატიული და ტექნიკური მცენარე მოშენებულია შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ბათუმიდან ტუაფსამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 84, თბ., 1977